ავტორი:

კლარა ცეტკინისა და როზა ლუქსემბურგის სიყვარულის ისტორიები - რა ვიცით ქალებზე, რომლებმაც 8 მარტი ქალთა დღედ აქციეს

კლარა ცეტკინისა და როზა ლუქსემბურგის სიყვარულის ისტორიები - რა ვიცით ქალებზე, რომლებმაც 8 მარტი ქალთა დღედ აქციეს

ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს მსოფლიო ას წელზე მეტია აღნიშნავს. თავიდან ეს დღე სოციალისტის, გერმანელი კლარა ცეტკინის ინიციატივით აღინიშნა დანიაში, კოპენჰაგენში, ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირში კი ის სახელმწიფო დღედ გადაიქცა.

არაერთ ქვეყანაში ეს დღე კვლავ აღინიშნება, ბევრგან ის დასვენების დღეა. მართალია, არის მოსაზრება, რომ ამერიკელი ფეიქრები არიან ჭეშმარიტი დამფუძნებლები 8 მარტისა (ეს ისტორია 1857 წელს დაწყებულა), მაგრამ ის მაინც კლარა ცეტკინთან დაკავშირებულ დღედ რჩება.

კლარა ცეტკინისა და როზა ლუქსემბურგის სახელები დღევანდელი ახალგაზრდობისთვის ნაკლებად ცნობილია. ის, ვინც საბჭოთა სკოლებში სწავლობდა, ამ ორ ქალბატონს გულმხურვალე რევოლუციონერებად იცნობენ. თუმცა, ორივე მათგანის პირადი ცხოვრება, მათი პოლიტიკური საქმიანობის მსგავსად, ძალიან მგზნებარე და ვნებით აღსავსე იყო.

კლარა ცეტკინი

ლაიფციგის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული 18 წლის კლარა აისნერისგან ბრწყინვალე პედაგოგი ვერ დადგა, როგორც ამას მისი მასწავლებლები იმედოვნებდნენ. გამოსაშვები საღამოდან რამდენიმე თვეში გოგონა სოციალურ-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანდა. მშობლები შოკში იყვნენ და მისი შინაპატიმრობით დასჯაც სურდათ, მაგრამ კლარას მტკიცე ნებისყოფა აღმოაჩნდა. მისი იდეოლოგი, ოდესელი პოლიტიკური ემიგრანტი ოსიპ ცეტკინი თანასწორუფლებიანობის შესახებ ისე მჭევრმეტყველობდა, რომ გოგონა მას თვალს ვერ წყვეტდა.

ის ლამაზი არ იყო, თუმცა ინტელექტი ძალიან მიმზიდველს ხდიდა. როდესაც მიხვდა, რომ კლარას შეუყვარდა, მისგან თავი შორს დაიჭირა. კლარა კი დანებებას არ აპირებდა. მალე ის "ველურადაც" მონათლეს. ეს ზედმეტსახელი მას მეგობრებმა იმ გზნებისთვის შეარქვეს, რომელსაც ის რევოლუციური იდეების გავრცელებაში იჩენდა.

1880 წელს ოსიპი გერმანიიდან გააძევეს, ის საფრანგეთში გადავიდა. კლარა კი პარტიულ დავალებებს ავსტრიასა და შვეიცარიაში ასრულებდა. ის საყვარელ მამაკაცთან ჩასვლას ცდილობდა, მაგრამ პარიზში გამგზავრების ნებართვა მხოლოდ 2 წლის შემდეგ მიიღო. მან მალევე იპოვა ოსიპი, საცხოვრებლად მასთან გადავიდა და ცეტკინის გვარიც მიიღო, თუმცა მათი ქორწინება ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა.

ოსიპი თავს დროებითი სამუშაოთი ირჩენდა, მაგრამ კლარას სირთულეები არ აშინებდა. მათ ორი შვილი ეყოლათ. კლარამ დროებით პოლიტიკური მოღვაწეობა მიატოვა და ერთდროულად სამ სამსახურში მუშაობდა. როდესაც ოსიპი ტუბერკულოზით გარდაიცვალა, კლარა 32 წლის იყო, თუმცა 45 წლის ქალს ჰგავდა.

ქმრის გარდაცვალების შემდეგ კლარა შვილებთან ერთად გერმანიაში დაბრუნდა. ის შტუდგარდში დაბინავდა, სადაც გაზეთ "თანასწორობის" პასუხისმგებელი მდივანი გახდა. გამოცემის ბიუჯეტი მუდმივი მხატვრის დაქირავების საშუალებას არ იძლეოდა, ამიტომ კლარა დროებით სამუშაოს აკადემიის სტუდენტებს სთავაზობდა. ასე გაიცნო მან 18 წლის მხატვარი გეორგ ფრიდრიხ ცუნდელი.

სიყვარულს მოწყურებული 36 წლის ქალი ახალგაზრდა მხატვრის მიმართ ძლიერ ლტოლვას განიცდიდა. ლტოლვას ვაჟის მხრიდან ინტერესიც აღვივებდა. შესაძლოა, გეორგი მასთან მხოლოდ დროებით ურთიერთობას აპირებდა, მაგრამ კლარამ მისი შენარჩუნება შეძლო. მათ იქორწინეს და ეს ქორწინება ძალიან ბედნიერი აღმოჩნდა. მათ სტაბილური სამსახური, დიდი სახლი და მთელ ოლქში პირველი ავტომობილი ჰყავდათ. 20-წლიანი ქორწინების შემდეგ გეორგმა განქორწინება ითხოვა: მას ახალგაზრდა პაულუ ბოში შეუყვარდა. გეორგი საყვარელ ქალზე დაქორწინებაზე ოცნებობდა, კლარა კი მას არ უშვებდა, თუმცა ხვდებოდა, რომ 58 წლის ქალი 40 წლის მეუღლის შეჩერებას ვერ შეძლებდა. გეორგმა კლარა მაინც მიატოვა, განქორწინება კი ოფიციალურად მხოლოდ 11 წლის შემდეგ მიიღო.

მოგვიანებით მოხუცი კომუნისტი კლარა ცეტკინი მუშა ქალბატონებთან შეხვედრებზე სქესისა და ქორწინების საკითხებს ხშირად განიხილავდა. "ძველი გრძნობებისა და ფიქრების სამყარო ყოველთვის იმსხვრევა", - ამბობდა კლარა.

როზა ლუქსემბურგი

როზა ლუქსემბურგი პოლონელი ებრაელების შეძლებულ ოჯახში მეხუთე შვილი იყო. არაპროპორციული აღნაგობა, დაბალი ტანი და დაბადების დროს მენჯის ამოვარდნის შედეგად კოჭლობა, იმ მიზეზთა ჩამონათვალია, რომელთა გამოც ის დაკომპლექსებულ ადამიანად ჩამოყალიბდა, თუმცა ოჯახში ის ყველაზე საყვარელი შვილი იყო. შესაძლოა, პოლიტიკაში მისი წასვლა ამ ნაკლმა განაპირობა. იქ მასში ხედავდნენ არა ქალს, არამედ ჭკვიან და საიმედო თანამშრომელს.

1890 წელს 19 წლის როზამ ლიტველი ემიგრანტი ლეო იოგიხესი გაიცნო. სიმპათიური ახალგაზრდა სოციალიზმის იდეების პროპაგანდას ეწეოდა. თუმცა გოგონა მისი პიროვნებით უფრო იყო დაინტერესებული. ის მზად იყო რევოლუცია დაევიწყა და მისი მორჩილი ცოლი გამხდარიყო. ლეო თავისუფალი ურთიერთობების მომხრე აღმოჩნდა, ქორწინებას კი ბურჟუაზიული წარსულის გადმონაშთად მიიჩნევდა. ქალების მოყვარულ ლეოს რომანი ნაკლებად აინტერესებდა, მაგრამ პატივსაცემი, მტკიცე რევოლუციონერის ბრმა თაყვანისცემა მას ძალიან იზიდავდა.

პოლიტიკურ საქმეებში მკაცრი როზა საყვარელ მამაკაცს ძალიან ლირიკულ წერილებს სწერდა. 16 წლის შემდეგ როზამ საკუთარ თავში იოგიხესთან ურთიერთობის გაწყვეტის ძალა იპოვა - ის მუდმივმა გაურკვევლობამ დაღალა.

როზა მთელი არსებით სამუშაოს მიეცა. აქტიური საქმიანობის გამო ხშირად გისოსებს მიღმა ხვდებოდა. ერთ-ერთ პროცესზე მას იურისტი პაულ ლევი იცავდა. ლუქსემბურგმა თავი ვერ შეიკავა და 12 წლით უმცროსი ადვოკატი აცდუნა.

როზას ბოლო სიყვარული კლარა ცეტკინის მეგობრისა და თანამებრძოლის ვაჟი კოსტია აღმოჩნდა. 14-წლიანი სხვაობა თავიდან უხერხულობას მათ არ უქმნიდა. 22 წლის კოსტია როზას მგზნებარე გამოსვლებმა მოხიბლა. მას კი მოეჩვენა, რომ 36 წლის ასაკში ნამდვილი ქალური ბედნიერება იპოვა. ხუთწლიანი ვნებიანი რომანის შემდეგ კოსტიამ როზასთან ურთიერთობა გაწყვიტა. როზა ყველანაირად ცდილობდა საყვარლის შენარჩუნებას, მაგრამ კოსტია მაინც სხვა ქალთან წავიდა. მამაკაცებით იმედგაცრუებულმა როზამ კი მთელი დარჩენილი სიცოცხლე პოლიტიკას მიუძღვნა.