ავტორი:

ბელარუსში სკოლის მოსწავლეებს ქუჩაში ფილების დაგება აიძულეს, ვინც სწორად ვერ დააგო, ააყრევინეს და თავიდან გააკეთებინეს - "რაც მოხდა, მონობა იყო"

ბელარუსში სკოლის მოსწავლეებს ქუჩაში ფილების დაგება აიძულეს, ვინც სწორად ვერ დააგო, ააყრევინეს და თავიდან გააკეთებინეს - "რაც მოხდა, მონობა იყო"

ბელარუსში, გომელის რეგიონულ ცენტრში, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ქუჩაში ფილების დაგება აიძულეს. ამის შესახებ გომელში დაფუძნებული გამოცემა Флагшток წერს. აღსანიშნავია, რომ ამ გამოცემის რედაქცია ბელარუსში ექსტრემისტულ დაჯგუფებად არის მიჩნეული.

  • გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე სკოლამ ფილების დაგების მოთხოვნა რაიონის ადმინისტრაციისგან მიიღო, რომელმაც სკოლებს დასაგებად ძველი ფილები გადასცა და აუკრძალეს ამ ფილების დაგებაზე თანხის გამოყენება.

მათივე ცნობით, მასწავლებლებმა, დირექტორის მოადგილეებმა, უფროსკლასელებმა და კურსდამთავრებულებმა ძველი ფილები ცემენტისგან გაწმინდეს და დაგების ადგილას გადაიტანეს.

Флагшток ასევე წერს, რომ ერთ-ერთ ჯგუფს ჯერ დააგებინეს ფილები, ხოლო შემდეგ ააყრევინეს და თავიდან დააგებინეს, რადგან პირველ ჯერზე აღმოჩნდა, რომ სწორად ვერ დააგეს.

ანონიმური წყარო გამოცემასთან ამბობს, რომ ის, რაც მოხდა, "მონობა" და "სიურეალისტური" იყო.

საბჭოთა კავშირის დროს და მისი დაშლის პირველ წლებში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სავალდებულო შრომა ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო. როგორც წესი, მასწავლებლები და ბავშვები "კოლმეურნეობებში“ მიდიოდნენ მოსავლის აღებისთვის. 1990-იან და 2000-იან წლებში ხელისუფლება ხშირად აიძულებდა ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ ტერიტორია "გაელამაზებინათ“, მაგალითად, მაღაზიებისა და რესტორნების წინ.