ავტორი:

"სიმღერები თვითონ ჩამოარიგა. მთელი ღამე არ მეძინა იმაზე ფიქრით, რომელს მამღერებდა..." - როგორ იხსენებენ მეგობრები მამუკა ჩარკვიანს

"სიმღერები თვითონ ჩამოარიგა. მთელი ღამე არ მეძინა იმაზე ფიქრით, რომელს მამღერებდა..." - როგორ იხსენებენ მეგობრები მამუკა ჩარკვიანს

წავიდა, მაგრამ დარჩა... ეს იშვიათებს გამოსდით და მართლა იშვიათი იყო... ყველამ შეიყვარა, თითოეულამდე მივიდა, ვიღაც დაამშვიდა, ვიღაც დააფიქრა, ვიღაც გაათბო და იმედის სხივი ჩაუსახა... მისი ყველა სიმღერა ჰიტია და უკვდავი.

  • 70 წლის 24 აგვისტოს გახდებოდა, მაგრამ რაღაც მისტიკა აუცილებლად ურევია იმაშიც, რომ სწორედ 24-ში, მის დაბადების დღესაა მისი დაკრძალვა...

ამ ნიჭიერი ადამიანის, შემოქმედის გახსენება კიდევ ერთხელ ვცადეთ და ვესაუბრეთ მათ, ვისაც მამუკა ჩარკვიანთან ახლობლობა, მეგობრობა, შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებდა.

  • "რომ ვთქვა, რა ვთქვა, როგორ ვთქვა, რა უნდა ვთქვა, რატომ უნდა ვთქვა… ყველაფერი თქვა, ყველას სათქმელი თქვა, ყველაფერი იმღერა, ყველა დაგვაფიქრა, ყველა აგვატირა, ყველა გვაამაყა და დარჩა, როგორც მილიონში ერთი, სულ მუდამ და სულ გულში. შენ გენაცვალე ჩვენო ლეგენდა ბიჭო, აწი შენ იქნები "სულ ზევით!!! ზევით!!!“ და სწორება იქნება შენზე!!! "შორით თავს გიხრი“ უდიდესო!!!“ - ეს მომღერალ ლაშა ღლონტის სტატუსია, რომელიც მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების შემდეგ დაწერა.

ამის შემდეგ ლაშა ღლონტს ჩვენც შევეხმიანეთ.

ლაშა ღლონტი:

- მთელი ბავშვობა ვგიჟდებოდი ორ ადამიანზე - ეს იყო გოგი დოლიძე და მამუკა ჩარკვიანი. ოცნებად მქონდა, ოდესმე მამუკა ჩარკვიანი გამეცნო, რაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა. ჩემი სამედიცინო საქმიანობით ძალიან დაკავებული ვიყავი და მამუკას ცხოვრებაც არ იყო ერთფეროვანი.

"კესანები,“ რომელიც ძალიან მიყვარდა, თურმე გოგი დოლიძის ხსოვნას მიუძღვნა. ყველა მისი სიმღერა ხომ მამამისის, ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე აქვს შექმნილი.

საერთოდ ვერ ვბედავდი მამუკა ჩარკვიანის სიმღერების შესრულებას, რადგან არ ვიცნობდი და საჯაროდ მის სიმღერებს ვერ ვმღეროდი, ძალიან მერიდებოდა. რამდენიმე წლის წინ, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ასეთი ფორმატი იყო, - მისი სიმღერები ცნობილ მომღერლებს უნდა შეესრულებინა. სიმღერები თვითონ ჩამოარიგა. მთელი ღამე არ მეძინა იმაზე ფიქრით, რომელს მამღერებდა. ის მინდოდა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა.

უცნაურია, ზუსტად "ჩამოთოვა“ გადაწყვიტა. არსებობს ვიდეო, სადაც ამბობს, ამ სიმღერას ვერავის ვანდობდი ლაშა ღლონტის გარდაო. ვერ წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერი ვიყავი. მამუკასთან სახლში შევხდით, მერე სტუდიაში წავედით და ჩავწერეთ.

მანამდე მთხოვა, "გავაზაფხულებთ“ ვიმღეროთო, რასაც მე და მამუკა დუეტში ვასრულებთ. "გავაზაფხულებთ“ ახალი სიმღერაა, "ჩამოთოვა“ - ძველი და კონცერტისთვის ძველი იმღერეო. ეს თვითონ მთხოვა, თორემ მის გარეშე ამას ვერ გავბედავდი.

როდესაც "გრანადის ახლოს“ წერდა, გვერდით ვეჯექი და მამუკას მუშაობის პროცესით შოკირებული ვიყავი. ეს იყო შეუპოვარი შემოქმედებითი პროცესი. ბევრჯერ გადააკეთა, შეცვალა. სხვათა შორის, როცა ვფიქრობდით, ტექსტი როგორი უნდა ყოფილიყო და მისამღერი რა ექნებოდა, თავიდან ჩემი თხოვნით - "როცა მოვკვდები, მე დამმარხეთ ფორთოხლის ბაღში,“ - ეს გადაწყდა. მერე ვიფიქრეთ, რადგან მძიმე ტექსტია, მისამღერად ამის გაკეთება არ შეიძლებოდა და "გრანადის ახლოს“ - ამით შეცვალა. და "როცა მოვკვდები,“ - ეს ფრაზა დასაწყისში მხოლოდ ერთხელ დატოვა.

- მისი კიდევ ერთი ძველი სიმღერა - "შენ რომ დიდი იქნები“ თქვენ გაქვთ ნამღერი...

- არასდროს არც ერთ კომპოზიტორისთვის არ მითხოვია, ესა თუ ის სიმღერა მამღერე-მეთქი. მისვლა ვერც მამუკასთან გავბედე. მეგობარს, ეკა გამცემლიძეს ვთხოვე, მიმეგზავნე, - "შენ რომ დიდი იქნები,“ ჩემს შვილიშვილს მინდა ვუმღერო, რადგან შვილიშვილის შეძენით ძალიან გახარებული ვიყავი. ჩავწერეთ.

თავიდანვე ჩემი მიზანი იყო, ახალგაზრდა თაობისთვის, რომლებმაც ქართული სიმღერები ნაკლებად იციან, გამეცნო, მათ შორის, მამუკას ეს ძველი სიმღერა "შენ რომ დიდი იქნები“ შემეხსენებინა, რამაც მერე საოცრება მოახდინა.

მამუკასთან საუბარი ყოველთვის ძალიან ღრმა და ფილოსოფიური გახლდათ. ამ ძალმოსილებას მის გვერდით ყოფნისას ყოველთვის ვგრძნობდი, რომ რაღაც არაამქვეყნიურთან მქონდა საქმე.

მე ხომ ბათუმელი ვარ და ბოლო დროს გავიგე, რომ ისიც ბათუმში დაბადებულა, - თვითონ მითხრა. ბოლოს გრიგოლეთში შევხვდით, სოლო კონცერტი ჰქონდა. საერთოდ, როცა სოლო კონცერტს მართავდა, ყოველთვის ვცდილობდი, მის გვერდით ვყოფილიყავი. კონცერტზე ისეთ ენერგიაზე მოდიოდა, ამ ყველაფრით ისეთ სიამოვნებას იღებდა, რომ ვჩერდებოდი, აღარ ვმღეროდი.

- საოცარი სიმღერები შექმნა...

- მამუკას სიმღერები, ერთი შეხედვით, მელოდიურად რთული არ არის, მაგრამ ზუსტად იმ სიმარტივეშია მისი გენიალურობა. წარმოიდგინეთ, კამკამა ნაკადული რომ მოდის და ქვები ჩანს, გგონია ახლოა, ხელს ჩაყოფ და ძალიან ღრმაა. მამუკას ზოგი სიმღერა რომ იმღერო, მომღერალი უნდა იყო. ასრულებენ მის სიმღერებს, მაგრამ მამუკასნაირად, ვერავინ...

- დიდი შემოქმედება დატოვა...

- დატოვა არა, - მამუკა სულ ჩვენთანაა და მისი შემოქმედება კიდევ უფრო აღზევდება.

- ყველაფერთან ერთად, თავმდაბალი იყო...

- კი და როცა ესაუბრებოდი, უნდა გეფიქრა, რა გეთქვა. იმიტომ კი არა, რომ რამეს გაგრძნობინებდა. ეს ინტელექტი ისე ძალუმად გადმოდიოდა, ისე განგაწყობდა, რომ მთელი შენი განათლება, ერუდიცია, ინტელექტი, იუმორი და ნიჭი უნდა მოგეკრიბა, მისი სადარი პასუხი რომ გაგეცა. ყველა მისი სიტყვა 10-იანში ურტყამდა. ფეხის ოპერაცია რომ გაუკეთეს და მობრუნებული ჰქონდა, ამაზე ვუთხარი - რა არის მამუკა, რანაირად გაქვს ეს ფეხი-მეთქი? ასე აკეთებენო... საოცარი იუმორითაც გამოირჩეოდა.

ერთხელ ვთქვი, როცა კარგად იმღერებ და თავი მომღერალი გგონია, მოუსმინე გოგი დოლიძეს და მიხვდები, რომ არაფერს წარმოადგენ. იმავეს თქმა შემიძლია მამუკაზე.

თითოეული მასთან შეხვედრა ჩემთვის უზარმაზარი გაკვეთილი იყო. მისი მოსმენისას "გასული“ ვიყავი და ვგრძნობდი, რომ ის ყველაფერი მიწიერი არ იყო.

ხომ გარდაიცვალა, ხომ ელდა მეცა, ხომ ვიტირე, მაგრამ მერე ასეთი აზრი მოვიდა, - მის გარდაცვალებას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, თითქოს მისმა წასვლამ მნიშვნელობა დაკარგა, რადგან ჩემთვის ცოცხალია. მამუკას როგორც გარდაცვლილს ვერასდროს მივიღებ.

ირმა სოხაძე:

- მამუკა და მე დაახლოებით ტოლები ვიყავით, ასე რომ, ვერც ვიხსენებ, როდის გავიცანი, რაც თავი მახსოვს, მამუკა სულ იყო. თუ ერთხელ შეხვდებოდი, თუ დაელაპარაკებოდი, თუ დუეტს წაგიმღერებდა, თუ თავის სიმღერას გამღერებდა, შენში რჩებოდა. ყველას ჩვენი მამუკა გვყავდა - თითქოს გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ მართლა ასე იყო. ყველას უყვარდა - ნებისმიერი სოციალური ფენის, ასაკის ადამიანს. ეს სიყვარული თანდათან კიდევ გაძლიერდება. ხალხის დიდი სიყვარული სიცოცხლეში ჰქონდა, ამას ყველანაირად იმსახურებდა, მაგრამ მოვა დრო, როცა მართლა სახალხო კომპოზიტორი გახდება, როცა მისი სიმღერები აერევათ ხალხურია, ძველია, ახალია, მისია, საკუთარია, თუ სხვა.

მისი ყველა ნოტი, ყველა ბგერა, სიმღერა გამსჭვალულია ძალიან ქართულით, რაც გულის გულში გვაქვს იმით.

ბატონი ჯანსუღის ლექსები გასაოცარია. მას აქვს ერთი ლექსი "ვენახი შვილო ვენახად“ - მე დამიწერა და მასზე ჩემი პირველი სიმღერა დავწერე. მაგ პერიოდში სალომე პატარა მყავდა და სადაც ბიძია ჯანსუღი შემხვდებოდა, იშვიათი და საყვარელი ადამიანი, მკითხავდა - ირმა სოხაძე, რამდენი შვილი გყავს შენ? ერთი - რომ ვეტყოდი. აბა, შენა ხარ ქართველი - მოაყოლებდა.

მათთან სახლში რომ მივდიოდი, სადაც იყვნენ - მამუკას მეუღლე ირმა, მამუკას დედა - დეიდა ირმა და დისშვილი - პატარა ირმუკა, ბიძია ჯანსუღი მეტყოდა, - შენ მაკლდი და საირმე მაქვს სახლშიო. კი, ჩემთვის მართლა განსაკუთრებული ადამიანი იყო. ჯერ ერთი მამას მეგობარი გახლდათ და ჩემი ბევრი სიმღერის ინსპირატორი.

სხვა კომპოზიტორებსაც აქვთ ბევრი კარგი სიმღერა ჯანსუღის ლექსებზე, მაგრამ რასაც მისი ლექსი და მამუკას მუსიკა ერთად ქმნიდა, ეს განუმეორებელი და ფენომენალურია. ალბათ, მამა-შვილის ფლუიდები ერთმანეთს იმდენად გრძნობდა, ზუსტად მოჰქონდა ლექსის მთელი ღირებულება. იმავე ლექსებზე სხვა კომპოზიტორებსაც აქვთ სიმღერები დაწერილი, მეტსაც გეტყვით, რემიქსებიც გაკეთდა, მაგრამ არც ერთი ისე არ მომწონს, როგორც მამუკას მიერ ნამღერი, ორიგინალი. რაღაც სხვა მუხტის და სითბოს მატარებელია.

ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ადამიანი ამ ქვეყნიდან მიდის, მით უმეტეს, როდესაც ახლობელი, ნიჭიერი მიდის და თან ისეთი ნიჭიერი, როგორიც მამუკა ჩარკვიანია. ყველაზე გულდასაწყვეტი კიდევ ის არის, როცა მის დაბადების დღემდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, - 70 წლის ხდებოდა. დაუბრუნებელი, აუნაზღაურებელი დანაკლისია.

მამუკას ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის ძალიან გამორჩეული, ძალიან სხვანაირი ადამიანი იყო. არ უყვარდა ზარ-ზეიმი, იუბილეები, აბსოლუტურად არ აქცევდა ამას ყურადღებას და მართალიც იყო. ეს არ არის მთავარი, მთავარი დანარჩენია, ის, რაც უმაღლეს დონეზე ჰქონდა. იყო უზომოდ ნიჭიერი, ტალანტი და ბუმბერაზი. როგორც ვთქვი, კიდევ უფრო დაფასდება. გული მტკივა, რომ ჩვენ გვერდით აღარ არის, მაგრამ მისი ხსოვნა, შემოქმედება მარადიულად ჩვენთან იქნება.