ძიუდოისტი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი ილია სულამანიძე დაინიშნა. მან საყვარელ ქალს, მოცურავე თაკო მეგრელიძეს ხელი საბერძნეთის ულამაზეს კუნძულ სანტორინიზე სთხოვა. წყვილის ცხოვრებაში ეს მნიშვნელოვანი მოვლენა 22 აგვისტოს მოხდა.

"დღე, როცა ჩვენი სამწლიანი სიყვარული ახალ დასაწყისად იქცა", - ასე აღნიშნა თაკომ ნიშნობა სოციალურ ქსელში და ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც ბედნიერი წყვილი ულამაზეს ხედების ფონზე პოზირებს.
ილიას რჩეული, თაკო მეგრელიძე, ასევე სპორტსმენია. მას, როგორც მოცურავეს, არაერთ შეჯიბრებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია.

ჟურნალ "სარკესთან“ ინტერვიუში ილიას დედამ აღნიშნა, რომ ილიამ და მისმა ძმამ, შაკომ, საცოლეები ერთდროულად, მის დაბადების დღეზე გააცნეს.
"ჩემს დაბადების დღეზე, 19 დეკემბერს, ორივემ ერთად მომიყვანა სარძლოები გასაცნობად. ძალიან კარგი გოგონები არიან. ცუდად არ გამიგოთ, იმდენად ჭკვიანი ბიჭები მყავს, რა თქმა უნდა, მათ არჩევანსაც ვენდობი. როცა მათი არჩევანი ჩემთვისაც მოსაწონია, ამას რა სჯობს. კარგად აღზრდილი ლამაზი გოგონები არიან. ილიას შეყვარებული სპორტსმენი იყო, მოცურავე და რომ ვნახე ფოტოები, ილიაზე მეტი მედლებიც კი აქვს. ახლა იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს," - ამბობდა ილია სულამანიძის დედა.
