ავტორი:

იტალიაში უკრაინის მოქალაქე დააკავეს, რომელიც “ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაშია ბრალდებული - რა დეტალებზე წერს მედია

იტალიაში უკრაინის მოქალაქე  დააკავეს, რომელიც “ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაშია  ბრალდებული - რა დეტალებზე წერს მედია

21 აგვისტოს ღამით, იტალიაში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც გერმანიის პროკურატურა 2022 წლის სექტემბერში “ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში მონაწილეობას დებს ბრალად.

როგორც იტალიური სააგენტო ANSA იუწყება, მამაკაცი 49 წლისაა და ის იტალიაში ოჯახთან ერთად ისვენებდა.

სერგეი კ. სან-კლემენტეს პატარა ქალაქში, რიმინის მახლობლად დააკავეს. ამჟამად იგი ციხეში იმყოფება და ბოლონიის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც 2025 წლის 18 აგვისტოს გაცემულ დაკავების ევროპულ ორდერს განიხილავს, რის შემდეგაც მისი გერმანიაში ექსტრადიცია იგეგმება.

სერგეი კ.-ს ქონების დაზიანება და ანტიკონსტიტუციური საბოტაჟი ედება ბრალად.

გერმანიის პროკურატურის ვერსიით, ბრალდებული სავარაუდოდ იმ ოპერაციის კოორდინატორი იყო, რომლის ფარგლებში 2022 წლის სექტემბერში პირთა ჯგუფმა “ჩრდილოეთის ნაკადი-1“-სა და “ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაზსადენებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა.

  • პროკურატურის განმარტებით, სერგეი კ.-მ და მისმა თანამზრახველებმა ოპერაციისთვის იალქნიანი იახტა გამოიყენეს. გემი გერმანულ კომპანიისგან შუამავლების მეშვეობით, ყალბი დოკუმენტების საშუალებით იქირავეს.კუნძულ ბორნჰოლმისკენ გეზი კი როსტოკიდან აიღეს..

ვინ იდგა აფეთქების უკან

პირველ ეტაპზე უცნობი იყო, ვინ იყო აფეთქების ორგანიზატორი. დანიურმა, შვედურმა და გერმანულმა მხარეებმა გამოძიება დაიწყეს.

2023 წლის გაზაფხულზე დასავლურმა მედიამ, New York Times, Die Zeit და Washington Post-მა, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ შესაძლო კვალი პროუკრაინული ჯგუფისკენ მიდიოდა

ამასთან წყაროები ამერიკულ დაზვერვაში აცხადებდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ მტკიცებულება, თითქოს ამ ოპერაციის შესახებ იცოდა ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციამ.

თავის მხრივ, კიევმა კატეგორიულად უარყო. “ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში მონაწილეობა და შემდგომში არც ერთ სხვა ქვეყანას, ორგანიზაციას ან ჯგუფს მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

  • 2024 წლის თებერვალში დანიამ და შვედეთმა “ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების თაობაზე გამოძიება შეწყვიტეს. თუმცა გერმანიამ ძიების პროცესი გააგრძელა.

2024 წლის აგვისტოში ,გერმანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივნისში გერმანიაში გაიცა ორდერი უკრაინელი დაივინგის ინსტრუქტორის, ვლადიმირ ზ.-ს დაკავებაზე, რომელიც, ხელისუფლების ცნობით, იმ დროს პოლონეთში იმყოფებოდა.

პოლონეთის პროკურატურამ მაშინ განაცხადა, რომ მამაკაცი არ დაუკავებიათ, რადგან ივლისის დასაწყისში მან ქვეყანა დატოვა და პოლონეთ-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა.