დასავლეთში პროპაგანდა მუშაობს და ამბობენ, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ - ავიწყდებათ, რომ ომი 2014 წელს თავად დაიწყეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ საროვში, ბირთვული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ჩვენ არამეგობრული ქვეყნები არ გვყავს. ზოგიერთ ქვეყნებში ჩვენ არამეგობრული ელიტები გვყავს. ამ ქვეყნების მოსახლეობასთან პროპაგანდა მუშაობს, ისინი მათ ტვინს ურეცხავენ და ამბობენ, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ. ავიწყდებათ, რომ ომი 2014 წელს თავად დაიწყეს, როდესაც დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტანკებისა და თვითმფრინავების გამოყენება დაიწყეს. სწორედ მაშინ დაიწყო ომი და მის შესაჩერებლად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
"არიან ქვეყნები, რომლებიც სუვერენიტეტის გარეშე მშვიდად არსებობენ. მთელ დღევანდელ დასავლეთ ევროპას პრაქტიკულად ასეთი სუვერენიტეტი მოკლებული აქვს. ჩვენი მსგავსი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნება შევძლოთ. სუვერენიტეტის დაკარგვის შემთხვევაში რუსეთი არსებობას შეწყვეტს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.