უკვე მესამე დღეა, გომის მთაზე 85 წლის ზურაბ უსტიაშვილს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, პენსიონერი ელექტრონულ ფესტივალზე შვილიშვილის მოსაძებნად წავიდა და მას შემდეგ მისი კვალი იკარგება.
როგორც დაკარგული მოხუცის შვილიშვილი, სანდრო ლემსაძე აცხადებს, ბაბუა ფესტივალს არ ესწრებოდა, იგი სახლიდან შვილიშვილის მოსაძებნად გავიდა, თუმცა ძლიერი ნისლის გამო უკან დაბრუნებას ვეღარ მოახერხა და გზა აებნა.
ახლობლების თქმით, ზურაბ უსტიაშვილი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა, თუმცა ერთი მხედველობა ჰქონდა გაუარესებული. მას თან ტელეფონი არ ჰქონია, რაც სამძებრო სამუშაოებს კიდევ უფრო ართულებს. სამაშველო სამსახურებთან ერთად, პენსიონერის ძებნაში ადგილობრივებიც არიან ჩართულები.
სანდრო ლემსაძე:
- არანაირი სიახლე არ არის, დღემდე ვეძებთ. ბევრი განსხვავებული ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ბაბუა ტექნო ფესტივალს ესწრებოდა. ბაბუა და ბებია ერთად ცხოვრობენ გომის მთაზე. შვილიშვილის საძებნელად გამოვიდა, რომელიც ფესტივალზე იმყოფებოდა, ძალიან დიდი ნისლი რომ წამოვიდა, უკან დაბრუნდა ალბათ სახლისკენ და გზას ვეღარ მიაგნო.
- ახლა როგორი ამინდია.
- ორი დღე ნისლი იყო, დღისით კარგი ამინდი იყო და ახლა ისევ ნისლი წამოვიდა. ბებო გააფრთხილა, გავალ, ვნახავ, სად არის წასულიო. მასწავლებელი კაცია, გეოგრაფიას ასწავლიდა წლები, დირექტორიც იყო. ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია, არც ფეხი უშლიდა, არც გული აწუხებდა. ერთადერთი ხედავდა ცუდად.
- შესაძლოა ცხოველი შეხვედროდა?
- არა, ერთადერთი რისი ეჭვიც გვაქვს, ნისლში გზა აერია.... იმ დღეს, როდესაც ჩემი ბიძაშვილი სახლში დაბრუნდა, ბებომ ჰკითხა, ბაბუ შენთან ერთად არ მოვიდა, შენს საძებნელად წამოვიდაო. შვილიშვილი მაშინვე გავიდა ბაბუას საძებნელად, ყველა ეხმარებოდა, მაგრამ ისეთი ნისლი იყო, რომ შეუძლებელი იყო. ძალიან ნერვიულობს შვილიშვილიც, პატარაც არ არის...
- სხვა დროს თუ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, რომ მაგ ტერიტორიაზე დაკარგულა ადამიანი...
- მე გომის მთის ხშირი სტუმარი არ ვარ, მაგრამ, გამიგია, ყოფილა შემთხვევა ნისლში ვიღაც დაკარგულა და 4-5 დღის შემდეგ გამოჩენილა, მას შემდეგ რაც ცა გადაიწმინდა. თან ტელეფონი არ ჰქონია, არც იჭერს და იფიქრა ალბათ, რომ აზრი არ ჰქონდა. მხოლოდ ფანარი წაიღო. ნეტავ, წაეღო ტელეფონი, იქნებ ჯიპიესით მაინც გვეპოვა. ძალიან კეთილი ადამიანია, შვილიშვილების მოყვარული...
წაიკითხეთ ასევე: