ავტორი:

ჩინეთი ბირთვულ არსენალს ზრდის - რას აცხადებს კომუნისტური რეჟიმი და რა წერია პენტაგონის ანგარიშში?

ჩინეთი ბირთვულ არსენალს ზრდის - რას აცხადებს კომუნისტური რეჟიმი და რა წერია პენტაგონის ანგარიშში?

როგორც ამერიკელი სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, ტრადიციული სამხედრო შეიარაღების ზრდის ტემპებთან ერთად, ჩინეთი, სავარაუდოდ, ბირთვული არსენალის რაოდენობის გაზრდასაც შეუდგა, რაც პირველ რიგში სი ძინპინის მიერ გაცემული იმ მითითებას უკავშირდება, რომლის თანახმად 2027 წლისთვის ჩინეთის არმია ტაივანის დაკავებისთვის უნდა იყოს მზად.

ჩინეთის ოფიციალურ პირებს არაერთხელ გაუმეორებიათ დაპირება, რომ ქვეყანა ბირთვულ იარაღს არასდროს, არავითარ შემთხვევაში პირველი არ გამოიყენებდა და არ დაემუქრებოდა ამ იარაღის გამოყენებით იმ სახელმწიფოს, რომელსაც ბირთვული იარაღი არ გააჩნია.

ბირთვული შეიარაღების ზრდასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ “ბირთვულ ომში ვერავინ გაიმარჯვებს და ის არ უნდა დაიწყოს.“

მათი თქმით, ჩინეთი მისდევს “თავდაცვის ბირთვულ სტრატეგიას და კვლავ იცავს "პირველად არ გამოყენების" პოლიტიკის პრინციპებს .“

თუმცა პენტაგონის მიერ ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობებზე მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად ჩინეთის საჯარო პოზიციისა, მისი სტრატეგია, სავარაუდოდ, მოიცავს ასევე ბირთვული იარაღის პირველადი გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ თავდასხმები ტრადიციული იარაღის გამოყენებით, საფრთხეს შეუქმნის მის ბირთვულ ძალებს, სარდლობასა და მართვის სისტემებს ან მიაღწევს ბირთვული დარტყმის ეფექტის ტოლფას შედეგს. ასევე, სავარაუდოა, რომ პეკინი ბირთვულ იარაღს პირველად გამოიყენებს, თუკი ტაივანში სამხედრო მარცხი “სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის კომუნისტური რეჟიმის არსებობას“.

თავის მხრივ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ იგი ეწინააღმდეგება “ნებისმიერ მცდელობას, გაზვიადებულად წარმოაჩინონ ჩინეთიდან მომავალი ბირთვული საფრთხე, იმ მიზნით, რომ შეილახოს ქვეყნის რეპუტაცია და განზრახ შეცდომაში შეიყვანონ საერთაშორისო საზოგადოება".

ბირთვული სახელმწიფოს შორის ჩინეთი ყველაზე სწრაფად აფართოებს და ახლებს ბირთვული იარაღის არსენალს, დღესდღეობით მას უკვე 600 ბირთვული ქობინი და 712 გამშვები დანადგარი გააჩნია ხმელეთზე ბაზირებული რაკეტებისთვის, აქედან 462-ს შეუძლია იმ რაკეტების გაშვებაც, რომლებიც “შეერთებული შტატების კონტინენტს“ მიღწევას შეძლებენ.

პენტაგონის ანგარიშის მიხედვით, 2030 წლისთვის ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის განკარგულებაში უკვე 1 000-ზე მეტი მოქმედი ბირთვული ქობინი იქნება.

წყარო