დანიაში, არშჰუსის ყურეში წყლის ზედაპირიდან დაახლოებით 8 მეტრის სიღრმეზე არქეოლოგებმა ქვის ხანის დასახლებას მიაკვლიეს.
კვლევები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს ჩაძირული ჩრდილოეთ ევროპის ლანდშაფტების გამოკვლევასა და დეტალური რუკების შედგენას, ასევე დაკარგული მეზოლითური დასახლებების აღმოჩენას, რისი აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ტექნოლოგიური განვითარებამ ყოველწლიურად ზღვებში დამონტაჟებული ინფრასტრუქტურის მოცულობის ზრდაც გამოიწვია.
როგორც წყალქვეშა არქეოლოგი პეტერ მოე ასტრუპი ამბობს, დღემდე მსგავს დასახლებების ძირითადად ხმელეთზე პოულობდნენ.
“მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივად, საქმე გვაქვს ზღვის სანაპირო ხაზზე განლაგებულ დასახლებასთან, ბოლო გამყინვარების შემდეგ, უზარმაზარი მყინვარები დნებოდა და ზღვის დონე მკვეთრად იმატებდა, რის გამოც წყლის ნაპირზე განლაგებული ქვის ხანის დასახლებები დროთა განმავლობაში წყალში ჩაიძირა და მონადირე-შემგროვებლები იძულებული გახდნენ ხმელეთის შიდა ტერიტორიებზე გადასახლებულიყვნენ“, - ამბობს ის.

არქეოლოგებმა პირველი ჩაყვინთვისას ცხოველების ძვლები, ქვის იარაღები, ისრის ბუნიკები, დამუშავებული ხის პატარა ნაჭრები აღმოაჩინეს.
“ეს თითქოს დროის კაფსულია... ყველაფერი შესანიშნავადაა შენახული. როცა ზღვის დონემ აიწია, ყველაფერი წყლით დაიფარა... დრო აქ, უბრალოდ, შეჩერდა", - განუცხადა ასტრუპმა ჟურნალისტებს

ზღვის დონის ზრდამ ათასობით წლის წინ ის უზარმაზარი ტერიტორია ჩაძირა, რომელიც დღეს “დოგერლენდის“ სახელითაა ცნობილი. აღნიშნული ხმელეთის ნაწილი ბრიტანეთს კონტინენტურ ევროპასთან აკავშირებდა, დღეს კი ჩრდილოეთის ზღვის სამხრეთ ნაწილის ფსკერზეა მოქცეული.
მსგავსი წყალქვეშა კვლევები საშუალებას იძლევა პასუხი გაეცეს კითხვებს, როგორ ცხოვრობდნენ ქვის ხანის ადამიანები ზღვების სანაპიროებზე და ასევე იმასაც, თუ როგორ ერგებოდნენ ისინი მიმდინარე კლიმატურ ცვლილებებს.