ბოლო პერიოდში კვლავ გააქტიურდა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი სომხეთის სოფლი-მეურნეობის პროდუქციის მიღებას ფიტოსანიტარიული სტანდარტების მიზეზით ზღუდავს. სომეხი პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ ზემო ლარსის გამშვები პუნქტიდან სომხეთში უკან გაბრუნდა ასობით სატვირთო ავტომობილი. თუმცა, მოგვიანებით, ოფიციალურმა ერევანმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ უკან დაბრუნებულია მხოლოდ 4 სატვირთო. აღსანიშნავია, რომ გასული თვეების განმავლობაში საუბარი იყო იმის შესახებაც, რომ რუსეთი ბლოკავდა სომხეთიდან ალკოჰოლს, თევზეულს, ყვავილებსა და თხევად გაზს.
როგორც ცნობილია, სომხეთის ეკონომიკა წლებია უკვე ძირითადად რუსეთზეა მიბმული. თუმცა, ბოლო მოვლენებმა (აზერბაიჯანთან ომის დასრულებამ, თურქეთთან თანამშრომლობის გაღრმავებამ, დასავლეთთან უფრო მჭიდრო კონტაქტებმა და ზანგეზურის დერეფანმა) ერევანს შესაძლებლობა მისცა ახალი სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოეყალიბებინა. მიმდინარე პროცესები გარკვეულწილად ართულებს სომხეთის ურთიერთობას რუსეთთან, თუმცა, მეორე მხრივ, ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკური და პოლიტიკური კურსის დივერსიფიკაციის შესაძლებლობას აჩენს.
იმ ფონზე, როცა სომხეთ-რუსეთს შორის ტვირთბრუნვის მნიშვნელოვან კვანძს წარმოადგენს საქართველო, ცხადია, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო გაურკვევლობა პირდაპირ თუ ირიბად აისახება საქართველოზეც. ამ ფონზე ჩნდება კითხვა, როგორ იმოქმედებს ბოლო პერიოდის მოვლენები საქართველოზე და რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო.
ამ და სხვა კითხვებით "ბიზნესპრესნიუსმა“ "ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრ ნიკოლოზ ალავიძეს მიმართა:
- რუსეთის ხელწერა სომხეთთან მიმართებაში ჩვენთვის ძალიან ნაცნობია, 2004, 2006, 2014 წლები რომ გავიხსენოთ (ემბარგო, მოქალაქეების გამოძევება და ა.შ.), ზუსტად იგივე მეთოდს მიმართა რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ, რასაც ახლა სომხეთთან მიმართებაში იყენებს. ვიცით, სომხეთის ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკაზე ძალიან იყო მიბმული. რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულებით გამოწვეული კრიზისები სომხეთზე რამდენჯერმე რეალიზდა, მაგალითად, 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით. მაშინ საკმაოდ მძიმე დარტყმა მიიღო სომხეთის ეკონომიკამ, მაგრამ სომხები მობილიზებულები არიან და გარკვეულწილად შეძლეს გადაწყობა, თუმცა, სომხეთს აქვს დიდი გეოგრაფიული პრობლემა - ზღვასთან პირდაპირი გასასვლელი არ აქვს და გასვლა უწევთ საქართველოს გავლით.
მიუხედავად გამოწვევისა, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით, აზერბაიჯანთან ომის დასრულებითა და თანამშრომლობის მემორანდუმებით პოზიტიური მოლოდინი გაუჩნდა სომხეთს და კავკასიის რეგიონსაც. სომხეთმა აზერბაიჯანთან ომი ახალ ეტაპზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადაიყვანა, რაც ავტომატურად ნიშნავს სტრატეგიულ პარტნიორობას თურქეთთან. ვფიქრობ, რომ შექმნილ ვითარებაში სომხეთი იმდენად მოწყვლადი აღარ უნდა იყოს რუსეთის ეკონომიკაზე მიბმის გამო, როგორც აქამდე. ვხედავთ, რომ რუსეთი ამჟამად თავის ერთადერთ და კარგად დამუშავებულ ინსტრუმენტს იყენებს სომხეთის წინააღმდეგ, რათა მოახდინოს მასზე პირდაპირი და ირიბი გავლენა. მომავალი წლის თებერვალში სომხეთში არის არჩევნები და რუსეთი ყველანაირ ძალას აამოქმედებს სომხეთის წინააღმდეგ. რუსეთისთვის ესეც კარგად ნაცადი ინსტრუმენტია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამის მოლოდინი აქვთ სომხეთის შესაბამის სტრუქტურებსაც და შესაბამის ზომებს გაატარებენ.
- რთული პერიოდი იქნება სომხეთისთვის, მაგრამ სომხეთი შეძლებს კრიზისის გადალახვას, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის დახმარებით. ამასთანავე, ახლად შეძენილი პარტნიორები აზერბაიჯანი და თურქეთი, არ დაუშვებენ, რომ ზანგეზურთან დაკავშირებული დიდი გადაწყვეტილებების შემდეგ, პროცესები ნეგატიურად განვითარდეს. სომხეთმა მოახერხა და გლობალურ პოლიტიკურ რუკაზე კარგად დააპოზიციონირა თავი და მიმაჩნია, რომ კარგად ესმოდათ, რომ ეს გზა მარტივი არ იქნებოდა; ვფიქრობ, რომ ისინი მიიღებენ როგორც აშშ-სგან, ასევე ევროკავშირისგან ფინანსურ და ინსტიტუციურ დახმარებას, იქიდან გამომდინარე, რომ ზანგეზურის დერეფნის მიმართ დაინტერესება დიდია.