კონფლიქტებით აღსავსე 2025 წელს მშვიდობა უკვე იშვიათ ფუფუნებად აღიქმება. ამავე წლის გლობალური მშვიდობის ინდექსის (GPI) თანახმად, სახელმწიფოებრივი კონფლიქტების რაოდენობამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ბევრი ქვეყანა ამ გამოწვევას გააქტიურებული მილიტარიზაციით პასუხობს.
ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიის შესადგენად 23 ინდიკატორს დააკვირდა. ინდექსის სათავეში მყოფი ქვეყნები თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში საოცარ სტაბილურობას ინარჩუნებენ, რაც მათმა პოლიტიკამ განსაზღვრა.
ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიის სათავეში ისლანდიაა. 2008 წლიდან პირველ ადგილზე მყოფი ქვეყანა კვლავ ინარჩუნებს ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნის ტიტულს. ის ლიდერობს სამივე სფეროში: უსაფრთხოება, მიმდინარე კონფლიქტი და მილიტარიზაცია.

ადგილობრივებისთვის უსაფრთხოების ეს განცდა ყოველდღიურ ცხოვრებაზეც აისახება:
"მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი ამინდის პირობები გვაქვს, რაც უსაფრთხოების განცდას სულაც არ ბადებს, ამ ფუნქციას ჩვენთვის საზოგადოება ითავსებს. აქ ღამით მარტო სიარულიც უსაფრთხოა. ნახავთ ჩვილებს, რომლებსაც მაღაზიების და კაფეების გარეთ ეტლებში მშვიდად სძინავთ, სანამ მათი მშობლები მიირთმევენ ან საქმეს აკეთებენ. ადგილობრივი პოლიცია ჩვენთან არც იარაღს ატარებს",- აცხადებს ისლანდიის მაცხოვრებელი ინგა როს ანტონიუსდოტირი.


დღეს ირლანდია მშვიდობას წინა პლანზე აყენებს. ქვეყანამ განსაკუთრებით მაღალი ქულები მიიღო მილიტარიზაციის შემცირებისთვის და დასახელდა ერთ-ერთ ქვეყნად, რომელსაც ყველაზე ნაკლები მიმდინარე შიდა და საერთაშორისო კონფლიქტები აქვს. ის ასევე მოხვდა ტოპ ათეულში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და დაცულობის მხრივ.

წელს ახალმა ზელანდიამ ორი პოზიციით ზემოთ გადაინაცვლა და მესამე ადგილზე მოხვდა. ეს იმის დამსახურებაა, რომ უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროები გაუმჯობესდა, დაფიქსირდა საპროტესტო დემონსტრაციების მცირე რაოდენობა და არც ტერორიზმთან დაკავშირებულ შემთხვევებს ჰქონია ადგილი.
ახალ ზელანდიაას თავისი გეოგრაფიული მდებარეობა გარე კონფლიქტებისგან ბუნებრივ დაცვას სთავაზობს, თუმცა მისი შიდა პოლიტიკაც უჩენს მაცხოვრებლებს სიმშვიდის განცდას.

ავსტრიამ წელს ერთი პოზიციით ქვემოთ გადაინაცვლა, თუმცა სიაში ის მაინც მაღალ რეიტინგს ინარჩუნებს. ირლანდიის მსგავსად, ავსტრიაც კონსტიტუციურად დაკისრებულ ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ინარჩუნებს, რაც მას ნატო-ს მსგავს სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაში ხელს უშლის. სამაგიეროდ, ეს ქვეყანას საშუალებას აძლევს, რომ ყურადღება და რესურსები ქვეყნის შიგნით მიმართოს.

სინგაპური ერთადერთი აზიური ქვეყანაა, რომელიც წელს უსაფრთხო ქვეყნების ტოპ ათეულში მოხვდა. ის განსაკუთრებით მაღალი რეიტინგის მქონეა უსაფრთხოებისა და დაცულობის მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ერთ სულ მოსახლეზე, სამხედრო ხარჯების მხრივ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დონეს ინარჩუნებს, რომელსაც მხოლოდ ჩრდილოეთ კორეა და კატარი უსწრებენ.
მიმდინარე კონფლიქტის არარსებობა და შიდა უსაფრთხოება მაცხოვრებლების უმეტესობისთვის უსაფრთხოების ძლიერ განცდას იწვევს.
1. ისლანდია
2. ირლანდია
3. ახალი ზელანდია
4. ავსტრია
5. შვეიცარია
6. სინგაპური
7. პორტუგალია
8. დანია
9. სლოვენია
10. ფინეთი
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა