ავტორი:

"უსაშინელესი პროცესები მიმდინარეობს აფხაზეთსა და ცხინვალში... უნდა ვყვიროდეთ, თუმცა..." - რუსეთი საქართველოს ტერიტორიების საბოლოოდ მიერთებისთვის ემზადება?!

"უსაშინელესი პროცესები მიმდინარეობს აფხაზეთსა და ცხინვალში... უნდა ვყვიროდეთ, თუმცა..." - რუსეთი საქართველოს ტერიტორიების საბოლოოდ მიერთებისთვის ემზადება?!

აფხაზებს შორის უკვე შენელდა ვნებათაღელვა, რომ რუსეთმა შესაძლოა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი დაუთმოს საქართველოს კონფედერაციული მოდელით და ახლა სოხუმში ახალი შეშფოთების მიზეზი აქვთ - რუსული პასპორტების გამარტივებულად დარიგების გამო ოპოზიციური მედია წერს, რომ ეს არის "სისტემური კოლონიზაცია" ფორმალური ანექსიის გარეშე, რაც აფხაზეთს რუსეთის რიგით პროვინციად აქცევს.

8 აგვისტოს, 2008 წლის ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, ოფიციალური თბილისისა და მოსკოვის განცხადებების შემდეგ აფხაზი ჟურნალისტი, "ჩეგემსკაია პრავდის" რედაქტორი ინალ ხაშიგი ამბობს, რომ "თბილისში უკვე აღარ ელიან, რომ რუსეთი მათ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს "აჩუქებს". სულ რაღაც ერთი წლის წინ "ქართული ოცნება" და მისი ლიდერები სრულიად განსხვავებულ განწყობებს ახვევდნენ თავს ქართველ საზოგადოებას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შერიგების ვადაც კი დაასახელა - მან პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გაწევრდება "აფხაზ და ოს ძმებთან ერთად", ახლა კი კობახიძის განცხადებას "პესიმიზმი დაეტყო".

"შესაძლოა მაშინ რუსეთთან ურთიერთობების დათბობის ფონზე "მეოცნებეებს" ნამდვილად სჯეროდათ, რომ მოსკოვი საქართველოს დაეხმარებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაში, თუმცა ქართველების ოცნებები განულდა. თბილისი ხვდება, რომ პრობლემის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია. რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველა ძალა უკრაინისკენ არის მიმართული, ნამდვილად არ დატოვებს აფხაზებსა და ოსებს მხარდაჭერის გარეშე. ილუზია, რომ კრემლი საქართველოს "მისცემს" სასურველ ტერიტორიებს, 2024 წლის ბოლოს გაქრა", - აფხაზი ჟურნალისტის ამ მოსაზრებას გამოცემა "ჯემნიუსი" ავრცელებს.

მთელი 2024 წლის განმავლობაში სოხუმში კამათობდნენ, მიმდინარეობდა თუ არა მათ ზურგს უკან ფარული მოლაპარაკება რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის დათმობაზე. ამ თემის ერთ-ერთი აქტიური მიმომხილველი იყო ინალ ხაშიგი, რომელმაც პირველად გამოთქვა ვარაუდი, რომ კონფედერაციის შესახებ იყო ფარული მოლაპარაკება და მოსკოვი თბილისისგან სანაცვლოდ ითხოვდა საგარეო ვექტორის შეცვლას, უარს ევროკავშირსა და ნატოზე.

ამჯერად აფხაზეთში კონფედერაციაზე შიში ჩაცხრა, თუმცა გაჩნდა ახალი ვნებათაღელვა. ივლისის ბოლოს რუსეთმა აფხაზებისა და ოსებისთვის გაამარტივა რუსეთის მოქალაქეობის მიღება, მსურველს არც რუსული ენის ცოდნა სჭირდება და არც რუსეთში ცხოვრების 5-წლიანი ვადა, ყველა მიიღებს რუსულ პირადობის მოწმობას და პასპორტს. ასევე რუსეთის ტერიტორიაზე აიკრძალა აფხაზური მართვის მოწმობები და დაიწყო რუსული მართვის მოწმობების გაცემა აფხაზეთის ტერიტორიაზე.

"რუსეთი მოქმედებს ისე, რომ არ აცხადებს ოფიციალურ ანექსიას, მაგრამ თანდათან იღებს კონტროლს აფხაზეთის სუვერენიტეტის საკვანძო ელემენტებზე - დოკუმენტებზე, საზღვრებზე, უფლებებსა და მმართველობით მექანიზმებზე... ეს არის რბილი კოლონიზაცია ფორმალური ანექსიის გარეშე... ტანკების გარეშე მიმდინარეობს აფხაზეთის ინფრასტრუქტურული ოკუპაცია", - წერს ოპოზიციური გამოცემა "აიაშარა".

  • "ეს ოკუპაცია კი არა, სრული ანექსიაა"

პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი: - ჩვენ უნდა გავყოთ ორი პოზიცია: რას ფიქრობენ აფხაზები და რას ფიქრობენ ქართველები. ქართველ საზოგადოებაში დომინანტურია განცდა, რომ ჩვენ რუსეთი არაფერს დაგვითმობს. პირიქით, რუსეთს უნდა საქართველო ჩაიგდოს ხელში დაკარგული ტერიტორიების გათვალისწინებით. რუსეთი არ დაგვიფასებს "ოცნების" პრორუსულ პოლიტიკას და არც ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას აპირებს. "ოცნებასაც" ესმის ეს და ამიტომ ლაპარაკობენ მშვიდობაზე, ომის არარსებობაზე, დასავლეთის მიერ მეორე ფრონტის გახსნაზე, აფხაზეთის დაბრუნებაზე კი არავინ იღებს ხმას. გააგრძელეთ კითხვა