2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 31 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88 %-ს შეადგენს.
"შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 31 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88 %-ს შეადგენს.
2025 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი - 4 000 - ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000 - მდე გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1 700-ზე მეტი აპლიკანტი გააგრძელებს - დაფინანსდა 700-ზე მეტი გამოსაცდელი.
2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.