ბერმუდის სამკუთხედი ალბათ პლანეტის ერთ - ერთი ყველაზე იდუმალი ადგილია, რომელიც მთელ მსოფლიოში თავისი უცნაური ფენომენით არის ცნობილი - დაწყებული ჰაერში გამქრალი თვითმფრინავებით ,დამთავრებული გემი მოჩვენებით. თუმცა როგორც მეცნიერები აცხადებენ, დღეს მის საიდუმლოს საბოლოოდ აეხადა ფარდა.

სამკუთხედის ხანგრძლივმა, საბედისწერო შემთხვევებით სავსე ისტორიამ არაერთი ზებუნებრივი ჰიპოთეზის წარმოშობას შეუწყო ხელი.
თუმცა, ყველა მეცნიერი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ბერმუდის სამკუთხედში რაიმე განსაკუთრებული საიდუმლო არსებობს.
ზოგი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ავარიებისა და კატასტროფების სტატისტიკა ამ რეგიონში სტანდარტული მაჩვენებლების ფარგლებში ჯდება და ბერმუდის სამკუთხედი, უბრალოდ, მითია. მომხდარი ინციდენტები კი კარიბის ზღვის რთული სანავიგაციო პირობებით და ძლიერი ღელვით აიხსნება.
საუთჰემპტონის უნივერსიტეტის ოკეანოგრაფი დოქტორი საიმონ ბოქსოლი აცხადებს, რეალური მიზეზი არც უცხოპლანეტელებთან და არც პარალელურ სამყაროში მიმავალ პორტალთან არ არის დაკავშირებული.

დოქტორის განმარტებით, ბერმუდის სამკუთხედში გაუჩინარებული ადამიანების რეკორდული რაოდენობის მიზეზს ექსტრემალური შტორმული ტალღები ე.წ rogue wave წარმოადგენს. აღნიშნული ტალღები ორ-სამჯერ აღემატება ქარიშხლის დროს წარმოქმნილ ჩვეული ტალღის ზომას და შეიძლება სიმაღლეში 30 მეტრსაც კი გადააჭარბოს. ისინი გემს სხვადასხვა მხრიდან, მათ შორის ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით ენარცხებიან და საბოლოოდ ძირავენ. ბოქსოლის თქმით ასეთ “ სასიკვდილო ტალღებში“ მოხვედრილი დიდი ზომის ხომალდი შეიძლება სულ ორ-სამ წუთში ჩაიძიროს.
თავად ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებულმა მისტიკურმა თეორიებმა განსაკუთრებული პოპულარობა 1918 წელს USS Cyclops-ი გაუჩინარების შემდეგ მოიპოვა.

USS Cyclops ამერიკული ნახშირმზიდი გემი იყო, რომელიც ფლოტს საწვავით ამარაგებდა. ის პირველი მსოფლიო ომის დროს მარტში ბაია-დან (ბრაზილია) ბალტიმორის მიმართულებით გადაადგილდებოდა, როდესაც სამკუთხედში უეცრად ისე გაუჩინარდა, რომ უბედურ შემთხვევაზე შეტყობინების გაგზავნაც კი ვერ მოახერხა.
165 მეტრი სიგრძის მქონე გემისა და მისი 306 ადამიანისგან შემდგარი ეკიპაჟის კვალი დღემდე ნაპოვნი არ არის.
ამ მოულოდნელმა გაუჩინარებამ უამრავი შეთქმულების თეორია წარმოშვა, თუმცა როგორც დოქტორი საიმონ ბოქსოლი ვარაუდობს, USS Cyclops სწორედ აღნიშნულმა ტალღებმა ჩაძირეს.
ბერმუდის სამკუთხედი იდეალური ადგილია მსგავსი მოვლენებისთვის, აქ ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან დაძრული ქარიშხლები ერთმანეთს ეჯახება და თუ ამას ფლორიდიდან დაძრული შტორმიც დაემატა, უკვე მკვლელი ტალღები წარმოიქმნება.

ბოქსოლმა და მისმა კოლეგებმა Cyclops-ის მაშტაბური მოდელი შექმნეს, რათა ენახათ რა დაემართებოდა გემს თუ მსგავს ტალღებში მოხვდებოდა. კვლევებმა აჩვენა, ტალღები იმდენად დიდი და ციცაბო შეიძლება იყოს, რომ ქარიშხალში მოხვედრილი ხომალდი მათ მწვერვალებს შორის უბრალოდ “ეკიდება“, მისი შუა ნაწილი საყრდენის გარეშე ჰაერში რჩება, შედეგად კორპუსი შუაზე იხლიჩება და ხომალდიც რამდენიმე წუთში ფსკერისკენ მიდის.