ავტორი:

"როცა დამირეკა, ნასროლი არ ჰქონდა, როგორც კი შევედი, გათიშული იყო... 9 წუთში გვყავდა საოპერაციო მაგიდაზე“ - ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის დეტალებს იხსენებს

"როცა დამირეკა, ნასროლი არ ჰქონდა, როგორც კი შევედი, გათიშული იყო... 9 წუთში გვყავდა საოპერაციო მაგიდაზე“ - ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის დეტალებს იხსენებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, გადაწყდება, საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს.

პროცესს ესწრება ბრალდებული ალექსი ახვლედიანი. მისი თქმით, თორნიკე რიჟვაძემ ტელეფონზე თავად დაურეკა, თუმცა, არაფერი უთქვამს, რის შემდეგაც მასთან ოთახში შევიდა და ის დაჭრილ მდგომარეობაში დახვდა.

  • “კლინიკის ერთ-ერთი მთავარი ექიმი ჩემი მეგობარია. დავურეკე, სასწრაფოდ საოპერაციო დამახვედრონ-მეთქი. ქირურგებს ხელთათმანები ეკეთათ უკვე, ექიმი საოპერაციოდან რომ გამოვიდა, ფეხსაცმელი არ ეცვა, „ნასკებით“ იყო. 9 წუთში გვყავდა [თორნიკე რიჟვაძე] საოპერაციო მაგიდაზე“, - განაცხადა ახვლედიანმა განაცხადა სხდომაზე.

“სახლიდან „112“-ში ორჯერ დავრეკე, ოპერატორი დაკავებულია, დაელოდეთო. როგორ დაველოდებოდი? მერე ვიფიქრე, მარტო დამეძრა [თორნიკე], მაგრამ ეს მოწყვეტილი კაცი რა ყოფილა.

300 გრამიც რომ დამატებოდა [სისხლის დაკარგვა]... ნეტა მაისური სცმოდა, შედიხარ, თეთრ კანზე ამხელა სისხლის ლაქა....

ჩემი აზრით, როცა დამირეკა, ნასროლი არ ჰქონდა, როგორც კი შევედი, გათიშული იყო, ნასროლზე ვერ დარეკავდა, როგორც მითხრეს“, - განაცხადა ახვლედიანმა.

  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა უპასუხა შეკითხვას იმის თაობაზე, იმყოფებოდა თუ არა მამუკა მდინარაძე შემთხვევის ადგილზე.

“ბატონ მამუკას [მდინარაძეს] დღემდე არ შევხვედრილვარ, საერთოდ თვალით არა მყავს ნანახი - შესაბამისად არც ყოფილა!

მამუკა მდინარაძის ბიოგრაფია წავიკითხე და შს სამინისტროში ერთსა და იმავე პერიოდში გვიმუშავია. ჩემდა სამწუხაროდ, მამუკა მდინარაძეს არ ვიცნობ და ერთ სივრცეშიც არ ვართ ნამყოფი.

რაც შეეხება ზეწოლას, სად გაგიგიათ, რომ უმცროსი შვილის თანდასწრებით, მომსახურე ქალის თანდასწრებით და ჩემი უახლოეს ადგილობრივი მეგობრების თანდასწრებით უნდა ჰქონოდა ზეწოლა? - მე, მამამისს თუ მის სიძეს?!

თორნიკეს ერთი ძალიან ცუდი თვისება ჰქონდა, რომელზეც მუდმივად მქონდა ხელჩართული ბრძოლა - ვთქვათ, დაიწერა ჩემზე რამე, შეიძლება წავიკითხე ან არც წავიკითხე, მას ტელეფონი ეჭირა და უნდა ჩაჰყოლოდა კომენტარის კომენტარის კომენტარს. ვეუბნებოდი: თორნიკე ეს შენ ჭკუიდან გადაგიყვანს, არ შეიძლება ასე, რადგან მილიონი უსაქმურია და მილიონი გაბოროტებული ადამიანია!

ადამიანს, რომლის მიმართაც აქვთ კითხვები, რომელზეც არის ზეწოლა, მას ელჩობას უპირებენ?!“, - განაცხადა ახვლედიანმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

  • საქართველოს პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება

სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

გამოძიების ინფორმაციით, 6 ივლისს, საღამოს საათებიდან აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური თორნიკე რიჟვაძე სტუმრად საგარეჯოში, მეგობრის ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა. პროკურატურის ცნობით, 7 ივლისს, დაახლოებით, 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში თორნიკე რიჟვაძემ ალექსი ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ალექსი ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული, მალულად აიღო და მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში. მარტო დარჩენილმა კი, თვითმკვლელობის მიზნით გულმკერდის არეში ისროლა, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

იხილეთ ასევე: