24 აგვისტოს იყო დაბადებული - 70 წლის უნდა გამხდარიყო, 21-ში კი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად საოცარი სიმღერების ავტორი და შემსრულებელი მამუკა ჩარკვიანი გარადიცვალა.
რა არის შემოქმედის დანიშნულება, თუ არა ის, რომ თავისი ნამუშევრებით თითოეულ ადამიანამდე მივიდეს, გული გაუთბოს, დააფიქროს, სიყვარულის, სიკეთის გრძნობა გაუღვივოს... მამუკა ჩარკვიანმა ეს შეძლო...
რატომ? გულით ქმნიდა, უყვარდა, იცოდა, რასაც აკეთებდა და ამ ყველაფერში რაც მთავარია, იყო გულწრფელი.

"მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვისაც უყვარს ჩემი შემოქმედება, ვინც უსმენს ჩემს სიმღერებს და გრძნობს მის სიღრმეებს. თითოეული სიმღერა ამბავს ჰყვება, ზოგი - სიყვარულზე, ზოგი - სიკეთეზე, ზოგი - მეგობრობაზე, თუმცა ყველა მათგანში უდიდესი სევდაა, სევდა, რომელიც თანმდევია ჩემი ცხოვრების. ბევრი სირთულის მიუხედავად, ცხოვრება მაინც მშვენიერია, როცა გიყვარს და როცა ათასფრად ადღესასწაულებ მას შენს წარმოსახვაში. უფლება არ გვაქვს, ხელი ჩავიქნიოთ. ბედნიერი ვარ, როცა ჩემი სიმღერა მოდის თქვენ გულებამდე... მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს, გაუფრთხილდით და გიყვარდეთ ერთმანეთი, საკუთარ თავში ეძიეთ ძალა, რომელიც გასწავლით, როგორ იყოთ უკეთესად, მიყვარხართ", - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში მამუკა ჩარკვიანი.

***
სცენაზე გვიან გამოვიდა, 40 წლის ასაკში, - ღელავდა, მაგრამ მაყურებლის ტაშმა, მხნეობა შესძინა. სცენაზე დადგომას მერაბ სეფაშვილს უმადლოდა, - ეს მერაბის წყალობით შევძელიო. მოკლედ პოპულარობა მის ცხოვრებაში მალევე მოვიდა.

მამის, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსები გამორჩეულად ააჟღერა... და აი, რა უთხრა მაშინ მამამ:
"ჯანსუღი ჩემს შემოქმედებას კრიტიკულად უდგებოდა, არ მეფიქრა იმაზე, რომ მაგარი ვიყავი. მამაჩემს სულ ეს აწუხებდა და ერთხელ მითხრა, - ქართველებს ეს ახასიათებთ, აგიყვანენ ასე ზემოთ, ხელებით, მერე ხელებს გაგიშვებენ და იქიდან სულ ბზრიალ-ტრიალით წამოხვალო. რატომ მეუბნები-მეთქი? არასდროს დაიჯერო, როცა გეტყვიან, მაგარი ხარო“.
მუზა მოდიოდა მაშინ, როცა რაღაც ძალიან კარგი ან ძალიან ცუდი ხდებოდა. ისიც წერდა, წერდა და წერდა...
"მშვიდობით, არა ნახვამდის“ - მისი ერთ-ერთი გამორჩეული ჰიტი გარდაცვლილი მეგობრის ხსოვნას მიუძღვნა. ასე იყო ყველა მისი სიმღერა, თითოეული რაღაცის შემდეგ იქმნებოდა.
"ადამიანი ნამუსიანი უნდა იყო, პირველ რიგში, შენ თავთან მართალი და მერე საზოგადოებასთან. არ შეიძლება ისე იცხოვრო, რომ საზოგადოებას და მის აზრს პატივი არ სცე. არ შეიძლება თქვა, მე ეს მინდა და არ მაინტერესებს თქვენი აზრი. "მინდა“ არ უნდა იყოს. მეც ბევრი რამ მინდა, მაგრამ ასე არ არის", - ესეც მისი სიტყვებია. პრეტენზიებს საჯაროდ არასდროს გამოთქვამდა და გამოხატავდა. სადარდებელი კი ბევრი ჰქონდა...
ბოლო წლებში ავადმყოფობდა, რაც მის შემოქმედებას დიდად არ დასტყობია, არ ჩერდებოდა, მაინც ქმნიდა და ქმნიდა ხარისხიან მუსიკას.
"მე არსად წასვლას არ ვაპირებ, 25 წელი გარანტირებულად აქ უნდა ვიყო“, - ამ სიტყვების შემდეგ, სამწუხაროდ, ისე გამოვიდა, რომ 8 წელი იცოცხლა...
"სიყვარული... სიყვარულია მთავარი, - უნდა გიყვარდეს მოყვასი შენი, შენ გვერდით მდგომი, მეგობარი უნდა გიყვარდეს, სიცოცხლე უნდა გიყვარდეს,“ - ამას სიყვარულით სულ ამბობდა.
"ბოლოს რაც დავწერე სიმღერა - "დაბრუნდი ჩემო სიყმაწვილევ, ჩემო ოცნებავ“... აი, ეს მენატრება! ყველას უნდა თავისი სიყმაწვილის დაბრუნება, მაგრამ ასეა სამყარო მოწყობილი - ის ერთხელ იყო და დარჩება ასე...
რომ შემეძლოს ბევრ რამეს გამოვასწორებდი... მაგრამ ზოგჯერ რომ ფიქრობ, ბურთი ძელს არ მოხვედროდა და გოლი იქნებოდაო, - ეს ადამიანმა მოიფიქრა, რომ გაამართლოს თავისი საქციელი,“ - ესეც ეპიზოდია მისი ინტერვიუდან.
კლინიკაში, ექიმებთან ვიზიტი ბოლო წლებში ხშირად უწევდა და ერთ-ერთი ვიზიტის შემდეგ ინტერვიუში სიცილით ასეთი ამბავი მომიყვა:
"დღეს კლინიკაში ვიყავი და ექიმმა ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატზე მითხრა, - მე მაგას ხმას არ მივცემო. ამას-მეთქი? - სხვაზე ვუთხარი. - არც მაგასო. - აბა, ვის უნდა მისცე ხმა-მეთქი? ხმას შენ მოგცემდი სიამოვნებითო. - მე კენჭს არ ვიყრი-მეთქი. - იყარე მამუკა და დარწმუნებული ვარ, ხმებს დააგროვებო... ასე რომ, თუ კარგად ვიქენი, ექიმის რჩევას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გავითვალისწინებო..."
როდესაც მამაზე ეკითხებოდნენ, ამბობდა, - ჯანსუღი ძალიან კარგი პოეტი და პუბლიცისტიაო:

"მამას აქვს მშვენიერი მოთხრობები, რომლებიც ხალხს, სამწუხაროდ, არ წაუკითხავს. კითხულობენ იმას, რაც გავამუსიკე - "თავისუფლება ლომთა ხვედრია“ ან ამას: "მაღლა და მაღლა, ნაცრისფერ გზებზე შენს თვალებს ვუმზერ"; "სინათლის მთები მობრუნდა წაღმა, დაუბნევიათ მიხაკი გულზე“. მაგრამ მიხაკის გულზე დაბნევა რას ნიშნავს და რატომ ებნიათ სიმბოლისტებს მიხაკი მკერდზე, ეს ცოტამ თუ იცის“... ისე, კაცს თუ წიგნი არ წაგიკითხავს, ვერც სიმღერის გემოს გაიგებ“, - დასძენდა მამუკა...
შემოქმედი ადამიანები სხვებისგან თავიანი საქციელით ხშირად გამოირჩევიან და არც მამუკა ჩარკვიანი იყო გამონაკლისი...
ერთხელ მეტროპოლიტენის სადგურში ჩავიდა, სადაც ახალგაზრდა ბიჭი "ბითლზის“ სიმღერებს მღეროდა. მოსაწევად რომ გავიდა, მამუკა დაჯდა, აიღო მისი გიტარა და ამღერდა. გაჩერდა ხალხი, გადაირია... "რას უდგახართ, ფული ჩაყარეთო,“- უთხრა გამვლელებს... ბიჭი რომ დაბრუნდა, გარკვეული თანხა დაახვედრა. "მომინდა და გავაკეთე, მაგრამ, იმედია, მეტროპოლიტენის სადგურში მეტად ვეღარ მნახავთ", - ამბობდა მუსიკოსი.

***
თვითნასწავლი, თვითმყოფადი მუსიკოსი და ავტორ-შემსრულებელი იყო. ბავშვობაში დამოუკიდებლად ისწავლა სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა... 90-იან წლებში კი, როდესაც მთლიანად მუსიკას დაუთმო თავი, ბევრი სიმღერა შექმნა, რომელთა უმეტესობა მაშინვე გაჰიტდა. მამუკა ჩარკვიანის სიმღერებს სხვადასხვა თაობის მომღერლები ასრულებენ და ყველას ერთნაირად უყვარს ისინი.
***
"იცხოვრეთ სიყვარულით, იცხოვრეთ სინანულით და გწამდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - ეს სიტყვები კი მის ანდერძადაც შეიძლება მივიჩნიოთ.