აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი დაიწყო. ამის თაობაზე ინფორმაციას და ფოტოებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აქვეყნებს.

მტაცებელ ფრინველთა საშემოდგომო მიგრაციაზე დასაკვირვებლად რეგიონს ორნითოლოგები და ეკოტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ.
ბათუმის შემოგარენი, "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება.

აჭარა მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, შედეგად რეგიონი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.


ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლები - სახალვაშო და ჩაისუბანი, საუკეთესო ადგილია მათთვის, ვინც მტაცებელი ფრინველების ეკოლოგიისა და მიგრაციის შესახებ ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებს.

აქ ფრინველებზე დაკვირვებისათვის პლატფორმებია მოწყობილი და მათთან მისასვლელი ბილიკებიც მარკირებულია. გარდა ამ სოფლებისა,რეგიონში ფრინველებზე დაკვირვება ასევე შესაძლებელია მტირალას ეროვნულ პარკში (აქ მოწყობილია სადამკვირვებლო პლატფორმა), ისპანის ჭაობზე (ქობულეთის დაცული ტერიტორიები) და ჭოროხის დელტაზე (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი).