ავტორი:

"უცხოელ მებრძოლთა დიდი ნაწილი უკვე საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა... ეს ქართველებს არ შეეხება" - რას ამბობს მამუკა მამულაშვილი პუტინ-ტრამპის შეხვედრასა და ფრონტზე

"უცხოელ მებრძოლთა დიდი ნაწილი უკვე საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა... ეს ქართველებს არ შეეხება" - რას ამბობს მამუკა მამულაშვილი პუტინ-ტრამპის შეხვედრასა და ფრონტზე

"ამერიკელი ლიდერები ბოლო პერიოდში ხშირად შეურაცხყოფენ მებრძოლებს, რომლებიც ყოველდღიურად ღვრიან სისხლს თავისუფლებისთვის“, - ამ განაცხადით ეხმაურება უკრაინაში მებრძოლი, ყველაზე დიდი უცხოური შენაერთის "ქართული ლეგიონის“ მეთაური, მამუკა მამულაშვილი უკრაინასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ტრამპის მიერ ორგანიზებული შეხვედრა უკრაინის საკითხში პირველი რეალური წინსვლაა წლების ჩიხის შემდეგ. მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმებისთვის რუსეთსა და უკრაინას ტერიტორიებზე დათმობა მოუწევთ, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება პუტინმა და ზელენსკიმ უნდა მიიღონ.

უკრაინული ტერიტორიების დათმობაზე ისაუბრა Fox News-თან ინტერვიუში ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმაც. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი საკუთარ ხედვებში რუსეთის ინტერესებზე ზრუნავს და მასზე შექმნილი მკაცრი იმიჯის მიუხედავად, რბილი და ფრთხილი მოსაუბრეა. მოლაპარაკებებში უკვე მიღებულია გარკვეული დეტალები: უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებსა და რუსეთის შეჭრის გამორიცხვას ითხოვს, რუსეთი კი - გარკვეული ტერიტორიების დაკანონებას, რაც მოლაპარაკებების მთავარ საკითხს წარმოადგენს.

"სინამდვილეში ტრამპის მხრიდან ომის დამნაშავე პუტინთან შეხვედრა იყო და არის უკრაინის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის სახეში ჩაფურთხება“, - აღნიშნავს ქართველი მეთაური და ირწმუნება, რომ პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინის ტერიტორიების დათმობას არ დაუშვებს.

მამუკა მამულაშვილი:

- ძალიან ცუდია, რომ საერთაშორისო მასშტაბის კრიმინალთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, თან იმ ადამიანების ინტერესების გათვალისწინების გარეშე, რომლებიც ყოველ დღე სისხლს ღვრიან თავისუფლებისთვის.

შეერთებული შტატები დემოკრატიას ყველაზე დაბალ დონეზე აჩვენებს: როდესაც აგრესიის მსხვერპლის ბედი კულუარულ გარიგებებში წყდება და პრეზიდენტის ინსტიტუტი უბრალო ვაჭრობის ინსტრუმენტამდე დადის. პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა და ჩვენც გვჯერა, რომ უკრაინა ის არ დაეთანხმება ტერიტორიების დათმობაზე დაფუძნებულ შეთანხმებას, მისი პოზიცია უცვლელია, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ჯარების გაყვანა დღის წესრიგში არ დგას.

ტრამპის პრეზიდენტობამ უკრაინას მხოლოდ ზიანი მოუტანა. ახლა კი ის სამხედრო დამნაშავე პუტინს ხელახლა აბრუნებს საერთაშორისო სცენაზე და მის ლეგიტიმაციას ცდილობს.

პუტინზე ჰააგის სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდენია გამოცემული. ის არის ადამიანი, რომელმაც 16 ათასი უკრაინელი ბავშვი გაიტაცა.

- გასაგებია, მაგრამ თქვენ, პროფესიით დიპლომატიც ხართ და როგორ წარმოგიდგენიათ, მშვიდობის მიღწევა, თუნდაც საერთაშორისო მასშტაბის დამნაშავესთან დიალოგის გარეშე?

- პუტინი იმიტომ არის საერთაშორისო მასშტაბის დამნაშავე, რომ ის არ ცნობს საერთაშორისო სამართალს, უაპელაციოდ არღვევს მისივე დადებულ პირობებს, მას არ აქვს მორალი. შეთანხმებას, რომელსაც პუტინი აფორმებს, იმ ფურცელზე მეტი ფასი არ აქვს, რომელზეც შეთანხმება წერია. ერთადერთი გზა, რომ ეს ომი დასრულდეს, რუსეთის დამარცხებაა - სხვა გამოსავალი უბრალოდ არ ჩანს. ამერიკელი პრეზიდენტისგან იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა იმედიანად ვუყურებთ ევროპელი ლიდერების გამოფხიზლებას. რამდენიმე ევროპული ქვეყნის ერთობა უკვე თვალსაჩინოა, ისინი უკვე უკრაინისთვის ახალ უსაფრთხოების მექანიზმს განიხილავენ. საუბარია ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიებზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი შეხედვით, ევროპელები უკრაინის გარშემო კონსოლიდირდნენ, მაგრამ რეალურად საქმე ევროპის უსაფრთხოებასაც შეეხება, რუსეთი მთელ კონტინენტს უქმნის საფრთხეს.

თუ რუსეთი უკრაინის ოკუპაციას გაიფორმეს, მერწმუნეთ ევროპაში მალე უფრო დიდი სასტიკი ომის მომსწრეები გავხდებით. ფორმულირება - "დავეხმაროთ უკრაინას, რომ ის გადარჩეს“, ახლა ასე შეიცვალა, - "დავეხმაროთ უკრაინას, რომ გადარჩეს ევროპა“. სწორედ ამიტომ ევროპელი ლიდერები ცდილობენ, გაუმკლავდნენ აგრესიას და მხარი დაუჭირონ უკრაინას.

- ომის გაგრძელება უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს და მეტ მსხვერპლსაც მოიტანს. ფიქრობთ, რომ ოთხწლიანი სისხლის ღვრის შემდეგ უკრაინელ ხალხს კიდევ აქვს ბრძოლის გაგრძელების მოტივაცია?

- უკრაინელები მოტივირებულები არიან, იმიტომ რომ ისინი იცავენ არა უბრალოდ მიწას, არამედ საკუთარ ოჯახებს, შვილებს... ამიტომ ბუნებრივია, რომ არაფრის დათმობას არ აპირებენ. ჩვენც მათ გვერდით ბოლომდე ვიდგებით. არც პრეზიდენტ ზელენსკის, ან რომელიმე არც სხვა პოლიტიკოსს არ აქვს უფლება მიწები დათმოს - ამის საშუალებას უკრაინის კონსტიტუცია არ იძლევა. ხალხი კი ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევის საშუალებას არავის არ მისცემს. პუტინის მოთხოვნები აბსურდულია, იმიტომ ეს პირდაპირ მოითხოვს კონსტიტუციის დარღვევას. ამიტომ ცხადია, მოლაპარაკება ვერ შედგება.

- უკრაინელი ხალხის მოტივაცია გასაგებია, მაგრამ როგორია განწყობა, მაგალითად, უცხოელ მებრძოლებს შორის?

- უცხოელ მებრძოლთა დიდი ნაწილი უკვე საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა. "ქართულ ლეგიონში“, პრაქტიკულად, აღარავინ დარჩა. ისინი საშუალოდ სამი-ექვსი თვე რჩებიან, შემდეგ კი რთულ პირობებს ვეღარ უძლებენ და ტოვებენ უკრაინას. ბოლო პერიოდში ბევრი კოლუმბიელი ჩამოვიდა, თუმცა ჯერ არ ვიცით, რამდენ ხანს გაჩერდებიან.

- ლეგიონს ქართველებიც ტოვებენ?

- არა, ქართველებს ეს არ შეეხებათ, არც ლეგიონს ტოვებენ და არც ქვეყანას. ჩვენ უკრაინელებზე ნაკლები მოტივაცია არ გვაქვს ბრძოლისთვის. რუსეთი ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე ევროპელებისთვის. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ზიანი მივაყენოთ მტერს და იმდენად დავასუსტოთ, რომ საქართველოსთვის დიდხანს ვეღარ მოიცალოს. სხვათა შორის, უცხოელი მოხალისეების ადგილებს ქართველები აქტიურად იკავებენ. "ქართულ ლეგიონში“ რეკრუტირება არ ჩერდება - ქართველები მოდიან და ბოლომდე იბრძვიან. ეს აისახება შედეგებზეც და უკრაინელები ამას აფასებენ.

- როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ კიევში ქართველების მორიგი დაჯილდოება გაიმართა...

- ბოლოს პრეზიდენტის ჯილდოები მივიღეთ, ვოლოდიმირ ზელენსკის კონსტიტუციის დღეს, კიევში უნდა გადმოეცა, მაგრამ ჩვენ ფრონტის ხაზიდან ჩამოსვლა ვერ მოვასწარით და მოგვიანებით გადმოგვცეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა სახელმწიფო ჯილდოები მიიღეს. ეს უმაღლესი ჯილდოა, უკრაინის დაცვისთვის. მე ორმაგი მოქალაქეობა მაქვს, მაგრამ ჩემი ორივე მოადგილე ლევან ფიფი და ვანო ხახვიაშვილი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან და მათ შემთხვევაში ნამდვილად უპრეცედენტო დაჯილდოება იყო.

- რა ხდება ახლა ფრონტის ხაზზე?

- ისევ აქტიურ თავდაცვაში ვართ. რუსეთს ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი უზარმაზარი მსხვერპლის ფასად უჯდება.

- ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დონეცკის მიმართულებით ძალიან რთული სიტუაცია იყო...

- ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა - დონეცკის რეგიონში მდგომარეობა ისევ რთულია, თუმცა ბრძოლა გრძელდება. რუსეთს დღეს სერიოზული პრობლემები აქვს როგორც ცოცხალი ძალის შევსების, ისე ამუნიციის წარმოების კუთხით. ფინანსურადაც ყოველდღიურად სუსტდება. ამ ფონზე ხშირად გაუგებარია, რატომ არ ხდება საკმარისი ყურადღების გამახვილება ჩინეთის როლზე. რეალურად, რუსეთი დიდი კრიზისის წინაშე დგას და ყველანაირად ცდილობს ამ მძიმე ვითარებიდან გამოსავალს მიაგნოს. სამწუხაროდ, რჩება განცდა, რომ ამერიკელები ახლა მას გამოსავლის ძიებაში ეხმარებიან. ომის სურათი ბოლო პერიოდში ძალიან შეცვლილია, ეს არის ტექნოლოგიური ომი, რომელშიც უკრაინას უპირატესობა აქვს.

იხილეთ ასევე: