"ქუჩაში შემთხვევით ფილმის მხატვარმა და რეჟისორის ასისტენტმა გამაჩერეს და სინჯზე მისვლა შემომთავაზეს. მივედი და როლზე მაშინვე დამამტკიცეს" - გვეუბნება ექიმი, ონკო-ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ლევან ჩოლოყაშვილი, რომელიც სრულიად მოულოდნელად, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, ცნობილი და მაყურებლისთვის საყვარელი ფილმის "მზე შემოდგომისას" პერსონაჟი გახდა.
ლევან ჩოლოყაშვილთან საუბარი ფილმის გახსენებით დავიწყეთ:
- 1972 წელი იყო - მერვე კლასს ვამთავრებდი. გადაღებები ზაფხულში იყო. ფილმის სცენარი რეზო თაბუკაშვილს ეკუთვნოდა, რაც მისი და მისი მეუღლის მედეა ჯაფარიძის ცხოვრებას ასახავდა. ფილმში ყველა ეპიზოდი მათი ცხოვრებიდან არის აღებული... დედა მედეა ჯაფარიძეს კარგად იცნობდა. ქალბატონ მედეას გაუხარდა, როცა გაიგო, ვისი შვილი ვიყავი. მათ საერთო მეგობარი ჰყავდათ - ნიტა ტაბიძე, ტიციან ტაბიძის შვილი... ფილმის გადაღება საინტერესოდ მიდიოდა, რადგან იმ დროისთვის ყველა ცნობილი მსახიობი მონაწილეობდა და ასევე ცნობილი მხატვრები - ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ქორეოგრაფი ჯანო ბაგრატიონი, თამარ ციციშვილი... სწორედ ამ ფილმის კადრებმა შემოინახა ლადო გუდიაშვილის ცეკვა, ჯანო ბაგრატიონის სკამზე დაკვრის ეპიზოდი...
საერთოდ, ცნობილია, რომ ლადო გუდიაშვილმა კინტაურის ცეკვის ის მოძრაობები ილიკო სუხიშვილს გაუზიარა... ასეთი საზოგადოებაში სრულიად გამოუცდელი ბიჭი აღმოვჩნდი. საინტერესო იყო ასევე შუალედებში, შესვენებებზე იმ თაობის ღირსეულ წარმომადგენლებთან ერთად ყოფნა. იყო მხიარულება, გახსნილი ურთიერთობა, მათი მოგონებები, ერთმანეთზე ხუმრობა... საოცრად შინაურული გარემოს ქმნიდნენ... რეჟისორი თემურ ფალავანდიშვილი იყო, ოპერატორი - ლომერ ახვლედიანი. ის ყველაფერი მხოლოდ სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იყო.
- თქვენი პერსონაჟი ფილმში შორეული ნაოსნობის მეზღვაურია...
- კი და ეკრანული დედა-მამა ხშირად მახსენებენ ფილმში. მერე ჩამოვდივარ და დედა მხვდება. გადაღების პროცესი ბათუმში იყო, რადგან გემიდან ჩამოსვლის ეპიზოდი ბათუმშია გადაღებული. ლამაზ და კარგ კადრებად დარჩა ჩემში ის ყველაფერი და დღემდე მომყვება. მანამდე წარმოდგენაც არ მქონდა და ვერც ვიფიქრებდი, რომ ფილმში მოვხვდებოდი და ასეთ ხალხთან. ხომ ვამბობ, მთელი ცხოვრება გამომყვა იმ ურთიერთობების სიამოვნება... ფილმს დიდი ბიუჯეტი ჰქონდა დამტკიცებული. ორ სერიას აპირებდნენ, მაგრამ შეამცირეს. მხოლოდ ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი გამოვიდა. ბევრი სიუჟეტი შემოკლდა, გადაკეთდა, შეიცვალა. რეზო თაბუკაშვილი მსახიობებთან ერთად ინტენსიურად მუშაობდა. თვითონ ბატონ რეზოს და ქალბატონ მედიკოს როგორც უნდოდათ, ისე დამონტაჟდა. ხალხმა ეს ფილმი კარგი მსახიობების და სიუჟეტის გამო შეიყვარა.
- ეკრანულ დედასთან და მამასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?
- ნამდვილი მშობლიური დამოკიდებულება. არ მიგრძნია დაძაბულობა, ძალიან უშუალოები იყვნენ. შესვენებებზე მათთან ვშინაურდებოდი, სხვანაირად შეუძლებელი იყო, ისეთ ამბებს ჰყვებოდნენ. გადაღება რომ იწყებოდა, უკვე მათ სივრცეში ვიყავი მოქცეული. თავს უცხოდ აღარ ვგრძნობდი იმის მიუხედავად, რომ კორიფეები იყვნენ და ჩემთვის სათაყვანებელი ადამიანები. მათი დამოკიდებულება ჩემ გამოუცდელობას ამარტივებდა მათი რჩევებით, უბრალო ლაპარაკით. თითქოს ცხოვრებაში სადღაც წვეულებაზე, თუ ზღვაზე ვიყავით შეკრებილები - ასეთი შეგრძნება მქონდა. კამერის წინ უხერხულობის მომენტი არ ყოფილა, რაც დიდწილად მათი დამსახურება იყო.
- ალბათ ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ პოპულარული გახდით...
- იყო ასეთი მომენტებიც... სკოლაში გადაღებების შემდეგ როგორც ფილმში მონაწილე ისე დავბრუნდი, რაზეც მეგობრები ხუმრობდნენ, - იმხელა ტექსტი როგორ დაიმახსოვრეო. სულ რამდენიმე სიტყვას ვამბობ, მაგრამ ჩემთვის იმ ასაკისთვის ის ყველაფერი სასიამოვნო და კარგი პერიოდი იყო...
- ამ ფილმის შემდეგ მაგალითად, მეზღვაურობა, ან მსახიობობის სურვილი არ გაგჩენიათ? ექიმობა რატომ გადაწყვიტეთ?
- ბიოლოგია, ანატომია ძალიან მიყვარდა. ექიმობა დიდი ხნის გადაწყვეტილი მქონდა, სანამ ფილმში მოვხდებოდი. შემდეგ კიდევ იყო შემოთავაზება, მეორე მსოფლიო ომის გმირი, ჩრდილოეთ კავკასიელი უნდა მეთამაშა, რომელიც გერმანელების ზურგში ტყვიამფრქვევით შევარდებოდა... ჩემი მონაწილეობა იქაც თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მაშინ სამედიცინოზე აღარ უნდა ჩამებარებინა. არადა, უკვე მეათე კლასში ვიყავი და სკოლას ვამთავრებდი. იმ პერიოდში ატესტატს მნიშვნელობა ჰქონდა, გაკვეთილების გაცდენა არ გამოდიოდა, გადაღებები კი ჩრდილოეთ კავკასიაში იყო. ამიტომ უარი ვთქვი. მერე რეჟისორი ბატონი სიკო დოლიძე ოჯახში რეკავდა, რომ დავეთანხმებინეთ, მაგრამ გადაწყვეტილება არ შემიცვლია... ახლაც ძალიან მიყვარს ჩემი სპეციალობა.
- ქირურგი ონკოლოგი ხართ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. კონკრეტულად რა მიმართულებით მუშაობთ?
- სარძევე ჯირკვლის პათოლოგიებზე, ასევე კანისა და რბილი ქსოვილების კეთილ და ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტირება-მკურნალობაზე... სამედიცინო ინსტიტუტში (ადრე ასე ერქვა, ახლა უნივერსიტეტია) ონკოლოგიის კათედრაზე ვმუშაობდი, ხარისხი პეტერბურგში დავიცავი, მაშინ საბჭოთა კავშირში პირველი ონკოლოგიის ინსტიტუტი იქ იყო. პეტერბურგიდან როცა ჩამოვედი, მუშაობა გავაგრძელე, მაგრამ მალე ქვეყანა აირია. რაღაც პერიოდი ცოტა წყვეტა მქონდა, ოჯახი ახალგაზრდა იყო, შვლები პატარები, პრობლემებიც, მაგრამ დღესაც ჩემი სპეციალობით ჩაჩავას კლინიკაში ვმუშაობ. ვარ ონკოლოგი, ვიღებ პაციენტებს, მიყვარს ჩემი სპეციალობა და ჩემი არჩევანი.

კოვიდის შემდეგ ცოტა შევამცირე ჩემი სამუშაო დღეების რაოდენობა. აგარაკზე, კასპის რაიონში სოფელ კავთისხევში გადავედი. ძალიან ლამაზი და ძირძველი ქართული სოფელია. ეს ადგილი მე და მეუღლემ 90-იან წლებში შევიძინეთ, რადგან ბავშვები პატარები იყვნენ და გვჭირდებოდა. მერე შევაკეთეთ, შევარემონტეთ და კოვიდის შემდეგ იქ უკვე მუდმივად ვართ. ადრე მხოლოდ ზაფხულობით ჩადიოდით. ჩვენი ოჯახის გარდა თბილისიდან კიდევ ბევრი ადამიანი გადმოსახლდა - ზოგი ნაწილობრივ, ზოგი მხოლოდ აგარაკად იყენებს აქაურობას... მათ შორის არიან ექიმებიც - ცნობილი ქირურგები, ფსიქიატრები, ნევროლოგები... სოფელში ცხოვრება ახლა უფრო კომფორტულია. ჯერ ერთი თბილისთან ახლოს არის. არის ჯანსაღი ჰაერი, სამეგობრო გარშემო გვყავს. აქ ადამიანებთან ურთიერთობა უფრო მარტივია და ბევრად კომფორტულად ვგრძნობ თავს.
- მიწას ამუშავებთ?
- ძალიან ძველი სახლი შევიძინეთ, რომელსაც ჰქონდა უძველესი პატარა მარანი და ყველაფერთან ერთად მარანიც შევაკეთეთ. მოვაწყვეთ ეზოც. კოვიდის შემდეგ აქტიურად ჩავერთეთ. ცოტა ქათამი გავიჩინეთ. გვაქვს ქათმის კვერცხი, ცოტა ფუტკარი, მორებზე სოკო მოგვყავს. მოკლედ "ჩოლოყაშვილის მარანი" ღვინის ტურშიც ვართ ჩართული. პატარა საოჯახო მეურნეობა გვაქვს, ხანდახან ტურისტებიც ჩამოდიან და ვმასპინძლობთ, მაგრამ ეს უფრო ეპიზოდურად ხდება... სოფელში ბევრი საინტერესო ადამიანი ცხოვრობს, ადგილობრივ მოსახლეობიდან ჯერ კიდევ არიან შემორჩენილები, ვისაც სოფლის ძველი ამბები კარგად ახსოვს, ბევრმა გადმოცემით იცის... ჩვენი მცირე მეურნეობის მართვაში ადამიანები გვეხმარებიან, რადგან თავიდან საერთოდ არ ვიცოდი მეფრინველეობა, მეფუტკრეობა...

მათგან ბევრი რამ ვისწავლეთ... ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით ჯანსაღ პროდუქტის მოყვანას. ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, შეხება მაქვს ონკოლოგიურ დაავადებებთან, რომელიც ძალიან გახშირებულია. ეს ტენდენცია მსოფლიოშიც მზარდია. მიზეზი ბევრი რამ არის, ძნელია გამოკვებო დედამიწის მოსახლეობა, ამიტომ იყენებენ კვებით დანამატებს, რომელსაც კვლევები ადგენს, რომ მავნეა. ისეთ ქვეყნებში, როგორშიც ჩვენ ვართ, ასეთი დანამატების გამოყენება მომატებულია. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ჯანსაღი საკვები ჯობია. ამისთვის ადამიანს შრომა არ უნდა დაეზაროს. რა არის იმაზე დიდი სიკეთე და ბედნიერება, შენს ახლობლებს მეტ-ნაკლებად ჯანსაღი პროდუქტი მიაწოდო. ისიც უნდა იცოდე, ის მარცვალი, რასაც მიწაში ჩააგდებ, ვისგანაც ყიდულობ, როგორ არის მოყვანილი - მთელი ჯაჭვია.
- ონკოლოგიური დაავადებები ვახსენეთ. როგორც ონკოლოგს გკითხავთ, არაჯანსაღი საკვების მიღების გარდა კიდევ რა იწვევს მათ?
- ბევრი მიზეზი აქვს, ეკოლოგიური და გენეტიკური ფაქტორები, ხშირი აბორტი, კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, არასწორი ლაქტაცია... დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიდის, ხალხი უპირატესობას ტკივილს ანიჭებს და უკვე შორს წასული ფორმაა, როცა მოდიან. არადა ყურადღებაა საჭირო, ადრეულ ეტაპზე კვლევა. ძალიან გახშირებულია ასევე კანის პათოლოგია. ამასაც გენეტიკური განწყობა უძღვის წინ, ულტრაიისფერი სხივები, მექანიკური გაღიზიანება. პიგმენტური წარმონაქმნები.

- დიდებული გვარი გაქვთ - ჩოლოყაშვილი ბრძანდებით... რას გვეტყვით თქვენს გვარსა და წინაპარზე?
- ჩვენი შტო თელავის რაიონის სოფელ კისისხევიდან, მატნიდან, ლალისყურიდანაა. წლების წინ მინდოდა, მეტი გამეგო ჩვენი გვარის შესახებ და ისტორიულ არქივიდან 1723 წლიდან მოვიპოვე მონაცემები, - ვინ იყო ჩვენი შტო, მისი წინაპარი. ჩვენი წინაპარი იყო ერეკლე მეფის კარის მღვდელი. კისისხევი საერთოდ ერეკლე მეფის საზაფხულო რეზიდენცია გახლდათ. ძალიან იშვიათი ფაქტი იყო, რომ ერთ სოფელში 8 თავადის ოჯახი ყოფილიყო... სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ამ საინტერესო სოფელში დღეს არაფერი გვაქვს. ბოლშევიკებმა დაანგრიეს ის სასახლე, რაც ჩვენს გვარს ეკუთვნოდა. იმის მერე, ერთი პერიოდი, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ახლოს ცხოვრობდნენ, გარკვეული ფართობი დაუთმეს. არსებობს მამას პატარაობის ფოტოები, რომელიც იქ არის გადაღებული...
რთული პერიოდი იყო, მალავდნენ იმას, რომ ჩოლოყაშვილები იყვნენ, რადგან ბოლშევიკები განსაკუთრებით ებრძოდნენ მათ, ვინც წარმოსადეგი და რაიმეთი გამორჩეული გახლდათ. ყველაფერს და ყველას ათანაბრებდნენ. მხოლოდ პარტიული ელიტა არსებობდა. რეპრესიები ცხადია, ჩვენს ოჯახსაც შეეხო. ჩოლოყაშვილების გვარში არ არსებობს, რომ ვინმე ქვეყნის მოღალატე ყოფილიყო. ცოტანი ვართ და ყველანი მეტ-ნაკლებად ერთმანეთს ვიცნობთ, ურთიერთობაც გვაქვს. შთამომავლებში ყველა იმას დებს, რომ ქვეყნის ღალატი არ შეიძლება, ეს არავის გაუკეთებია და სირცხვილია. უხერხულია საკუთარი გვარის ქება, მაგრამ ეს არის ფაქტი. ჩემი ბაბუა კონსტანტინე ჩოლოყაშვილი მეღვინე იყო.
ის საფრანგეთში შამპანის პროვინციაში სასწავლებლად გაუშვეს, რომ შუშხუნა ღვინოები ესწავლა, ნამდვილი შამპანური ხომ იქ ისხმება... რომ ჩამოვიდა, აქ მალე გასაბჭოება მოხდა, მაგრამ მაშინვე არ დახვრიტეს. მცოდნე ბიჭიაო და ღვინის ქარხანაში ტექნოლოგად ამუშავეს. თელავში ერთ-ერთი პირველი შამპანურის ჩამოსხმა მის მიერ მოხდა. კონიაკი „ვარციხე“ პაპას რეცეპტით არის დამზადებული. აქედან საფრანგეთში რომ წავიდა, ასაკოვანი ნათესავი კაცი გააყოლეს. მამაჩემისგან ვიცი, ლექციებს ის კაციც ესწრებოდა, რომ ბიჭი მარტო არ ყოფილიყო. ის კაცი იქიდან რომ ჩამოვიდა, მოკლედ შეკრეჭილი წვერი ჰქონდა, კუბოკრული კეპი ეხურა და სოფელში ფრანციპაპას ეძახდნენ. როცა პაპა 1938 წელს დაიჭირეს, მასთან ერთად ის კაციც და ორივე დახვრიტეს... 1961 წელს ხრუშჩოვის დროს რეაბილიტაციის ქაღალდი მოვიდა, რაც არაფერს ცვლიდა, მხოლოდ ჭრილობის განახლება იყო...