რუსულ მუსიკალურ კონკურსზე "ახალი ტალღა 2025" (New Wave 2025), რომელიც ყაზანში ტარდება, საქართველოს სახელით კონკურსანტი გამოდის. ეს არის ირაკლი გადელია, ქართველი შემსრულებელი, რომლის შესახებაც ინტერნეტსივრცეში დეტალური ინფორმაცია თითქმის არ მოიძებნება. მისი ინსტაგრამის გვერდზე ამჟამად მხოლოდ 2400-მდე გამომწერია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას როგორც შემსრულებელს საზოგადოება არ იცნობს.
თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს არ არის გადელიას პირველი გამოსვლა რუსულ სცენაზე. 2025 წლის მაისში მან მონაწილეობა მიიღო სტავროპოლში გამართულ კონკურსში "ჯარისკაცის კონვერტი", სადაც მესამე ხარისხის ლაურეატი გახდა სიმღერით "დაბრუნდი". სტავროპოლის მსგავსი კონკურსები საქართველოში თითქმის არ არის ცნობილი და აღიარებული.

ვინ არის ირაკლი გადელია?
ირაკლი გადელიას ბიოგრაფია, რომელიც საჯაროდ თითქმის არ არის ცნობილი, ბევრ საინტერესო დეტალს შეიცავს. ის ზუგდიდში დაიბადა და რუსეთში გადავიდა განათლების მისაღებად. დაამთავრა გნესინების სახელობის რუსეთის მუსიკის აკადემია სპეციალობით "ესტრადისა და ჯაზის ვოკალი“.
კონკურსის საიტზე გამოქვეყნებულ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ მუსიკა მის ცხოვრებაში ადრეული ასაკიდან შემოვიდა: "უნდა ითქვას, ქართველები მომღერალი ხალხია. მეც ადრეული ასაკიდან დავიწყე სიმღერა მშობლიურ სახლში. ყველაფერი საბავშვო ვოკალური სტუდიიდან დაიწყო: კონკურსები, საერთაშორისო ფესტივალები, შემდეგ კი მოსკოვში სასწავლებლად მიმიწვიეს - ასე დავუკავშირე ჩემი ცხოვრება მუსიკასა და სცენას. ეს იყო როგორც სიყვარული, ასევე პროფესია“.
როგორც ირაკლი ამბობს, მას თავისი ოცნებების და მიზნების გასაიდუმლოება უყვარს, თუმცა აღიარებს, რომ "ახალ ტალღაში“ მონაწილეობა მისი ბავშვობის ოცნება იყო. "ადრეული ასაკიდან ვუყურებდი ამ კონკურსს", – ამბობს მომღერალი. "დღეს ეს ყველაზე დიდი მუსიკალური პროექტია, ძალიან კარგი ტრამპლინი ჩემთვის, როგორც არტისტისთვის".

"ახალი ტალღის" ისტორია და პოლიტიკური დატვირთვა
კონკურსი "ახალი ტალღა“, რომელიც 2002 წელს იურმალაში (ლატვია) დაარსდა, თავდაპირველად როგორც საერთაშორისო მუსიკალური პლატფორმა ჩამოყალიბდა. თუმცა, 2015 წელს, რუსეთსა და ლატვიას შორის პოლიტიკური დაძაბულობის გამო, კონკურსი რუსეთში, სოჭში, გადაიტანეს, შემდეგ კი ყაზანში. ეს ნაბიჯი რუსი მომღერლებისთვის ლატვიის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს უკავშირდებოდა.
კონკურსის კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ იურმალაში „ახალი ტალღა“ რუსული ელიტისა და კრიმინალური წრეების თავშეყრის ადგილად იქცა, სადაც მუსიკალური ღონისძიება ხშირად ბიზნესისა და პოლიტიკური მოლაპარაკებების ფონზე იმართებოდა. ლატვიისთვის კი ეს იყო რუსული გავლენის პროტესტისა და დასავლური ღირებულებების მხარდაჭერის არენა. კონკურსის რუსულ ტერიტორიაზე გადატანამ მისი საერთაშორისო რეპუტაცია და პოლიტიკური კონტექსტი მნიშვნელოვნად შეცვალა.

საქართველოს მონაწილეობა და დისტანცირება
ბოლო რამდენიმე წელია, რაც "ახალი ტალღა" იურმალას მაგივრად, რუსეთის ტერიტორიაზე ტარდება და მასში ქართველი მომღერლები აღარ მონაწილეობენ. თუმცა ამ კონკურსზე წარსულში არაერთი ქართველი არტისტი გამოსულა, რომლებმაც უნიკალური შესრულებით მსმენელებსაც დაამახსოვრეს თავი და გაიმარჯვეს კიდეც. ალბათ დღემდე ბევრს ახსოვს სოფო ხალვაშის, დუეტ „ჯორჯიას“, ნუცა ბუზალაძისა და სხვების გამოსვლები. მაშინ შესარჩევი კონკურსი საქართველოში ტარდებოდა და „იურმალაზე“ წარსადგენ კანდიდატს სპეციალური ჟიური ირჩევდა. მთელი ღონისძიება კი "პირველი არხის" პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.
თუმცა, ბოლო წლებში, საქართველოს სახელით მონაწილეობას იღებენ რუსეთში მცხოვრები ქართველები. მათ ჩვენს ქვეყანასთან მხოლოდ გვარი აკავშირებთ, როგორც შემსრულებლებს კი საქართველოში თითქმის არ იცნობენ. მათ შორის არის ირაკლი გადელიაც.