ავტორი:

"ფინალი მტკივნეული და იმდენად დამაფიქრებელია, რომ შეიძლება რაღაც პერიოდი გაშეშებულიც კი დაგტოვოს მკითხველი“ - ალეკო შუღლაძე სანდრო ელოშვილის რომანზე "რომანი.GE“

"ფინალი მტკივნეული და იმდენად დამაფიქრებელია, რომ შეიძლება რაღაც პერიოდი გაშეშებულიც კი დაგტოვოს მკითხველი“ - ალეკო შუღლაძე სანდრო ელოშვილის რომანზე "რომანი.GE“

2020 წელი - პანდემიის დროს, ტელევიზორზე მიჯაჭვულობის დასაძლევად, დაწყებული რომანი, რომელიც სერიალის პრინციპით უნდა განთავსებულიყო, დღეში ერთი სერია.

2025 წელი - კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებული რომანი, რომელიც სექტემბრის ბოლოს წიგნის მაღაზიის თაროებსა და უამრავი ადამიანის ხელში აღმოჩნდება.

ეს სანდრო ელოშვილი და მისი რომანი "რომანი.GE“ არის. სანდრო ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ სხვადასხვა დროს ის იყო რეჟისორი, სცენარისტი, ქოფირაითერი, ბლოგერი, მწერალი, ინფლუენსერი. როგორც თავად აღნიშნავს, ეს საკუთარი თავის ძიების გზა გახლდათ და ამ გზაზე, რომანის წერის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მისი დასრულება და კონკურსში მონაწილეობაც გადაწყვიტა.

"წიგნი - ლიტერატურული სერიალია. ერთი თავი წარმოადგეს ერთ სერიას. რომანი ერთდროულად კომედიაცაა, ტრაგედიაც, და სახალისო, გასართობი, რომანტიკული დრამაც. მოქმედება ვითარდება Covid პანდემიის დროს, თბილისში. "რომანი.ge-ს“ მთავარი გმირი რომან თარხნიშვილია, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ყველაფერი ადვილად გამოსდის და რაც არ გამოსდის, სხვები აკეთებენ მის მაგივრად. აქ ვერ შეხვდებით გადაულახავ სირთულეებს, მანამ, სანამ...“ - ასე ახასიათებს თავად სანდრო ელოშვილი რომანს.

უფრო ვრცლად კი "რომანი.GE-ს“ შესახებ მწერალ ალეკო შუღლაძის რეცენზიიდან ამონარიდებს გაგაცნობთ:

"მიუხედავად იმისა, რომ სანდრო ელოშვილის რომანში მოქმედება კორონავირუსის პერიოდში ვითარდება, ნაწარმოები საერთოდ არ ეხება ეპიდემიის თემას და ოდნავადაც არ უღრმავდება მას. პანდემია ფონად გასდევს რომანს და ხანდახან ბუნდოვნად გვახსენებს თავს. ჩვენ აქ ვერ ვიპოვით ყოველდღიურ დამთრგუნველ სტატისტიკას, ექიმების რჩევა-დარიგებებსა და მოსახლეობის ვიშვიშს. არაფერი ამის მსგავსი. ყველაფერი პირიქითაა, მთავარი გმირის, 27 წლის რომან თარხნიშვილის ნათესავები, ბებიები, ბაბუები, მშობლები, და ა.შ. ყველანი იმდენად სისხლსავსე და ხალისიანი ხალხია, რომ პატარა ეჭვიც კი ჩნდება, შესაძლებელია თუ არა იმ ხანად ცხოვრების ამგვარ სტილს ეარსება...

არ არის პანდემია, სამაგიეროდ, რაც არის რომანში და თანაც დიდი დოზით, ეს არის ნატიფი და გემრიელი იუმორი. დიახ, იუმორი რომანს ბოლომდე გასდევს... უფრო სწორად, ფინალურ ნაწილამდე, ეპილოგამდე. ასე მგონია, რომ ტვინის ჭყლეტის შედეგად დამძიმებული ტექსტის შექმნა ბევრს შეუძლია და მათ ვერც ეგზისტენციალური საკითხების სირთულეში მოედავები, თავის გასამართლებლად ნებისმიერი მათგანი მსოფლხედვის სუბიექტურობას მოიმიზეზებს. მაგრამ სულ სხვაა იუმორი და კომედია. ასეთი ჟანრი და ფორმა ბეწვის ხიდზე სიარულია და მართლაც დახვეწილი გემოვნების გარეშე არაფერი გამოვა. უგემოვნო აცდენები სიცილის მაგივრად ავტორის დაცინვას იწვევს. აქ, ჩვენს შემთხვევაში, ჩემი აზრით, სანდრო ელოშვილი ამ პრობლემას თავს მშვენივრად ართმევს.

თუ სხვა ნაწარმოებების პერსონაჟები თბილისის კოლორიტულ ადამიანებზე ჰყვებიან, იხსენებენ მათი ცხოვრების ეპიზოდებს, მათ იუმორს, ფრთიან ფრაზებს და ა.შ., "რომანი.GE“-ის გმირები თავად არიან კოლორიტული ფიგურები. კი, აქაც ხდება, ნამდვილი თუ გამოგონილი, წარსულისა თუ თანამედროვეობის, კოლორიტული პერსონების ციტირება, მათი საგმირო საქმეების გახსენება, მაგრამ მაინც განსხვავებული სურათი იხატება.

თაობათა შორის ურთიერთობა ნაწარმოების ღერძია. აქ ცოცხლდება ჩვენი მამა-პაპების სამყარო, სცენები წარსულიდან: "მუხლებზე გამობერილი სპორტულები“, "ომარა ჩაგუნავა, რომელიც ტყვიას ტყვიაში აჯენს“, ფრაზები და გამონათქვამები: "ქალბატონო დეიდა“, "გუშინდელი არიფი“, "კაცი კი არა, ფინაჩიაო“, "სტო ვპირიოდი“ და.შ. უნდა ითქვას, რომ ასეთ სტრუქტურას საბჭოეთის დროინდელ გარემოში უფრო შევყავართ, ვიდრე ხელოვნური ინტელექტით გაჯერებულ 21-ე საუკუნეში. ვფიქრობ, ასეთია ავტორის ჩანაფიქრი...

ავტორს ყველაფერზე შეუძლია იხუმროს და ეს ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ კარგი და დახვეწილი იუმორი მივიღოთ. ამიტომ სანდრო ელოშვილის რომანში ჩვენ ვხვდებით ხუმრობას ტაბუდადებულ თემებზეც. ასე გაიელვებს აფხაზეთი, ქართული გვარები, ეროვნებები, საზიზღარი ბიცოლამისი ელისო და ა.შ. ეს ძალიან დასაფასებელია. მწერალს ჩარჩოები არ უნდა ჰქონდეს, მასთან შეგვიძლია მხოლოდ გემოვნებაზე ვიკამათოთ...

ამბობენ ხოლმე, რომ ფინალმა ნაწარმოები შეკრაო, სათქმელი უფრო კარგად გამოკვეთაო და ა.შ. "რომანი.Ge“- ში არაფერი შეკრულა, აქ გაცილებით ღრმა რამ მოხდა:

აბსოლუტურად პოლარული ფინალის დაჯახებამ მთელ წინა ტექსტთან, მოუხელთებელი სინთეზი წარმოქმნა. ის წიგნის საზღვრებს, მის კონცეფციას გასცდა და მკითხველს გონება აუფორიაქა. ის მტკივნეული და იმდენად დამაფიქრებელია, რომ შეიძლება რაღაც პერიოდი გაშეშებულიც კი დაგტოვოს მკითხველი. ეს არ არის არც შეკვრა და არც ხაზის გადასმა. კონტრასტულმა ცვლილებამ მოგვცა ასეთი ორიგინალური სინთეზი. როცა მჩქეფარე სიცოცხლეს მუდმივი არარა ენაცვლება, ვიღებთ ისეთ ამაოებას, რომელსაც სხვა მწერალმა შეიძლება ეგზისტენციალურ სიღრმეებში დიდი ქექვისა და ფილოსოფიის შედეგად ვერ მიაღწიოს.“

(R)