ორი დღის წინ, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი მსახიობი ანა ჯავახიშვილი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ კურსს, რუსულ ფილმში მონაწილეობს.
რუსული წყაროს მიხედვით, ანა ჯავახიშვილმა მთავარი როლი შეასრულა დაღესტნელი რეჟისორის, ამეტ-ხან მაგომედოვის, მუსიკალურ კომედიაში „ცეკვები სიმაღლეზე“, სადაც მისი პერსონაჟია ზიუმა.

ფილმში პაროდირებულია მოსკოველებსა და კავკასიელებს შორის არსებული კონფლიქტები. აღნიშნულ ფილმში მონაწილეობს კიდევ ორი ქართველი მსახიობი ლუკა თარხან-მოურავი და გია კორკოტაშვილი.


გავრცელებულ ინფორმაციას მსახიობი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა:
"არასდროს ჩამიწერია ასეთი ვიდეო, მაგრამ ისე ამუშავდა ტროლების ქარხანა, გადავწყვიტე ჩავწერო. ამ ფილმში ვარ 18 წლის, გადაღებულია 2016 წელს, როდესაც ვიყავი პირველ კურსზე. მაშინაც და ახლაც მგონია, რომ ეს იყო ნაბიჯი ჩემს პროფესიაში და არაფერი სხვა. ბევრი მსახიობი, სპორტსმენი იცით, ვისაც ეს გზა გაუვლია ან ახლაც გადის და თავის ნაბიჯებს დგამს პროფესიაში. არ ვიცი რის გამოა ეს ბულინგი, აქვე გაჩვენებთ 2019 წლის ფოტოებს, ჩვენი ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ” იყო კანის ფესტივალზე და ამის გამოც, ბოტები და ტროლები არ ჩერდებიან.
"
მას შემდეგ რამდენიმე შემოთავაზება მომსვლია რუსეთიდან და როცა ქვეყანა ომშია ჩართული და დღეს რა სიტუაციაა საქართველოში, გამორიცხულია იქ წავიდე და ვითამაშო. წელს გავხდი ერთ-ერთი ყველაზე ციფრული ბანკის გლობალური სახე, ჩემი ფოტოებია აზიაში და ევროპაში, ამაზე არცერთ მედიას არ დაუწერია. როცა შენი პროფესიაა შეხვიდე და ახალგაზრდა გოგოს კომენტარები უწერო. მეცოდებით, ამას არანაირი გავლენა არ ექნება ჩემზე, ამ სისტემას უნდა, რომ ჩვენნაირი ადამიანები აქ კარგად არ იყვნენ. ძალიან გთხოვთ, გაარჩიეთ ერთმანეთისგან რა არ არის. მე გავაგრძელებ ისევ ჩემს საქმიანობას ამ ქვეყანაში სანამ შევძლებ და როცა ვეღარ შევძლებ ამასაც გეტყვით."
ანა ჯავახიშვილი და „ქართული ოცნება“

ანა ჯავახიშვილი 2017 წელს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კლიპშიც მონაწილეობდა. რამდენიმე თვის წინ მიცემულ ინტერვიუში მან ამ ფაქტზეც ისაუბრა:
- ახლა ნამდვილად ვნანობ.. თუმცა მაშინ, 2016-17 წელს "ქართული ოცნება" ცოტა სხვა პარტია იყო. მაშინ არც ამდენი ძალადობა და კურსის ცვლილება არ იყო, მეც 18 წლის ვიყავი და ამდენად ბევრს ვერ მოვთხოვ ჩემს თავს მაგ პერიოდიდან. პირველ კურსზე ვიყავი და საკითხებს ახლა ბევრად სხვანაირად ვუყურებ, ვიდრე მაშინ ვუყურებდი. ცოტა გული მწყდება, მეც რომ მონაწილეობა მაქვს ამ ყველაფერში მიღებული თავის დროზე, მიუხედავად იმისა რომ 2017 წელს იყო, მაინც არასასიამოვნოდ მახსენდება.

პროტესტი და ევროპული კურსი
ინტერვიუში ანა ჯავახიშვილმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და აღნიშნა, რომ ის აქციების აქტიური მონაწილეა და სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს.
- ამ აქციებზე მთავარი მუხტი აქციებზე ახალგაზრდებს უჭირავთ, რადგან ცვლილებების ინიციატორები ალბათ ყოველთვის ახალგაზრდები იყვნენ და არიან. აქციებზე ასევე ჩვენი მშობლები, ბებიები, ბაბუებიც დგანან, იქ ყველა თაობის წარმომადგენელია... თუმცა მაინც მთავარი მუხტი და ძალა ახალგაზრდების არის.მეც იმ ახალგაზრდებთან ერთად ვდგავარ, ვინც აქციებზეა.. არაერთხელ გამიპროტესტებია ევროპული კურსის შეცვლა ახლაც და ადრეც - მაისში, მარტში... მთავრობას მხარს არანაირად არ ვუჭერ, რადგან ქვეყნის კურსი შეცვლილია, ქვეყანაში ქაოსი, გაუგებრობა, ძალადობაა... მეც და ჩემი თაობის წარმომადგენლები ვგმობთ ( როგორც ახლა არის მოდაში ეს სიტყვა) მსგავს საქციელს...
წაიკითხეთ ასევე: