არქეოლოგიური გათხრებისას მკვლევრებმა უზარმაზარი განძი, ოქროს მონეტების დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს, მათი განცხადებით “მონეტები დიდი ხნის წინ გამქრალი ცივილიზაციის მიერ არის მოჭრილი“

აღმოჩენის შესახებ განცხადება ჰრადეც-კრალოვეში მდებარე აღმოსავლეთ ბოჰემიის მუზეუმმა გააკეთა. დასახლება სადაც ძვირფასეულობა იპოვეს ე.წ. ლა ტენის პერიოდს მიეკუთვნება, ის რეგიონული ვაჭრობის და წარმოების ცენტრს წარმოადგენდა, თავის განვითარების პიკს კი დაახლოებით ძვ.წ. II საუკუნეში მიაღწია.

ლა ტენის პერიოდი ევროპაში კელტების ძალაუფლების აყვავების ეპოქას აღნიშნავს, მას ევროპაში რომაული ექსპანსიის პერიოდი მოსდევს.
გარდა ოქროს მონეტებისა არქეოლოგებმა ასევე ვერცხლის მონეტები, ქარვის და მეტალის ნაკეთობები, მდიდრული სამკაულები, კერამიკული ჭურჭელი და “სხვადასხვა ფუფუნების საგნები“ აღმოაჩინეს.

ჯამში ყველა ნაპოვნი არტეფაქტის წასაღებად მკვლევრებს 22,000-ზე მეტი ტომარა დასჭირდათ, რაც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს არქეოლოგიურ აღმოჩენას წარმოადგენს.
თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბოლო წლებში ჩეხეთი საინტერესო არქეოლოგიური აღმოჩენების ასპარეზად იქცა.
წელს, გაზაფხულზე, აღმოსავლეთ ბოჰემიის მუზეუმმა ასევე გამოაცხადა, რომ მოლაშქრეებმა უკაცრიელ მინდორში საიდუმლო ოქროთი სავსე საგანძური იპოვეს.
ხოლო გასულ წელს ცენტრალური ბოჰემიის რეგიონში სეირნობის დროს, ქალმა შემთხვევით შუა საუკუნეების დროინდელი 2,150 ვერცხლის მონეტა აღმოაჩინა.