22 წლის პორტუგალიელი ხართან მებრძოლი მანუელ მარია ტრინდადე, თავის სადებიუტო გამოსვლას ასრულებდა ლისაბონის კამპო პეკენიოში, როდესაც სანახაობა ტრაგედიად იქცა.




გადაღებულ ვიდეოში ჩანს როგორ გარბის “ფორკადო“ ტორეადორი უზარმაზარი ხარისკენ, რათა ცხოველი გააღიზიანოს, შემდეგ 1 500 ფუნტი წონის მქონე ხარი, მთელი სისწრაფით ეჯახება ადამიანს, რქებზე აიტაცებს და არენის კედელს ანარცხებს.

ხარის საბოლოო დამორჩილება დანარჩენმა მებრძოლებმა მოახერხეს, რომლებიც არენაზე მანუელის დასახმარებლად გავიდნენ, თუმცა შველა დაგვიანებული აღმოჩნდა. ადგილზე მისულმა პარამედიკოსებმა 22 წლის მამაკაცი სხეულის მძიმე დაზიანებებით სან ჟოზეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გულისა და სუნთქვის გაჩერებით გარდაიცვალა კიდევაც.

საბედისწერო სანახაობას კიდევ ერთი ადამიანი, 73 წლის ვასკო მორაიშ ბატიშტა შეეწირა, ის ტრაგედიის დროს ლოჟაში იმყოფებოდა და როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, აორტის ანევრიზმა აწუხებდა, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია.
“ფორკადო“ პორტუგალიელ ხართან მებრძოლს ჰქვია, რომელიც ცხოველს განზრახ აღიზიანებს იმ მიზნით, რომ აგრესია გამოიწვიოს და შეტევაზე წამოიყვანოს. შოუში რვა "ფორკადო" მონაწილეობს და თითოეული მათგანი ინდივიდუალურად ცდილობს ხარის დამორჩილებას.

განსხვავდებით ესპანური კორიდისგან, სადაც ხარს ბოლოს მატადორი კლავს – 1836 წლიდან, პორტუგალიაში მოქმედი აკრძალვის გამო არენაზე ხარის მოკვლა ნებადართული არ არის.
“ფორკადოები“ ყოველგვარი იარაღისა და დამცავი აღჭურვილობის გარეშე მოქმედებენ. მთავარი მიზანი ცხოველისთვის რქებში ხელის ჩავლება და მისი შეჩერებაა, წარმატების შემთხვევაში, გამარჯვებულს უკვე დანარჩენი თანამებრძოლები ეხმარებიან და ხარს მიწაზე აჩოქებენ.