ავტორი:

ქართველ გოგონას, რომელსაც ნიუ-იორკში რესტორანი აქვს, მომხმარებელმა აქცენტის გამო დასცინა - ამერიკელთა მხარდაჭერა მარიამს და მედიის გამოხმაურება: "ის, უბრალოდ, რასისტია"

ქართველ გოგონას, რომელსაც ნიუ-იორკში რესტორანი აქვს, მომხმარებელმა აქცენტის გამო დასცინა - ამერიკელთა მხარდაჭერა მარიამს და მედიის გამოხმაურება: "ის, უბრალოდ, რასისტია"

ნიუ-იორკი, უამრავი კულტურისა და ენის ქალაქი, სადაც მილიონობით ადამიანი ცხოვრობს, მუშაობს და ოცნებებს ისრულებს, ზოგჯერ უსიამოვნო მოვლენების ეპიცენტრიც ხდება. სწორედ ასეთი ამბავი დატრიალდა მანჰეტენზე მდებარე ქართულ რესტორან "Mamali NYC“-ში, რომლის მფლობელი, ქართველი გოგონა მარიამი, უხეში მომხმარებლის თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ამის თაობაზე მასალას "ნიუ იორკ პოსტი" ავრცელებს.

როგორც ირკვევა მარიამს კლიენტმა ინგლისური აქცენტის გამო დასცინა და უთხრა, რომ "კარგად უნდა ელაპარაკა“. ინციდენტს, რომელიც მარიამმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გააზიარა, მალევე ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოების მხრიდან უდიდესი მხარდაჭერა მოჰყვა.

  • კონფლიქტი, რომელიც ვირუსულად გავრცელდა

როგორც უკვე ვთქვით, ვიდეო, რომელიც მარიამმა რესტორნის TikTok-ის გვერდზე ატვირთა, უსიამოვნო სიტუაციას ასახავს.

მარიამი მომხმარებლის შეკვეთას იღებს, თუმცა, სიტყვა "bowl“-ის (თასი) გამოთქმის გამო კლიენტი მას ვერ უგებს. მომხმარებელი აგრესიულად ეკითხება, "bowl“-ს ამბობს თუ "bone“-ს (ძვალი). მარიამი, რომელიც მხოლოდ 25 წლისაა და ამერიკაში ოთხი წელია ცხოვრობს, ცდილობს სიტუაციის განმუხტვას და უხსნის, რომ საქართველოდანაა, ამიტომაც მისი ინგლისური შეიძლება სრულყოფილი არ იყოს.

მომხმარებელს მიზეზი არ აკმაყოფილებს და ამბობს, რომ რადგან ამერიკაში მუშაობს, კარგი ინგლისური უნდა იცოდეს. ის მარიამს უყვირის და მოითხოვს, რომ რესტორნის მფლობელს გაესაუბროს, რომელიც "უკეთ ლაპარაკობს ინგლისურად“. როდესაც მარიამი აუხსნის, რომ თავად არის რესტორნის მფლობელი, მამაკაცი კიდევ უფრო ბრაზდება, რესტორანს ტოვებს და ეუბნება: "წადი და ცოტა ინგლისური ისწავლე“. ამ ერთი შეხედვით უბრალო ფრაზაში უამრავი დამცირება და ქედმაღლობა იკითხებოდა - წერს ადგილობრივი მედია. ეს ინციდენტი არ ყოფილა მხოლოდ ენობრივი გაუგებრობა, არამედ იყო შეტევა ადამიანის ღირსებაზე, მის წარმომავლობასა და მძიმე შრომაზე.

  • საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა და რეაქცია

მარიამმა გამოქვეყნებულ ვიდეოზე დაწერა: "იქნებ ჯერ კიდევ მაქვს აქცენტი ან ყველა სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცი, მაგრამ ვსწავლობ. სწავლა ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია ცხოვრებაში და ამ პროცესში ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ“.

ვიდეოს, რომელმაც 3.5 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, საზოგადოების მხრიდან უდიდესი მხარდაჭერა მოჰყვა. კომენტარებში მომხმარებლები მამაკაცის ქცევას მკაცრად გმობდნენ და მარიამს ამხნევებდნენ.

"შენი ინგლისური იდეალურია, ის, უბრალოდ, რასისტია. უარის თქმის უფლება გაქვს, სთხოვე, რომ წავიდეს!“ - წერს ერთი მომხმარებელი.

"შენი ინგლისური ამერიკაში დაბადებული ინგლისურენოვანი მოსახლეობის 60%-ზე უკეთესია,“ - აღნიშნა მეორემ.

"მისი ნათქვამი ფრაზა, "you should speak good English" თავად არ არის სწორი ინგლისური,“ - დაწერა მესამემ.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ ნიუ-იორკის მსგავს ქალაქში, სადაც ამდენი იმიგრანტი ცხოვრობს, აქცენტის გამო ვინმეს დაცინვა "არანიუიორკულია".

ამ კომენტარებმა ნათლად აჩვენა, რომ აგრესიული მომხმარებლის აზრი უმცირესობაშია და საზოგადოების უმრავლესობამ სოლიდარობას გამოუცხადა ქართველ რესტორატორს.

მხარდამჭერი კომენტარების შემდეგ, მარიამმა მადლობის ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ცრემლებს ძლივს იკავებდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ინციდენტმა ძალიან შეაწუხა, ახლა მადლიერია, რომ ეს მოხდა, რადგან ამან უამრავი ახალი და პოზიტიური ადამიანი გააცნო.

"რამდენიმე დღის წინ უცხო ადამიანმა დამცინა ჩემი აქცენტის გამო. რამდენიმე დღის შემდეგ კი უამრავი უცხო ადამიანი მთელი მსოფლიოდან სიყვარულს და მხარდაჭერას მაჩვენებს. ეს დამცირება სიყვარულად გადაიქცა... ძალიან ბედნიერი ვარ თქვენ გამო და მადლობელი ვარ ყველასი. აღარ ვარ გაბრაზებული, პირიქით, ბედნიერი ვარ, რადგან რომ არა ის ბიჭი, ამ საოცარ ადამიანებს ვერ შევხვდებოდი“, - - ამბობს ის.

რესტორანი "Mamali NYC" გრინვიჩ-ვილიჯში, ლეგენდარული "Village Cigars"-ის ყოფილ შენობაშია განთავსებული.
  • მარიამი და რესტორანი "Mamali NYC

მარიამი ამერიკაში თავდაპირველად სასწავლებლად ჩავიდა, მაგრამ ნიუ-იორკი იმდენად შეუყვარდა, რომ სწავლისთვის განკუთვნილი თანხით West Village-ში საკუთარი ოცნების რესტორანი, Mamali NYC გახსნა. რესტორანი სტუმრებს ქართულ კერძებს, ავსტრალიურ ყავასა და ორიგინალურ კოქტეილებს სთავაზობს, რითაც ქართულ კულტურასა და გემოებს ნიუ-იორკის გულში აცოცხლებს.