28 აგვისტოს, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში 2025 წლის ევრობასკეტის C ჯგუფის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 83:69 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე შენგელიას მატჩში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ნაკრების კაპიტანმა მაინც ითამაშა.

საქმე კი არც ისე მარტივად იყო.
კვიპროსში ევრობასკეტზე საასპარეზოდ ჩასულ საქართველოს ნაკრებს გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია აეროპორტში დახვდა. იმჟამად უკვე ცნობილი იყო, რომ შენგელია გულის არითმიის გამო გამოკვლევების ჩასატარებლად ბარსელონაში იმყოფებოდა და ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა ვერ მიიღო.
"ბარსელონას“ ახალწვეულს წერილი "მარკამ“ მიუძღვნა და აღნიშნა, - ესპანელთა პირველ მეტოქეს სერიოზული პრობლემა აქვს, რამეთუ ქართველთა ვარსკვლავს და ლიდერს ექიმებმა პირველ ორ შეხვედრაში, მათთან და იტალიასთან თამაში არ ურჩიესო...
"თუმცა, "თოკოს“ თამაში ნებისმიერ ფასად უნდა და შესაძლოა, იტალიასთან პარკეტზე გავიდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ესპანეთთან მისი მონაწილეობა სრულად გამორიცხულია და ეს შეიძლება მხოლოდ პირადი პასუხისმგებლობით გააკეთოს. ის ყოველთვის უზარმაზარ ერთგულებას ავლენდა თავისი ეროვნული ნაკრებისა და ქვეყნის მიმართ. რამდენიმე კვირის განმავლობაში, როდესაც ფიბასა და ევროლიგის ფანჯრები დაემთხვა, ის 24 საათში ორ მატჩს ატარებდა. როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ცსკა-ში ირიცხებოდა და მაშინვე დატოვა კლუბი, ვინაიდან ჩათვალა, რომ არმიულ გუნდში ასპარეზობა არ შეეძლო.

შენგელიამ "ბარსელონასთან" კონტრაქტი მომდევნო სეზონისთვის მას შემდეგ გააფორმა, რაც "ვირტუსთან" ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა. ფორვარდმა სენსაციური შედეგები აჩვენა, მათ შორის ერთ შეხვედრაში, როდესაც ტრავმირებული იყო, ქამბექის ავტორი გახდა. მისი ხასიათიდან გამომდინარე, ეჭვგარეშეა, რომ ევროპის ჩემპიონატზე იქნება. ვნახოთ, მისცემს თუ არა ამის საშუალებას გული“, წერდა "მარკა".
თოკომ ესპანელებს იმედი გაუცრუა და პირველივე მატჩში, ექიმების აკრძალვის მიუხედავად, სწორედ საკუთარი პასუხისმგებლობით ითამაშა, მისი თავდადება საბედნიეროდ შედეგიანი გამოგდგა, მან, როგორც ჭეშმარიტმა ლიდერმა მოსაგებად გაიყვანა პარკეტზე გუნდი - ესპანეთი დამარცხებულია.
"ესპანეთი საშინელ სადებიუტო მატჩში განადგურდა. ამაზე უარესს ვერ წარმოვიდგენდით და ჯგუფიდან გასასვლელად თამაშის გაუმჯობესებაა საჭირო. შენგელიამ ექიმების რეკომენდაცია არად ჩააგდო და მაინც გავიდა პარკეტზე. წავაგეთ მეტოქესთან, რომლის ერთი ლიდერი გარეგნულად სასტუმროს შვეიცარს მოგაგონებთ (ბითაძე - რედ.), მეორეს კი არითმია აქვს. მათ ევრობასკეტის წინ ექვსივე შეხვედრა დათმეს", - დაწერა მატჩის შემდეგ "მარკამ".
"თორნიკე შენგელიას მონაგარი ესპანეთთან მატჩში ასეთია: 13 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება.
"კაპიტნის ფაქტორი მოედანზე ბევრ რაიმეს ცვლის და როცა შენი ლიდერი შენგელიასნაირი თავგანწირული მოთამაშეა, შენ უკან დასახევი გზა მოჭრილი გაქვს. მოგეხსენებათ, თორნიკე ნაკრებს ყველაზე ბოლოს შეუერთდა, "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ გულთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა... არ ვიცოდით შეძლებდა თუ არა თამაშს, გამოვიდა, 20 წუთი ითამაშა და მოედანზე, როგორც სჩვევია, ყველაფერი გაიღო, ქმნიდა სივრცეებს, იყო საიმედოობის გარანტი, პარკეტის ორივე მხარეს თანაბრად იხარჯებოდა და მატჩის ბოლოს გულითაც იცინოდა... თვითონ ყველაზე ამაყი იყო, რადგან მისმა ბიჭებმა თითქოს და "რუბიკონი" გადალახეს. ზოგადად, ლიდერის ფაქტორი გუნდის წარმატების სიმბოლოა, თორნიკე კი ჩვენი ნაკრებისთვის საუკეთესო მეომარია", - წერს sportall.ge.
მატჩის შემდგომი გამოხმაურებები ვრცლად წაიკითხეთ: sportall.ge - ზე