ჩვენში ჯერ კიდევ მოიძებნება ხალხი, რომელიც ოკუპანტ რუსეთს ერთმორწმუნედ მოიხსენიებს, სწორედ ამ "მორწმუნე" ქვეყნის მმართველმა რეჟიმმა ერთ-ერთი დიდი ქრისტიანული დღესასწაულის დღეს - მარიამობას მასშტაბური შეტევა მიიტანა უკრაინაზე.
ღამით უკრაინის ქალაქები რუსული რაკეტებისა და დრონების თავდასხმას ქვეშ მოექცა. კიევში დარტყმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ხელისუფლების ცნობით, დედაქალაქში სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი დაშავდა.

უკანასკნელი მონაცემებით, რომელიც კიევის პროკურატურამ გაავრცელა, დადასტურებულია 14 ადამიანის, მათ შორის სამი არასრულწლოვანის სიკვდილი.
მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ, განაცხადა, რომ დარნიცკის რაიონში დაიღუპა 12 ადამიანი, სადაც ხუთსართულიანი სახლის ნაწილი დაინგრა, კიდევ ერთი ადამიანი კი - შევჩენკოვოს რაიონში.

დარნიცკის რაიონში რაკეტის პირდაპირი დარტყმით გაანადგურა ხუთსართულიანი სახლის მთელი სექცია.

ქალაქის ხელისუფლება იუწყება, რომ ნანგრევებში ადამიანები კვლავაც რჩებიან, რამდენიმე მოქალაქე ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება. BBC-ის კორესპონდენტის ცნობით, ადგილზე ოთხი დაღუპულის სხეული ნახა.
კიევის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ, თქვა, რომ თავდასხმაში გამოყენებული იყო სხვადასხვა სახის იარაღი: "შაჰედები“, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ასევე "კინჯალები“. დარტყმები დაფიქსირდა კიევის შვიდ რაიონში - დარნიცკის, დნეპროვსკის, სოლომენსკის, შევჩენკოვოს, გოლოსეევსკის, ობოლონსკისა და დესნიანსკის.
დაზიანდა ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობა, ასევე ბრიტანული საბჭოს ოფისი. ქალაქის მასშტაბით სერიოზულად დაზიანდა საცხოვრებელი და საოფისე შენობები, მათ შორის 25-სართულიანი კორპუსი, სავაჭრო ცენტრი და ასობით ავტომობილი.

ტკაჩენკოს თქმით: "სულ ქალაქში დაზიანებული ობიექტების რაოდენობა ასეულს მიაღწევს, ათასობით ფანჯარაა განადგურებული. ახლა მაშველები თითოეულ ლოკაციას ამუშავებენ“.
ამ დროისთვის კიევში მუშაობს დაახლოებით 500 მაშველი და 1000 პოლიციელი. დედაქალაქში კვლავ მოქმედებს საჰაერო განგაში - "მტრის დრონების ახალი შეტევის საფრთხე არსებობს“, - ამბობს ადმინისტრაცია.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა: "რუსეთი ისევ ირჩევს ბალისტიკას, და არა მოლაპარაკებების მაგიდას. დღეს რუსული რაკეტები და დრონები ნათელი პასუხია ყველასთვის, ვინც კვირაობითა და თვეობით ითხოვდა ცეცხლის შეწყვეტას და რეალურ დიპლომატიას“.


მან მსოფლიოს მოუწოდა, ახალ სანქციებს დაუჭირონ მხარი: "უკვე ყველა დათქმა ჩაიშალა, ყველა შესაძლებლობა დიპლომატიისთვის განადგურებულია. დროა რუსეთის მიმართ დაწესდეს ახალი მკაცრი სანქციები. ის უნდა აგებდეს პასუხს თითოეულ დარტყმაზე და თითოეულ დღეზე, რაც ამ ომს აგრძელებს“.
იხილეთ ასევე: