ეს ადამიანი 4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის ოპოზიციის - "გახარია-საქართველოსთვის“ და "ლელოს“ საერთო კანდიდატია. მას პოლიტიკოსობის გარდა სხვა უამრავი რეგალია აქვს. პროფესიით ისტორიკოსმა - ეთნოლოგ-ეთნოგრაფმა ბევრ სფეროში სცადა ბედი, მათ შორის ბიზნესშიც. მის სახელს უკავშირდება სხვადასხვა პროექტები, არის სახელმწიფო მმართველობისა და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი და 25 წლიანი გამოცდილების მედიამენეჯერი, სამი დიპლომის პატრონი და ორი სტუდენტი ვაჟის მამა... რაც მთავარია, 120 წლის შემდეგ, გაბედა და მშობლიურ კუთხეში აჯანყების გარეშე მეორედ ჩამოაყალიბა "გურიის რესპუბლიკა“. "გურიაში როცა ჩავდივარ, მეგობრები ხუმრობით "გურიის პრეზიდენტს“ მეძახიან“ - იხსენებს გიორგი შარაშიძე.

მის პიროვნებად ჩამოყალიბებას თბილისსა და თბილისელებს უმადლის. "სადაც არ უნდა წავიდე, მთაწმინდის იტალიური ეზოს სიტკბო დღემდე თან დამყვება... მახსოვს ის ურთიერთობები, მეზობლების ერთმანეთთან გადაძახილი, ფეხბურთის მატჩის შემდეგ აივნიდან-აივანზე მისი განხილვები... ეს იყო ნამდვილი თბილისური ისტორიები, ფილმ "მზე შემოდგომისას“ სიუჟეტს რომ მოგაგონებს: "ცოცხალი თევზი დაგჭირდება? - მეთევზე შენი მეზობელია. აბანოში ურიგოდ შესვლა გინდა? - მექისეც შენი მეზობელია. ბარგის გადაზიდვა გინდა? - მუშები საძებნელი არ გაგიხდება..." - დაახლოებით ამის პირდაპირი მომსწრე-მნახველი ვარ. ვინც ძველი იტალიური ეზოს მადლს არ ზიარებია, ის ამ სიტკბოს ვერც შეიგრძნობს. თბილისი ხომ მართლაც ურთიერთობების ქალაქია, რომელიც გასწავლის, როგორ უნდა შედგე ღირსეულ ადამიანად..."
თბილისის საკრებულოს მოქმედ დეპუტატსა და "გახარია-საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრ გიორგი შარაშიძეს დედაქალაქთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო გეგმა აქვს, მათ შორის აქვს ამბიცია, რომ საკრებულო უფრო ქმედუნარიან ინსტიტუციად აქციოს. მთავარი, რასაც თბილისელებს ჰპირდება, კორუფციის დამარცხება და ახალი სტანდარტის თანამედროვე მმართველობის დანერგვა, მერიისა და საკრებულოს ურთიერთობის ევროპულ სტანდარტზე გადაყვანა და მაქსიმალური გამჭვირვალობაა.
- თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში - მთაწმინდაზე დავიბადე, ალექსანდრე ჭავჭავაძის 20 ნომერში. ბავშვობა ტრადიციულ იტალიურ ეზოში გავატარე, საბავშვო ბაღშიც იქ დავდიოდი, შემდეგ იყო 42-ე მათემატიკური, ვეკუას სახელობის სკოლა. დაწყებითი კლასების დამთავრების შემდეგ ჩემი ოჯახი დიღომში გადავიდა და მეხუთე კლასიდან 147-ე, ანზორ ჩაფიძის საკმაოდ წარმატებულ სკოლაში გავაგრძელე სწავლა. უბნის შეცვლის მიუხედავად, მთაწმინდასთან და ძველ კლასელებთან კონტაქტი არ გამიწყვეტია, ამ მხრივ მდიდარი სამეგობრო მყავს.

მთაწმინდაზე დედის - მარინე ჩიტაიშვილის სახლი გახლდათ, ის ძირძველი მთაწმინდელია, გარემოს დაცვის მიმართულებით მუშაობდა. მამა, არჩილ შარაშიძე, სამწუხაროდ, ადრეულ ასაკში, 2011 წელს გარდაიცვალა, გეოლოგი იყო და მელიორაციის მიმართულებით მუშაობდა, სხვადასხვა ქალაქებში მელიორაციის სამმართველოს უფროსი გახლდათ. ჩემზე წლინახევრით უმცროსი და მყავს, სოფო, რომელიც ოთხ შვილის დედაა და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. დედამ ჩათვალა, რომ სოფოს, როგორც გოგონას, მუსიკაზე უნდა ევლო, მე კი ცურვაზე შემიყვანეს. მერე ისე მოხდა, რომ ჩემი დის მაყურებელს, ძალიან მომეწონა მუსიკა და ფორტეპიანო, საკმაოდ გვიან მოვინდომე და დაჟინებული თხოვნის შემდეგ, მეც შემიყვანეს მუსიკალურ შვიდწლედში, რომელიც მე-10-ე კლასში დავამთავრე. უკვე დიდი ბიჭი ვიყავი, ამ ასაკში სხვა ინტერესები გიჩნდება, მაგრამ გინდა - არ გინდა, შვიდწლედი უნდა დაამთავრო. ზოგადად არ მჩვევია დაწყებული საქმის მიტოვება, ამიტომ, როგორც იქნა, ეს სკოლაც დავამთავრე. ჩემი და უფრო ცელქი იყო, მთაწმინდაზე ყველა ისე მიცნობდა, როგორც სოფოს ძმას, მე მშვიდი და მორიდებული ვიყავი, სოფოს კი სიცელქით სახელი შორს ჰქონდა გავარდნილი (იცინის).

იტალიური ეზოების სიტკბო, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს სადღაც გაქრა, დღემდე თან მომყვება, მახსოვს ის ურთიერთობები, მეზობლების ერთმანეთთან გადაძახილი, ფეხბურთის მატჩის შემდეგ აივნიდან-აივანზე მისი განხილვები... ეს იყო ნამდვილი თბილისური ისტორიები, ფილმ "მზე შემოდგომისას“ სიუჟეტს რომ მოგაგონებდა: ,,ცოცხალი თევზი დაგჭირდება? - მეთევზე შენი მეზობელია. აბანოში ურიგოდ შესვლა გინდა? - მექისეც შენი მეზობელია. ბარგის გადაზიდვა გინდა? - მუშები საძებნელი არ გაგიხდება“... - დაახლოებით ასეთი სიტუაციების პირდაპირი მომსწრე-მნახველი ვარ, პროდუქტების გაცვლა-გამოცვლაზე აღარაფერს ვამბობ. თბილისი ხომ მართლაც ურთიერთობების ქალაქია, რომელიც გასწავლის, როგორ უნდა შედგე ღირსეულ ადამიანად... დედაქალაქში ისეთ ადამიანებთან შეხვედრა და ურთიერთობა გიწევს, რომელთა არსებობაც შენთვის დამატებით ღირებულებებს ქმნის, მათი დანახვით, ყურებით, ქცევითა და, მით უმეტეს, რჩევებით და ურთიერთობით უფრო მდიდრდები. თბილისი ჩემთვის ქალის მიმართ პატივისცემაა, კაცობაა, სუსტის მიმართ შესაბამისი მოპყრობის, ღირსეული საქციელის, ამ ყველაფრის მასწავლებელია ჩემთვის თბილისი. იმდენად დიდი ისტორიის ქალაქია, მას იმდენი ღირსეული პიროვნება და კოლორიტი გაუზრდია, არანაირი მორალური უფლება არ გაქვს, დიდი წინაპრების წინაშე არასათანადო რამ ჩაიდინო, პირიქით, გაქვს პასუხისმგებლობა მეტად იშრომო იმისთვის, რომ შენი პატარა წვლილი შეიტანო ქალაქის განვითარებაში, როგორც შეგეძლება და სადაც არ უნდა იყო, არ აქვს მნიშვნელობა.
- ჩემი სტუდენტობა ყველაზე რთულ პერიოდს დაემთხვა. წარმოიდგინეთ, 1993 წელს გავხდი სტუდენტი, 1 -ელ სექტემბერს მივედი უნივერსიტეტის პირველ კორპუსში და 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი... ასეთ პერიოდში მომიწია სტუდენტობა. მანამდე, აბიტურიენტობის 2 წელიწადს ლამფის შუქზე მაქვს მომზადებული ყველა საგანი - არ იყო დენი, გათბობა, უკიდურესად რთული ვითარება იყო, ლამფის შუქზე წიგნებთან ერთად ბევრჯერ დამთენებია. მიუხედავად ამისა, მაინც შევძელი, მაღალი ქულებით ჩამებარებინა უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე. მაშინ ახალი გახსნილი იყო საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და ყველაზე პრესტიჟულადაც ითვლებოდა. მოგეხსენებათ, ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია, როცა რაც უნდა ჭკვიანი ყოფილიყავი, ნაცნობის და პროტექციის გარეშე პრესტიჟულ ფაკულტეტზე ვერ მოხვდებოდი. მოკლედ, როცა რისკები გავთვალე და ჩავთვალე, რომ ამ ფაკულტეტზე ვერ მოვეწყობოდი, პროფესორ სოსო ჭანტურიშვილის რჩევით, ისტორიის ფაკულტეტზე შევიტანე საბუთები. ვფიქრობდი, თუ მაინც და მაინც მენდომებოდა, საერთაშორისოზე გადამეტანა საბუთები. მერე მქონდა კიდეც მცდელობები, არ გამოვიდა, თავი დავანებე და ისტორიულზე დავრჩი. მერე აქტიურად ჩავერთე სტუდენტურ აქტივობებში და გავხდი უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩეული პრეზიდენტი. ფაკულტეტის შეცვლის სურვილი და ინტერესი თანდათან გამიქრა და ასე შევრჩი ისტორიულ ფაკულტეტს თავისი ასპირანტურით, სადაც 3 წელი ვისწავლე.

ჩემი ძირითადი სპეციალობა ეთნოლოგია-ეთნოგრაფია იყო, მზად მქონდა დისერტაციაც, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ვეღარ დავიცავი. უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის თავმჯდომარედ ორი ვადით ვიყავი არჩეული, 4 წლის განმავლობაში (1997-2001 წლები) ვიყავი უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ლიდერი. მედიასთან და ადამიანებთან ჩემი ურთიერთობაც სწორედ ამ პერიოდიდან იწყება...

ამის მერე კიდევ ორ უნივერსიტეტში ჩავაბარე - 2005 წელს GIPA დავამთავრე, მაშინ ძალიან ახალი და პრესტიჟული უნივერსიტეტი იყო, რომელიც ზურაბ ჟვანიამ დააფუძნა, რექტორი კი გიორგი მარგველაშვილი იყო. 2-წლიანი სახელმწიფო მმართველობის სამაგისტრო კურსი გავიარე, რასაც მოჰყვა მანჩესტერის უნივერსიტეტი, გავხდი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი. სამი უნივერსიტეტი კი მაქვს დამთავრებული, მაგრამ რაც დედაუნივერსიტეტში ვისწავლე და შევიძინე (მარტო ცოდნას არ ვგულისხმობ), იმას არაფერი შეედრება. სტუდენტურ მოძრაობაში ჩართულობამ დამატებით კიდევ ბევრი რამ შემძინა. დღეს თუ რამ ჩემი პირადი კაპიტალი გამაჩნია, იქნება ეს ლიდერობის გარკვეული უნარები, ორგანიზების, საჯარო გამოსვლების, თუ ადამიანებთან ურთიერთობის კუთხით, მთელი ამის ფუნდამენტი უნივერსიტეტმა და იმ წლებმა მომცა.

- მოხდა ისე, რომ როგორც უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის ლიდერს, ვისაც გარკვეული ცნობადობა მქონდა, მსოფლიო ბანკის ეკონომიკური რეფორმების საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შემოთავაზება მივიღე. საქართველოს მაშინდელ მთავრობას რეფორმების გატარებაში და მოსახლეობამდე მათი მიტანის საქმეში დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდა. ამ სფეროში მონაწილეობდნენ ამერიკელი პიარ კონსულტანტები და როცა ეკონომიკური რეფორმების საინფორმაციო ცენტრის დირექტორად დავინიშნე, ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი, პარალელურად უნივერსიტეტში სახელმწიფო გამოცდებს ვაბარებდი. ეს სფერო თავიდან ბოლომდე ეხებოდა პიარს და მედიაკომუნიკაციებს, რადგან მაშინდელ რეფორმებს პიარ და საკომუნიკაციო მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა. რამდენჯერმე მომიწია ტრენინგებზე ამერიკაში ვიზიტი, ურთიერთობა მქონდა ამერიკელ კონსულტანტებთან და აქედან გამომდინარე, უფრო და უფრო დაიხვეწა ჩემში იდეა მედია სფეროში მეცადა ბედი. ამერიკაში შეხება მქონდა "CNN“-თან, ვიმყოფებოდი "ვაშინგტონ პოსტში“ და სხვადასხვა გამოცემებში, ასევე თეთრი სახლის პრეს სამსახურში. მახსოვს, იმხანად ამერიკაში ძალიან პოპულარული იყო გაზეთი "USA TODAY”, ქუჩებში ყველგან მისი უზარმაზარი რეკლამები მხვდებოდა... ძალიან დამუხტული ჩამოვედი საქართველოში და რამდენიმე თვეში, 2000 წლის მარტში დავაფუძნე გაზეთი - “Georgia Today”, რისი მთელი ინსპირაციაც ჩემი ამერიკული მოგზაურობიდან მოდის. მოგეხსენებათ, იქ რა დონეზე იყო პრესა განვითარებული, მაშინ ბეჭდური გამოცემების დიდი ბუმი იყო...

25 წელია გასული და “Georgia Today” დღემდე წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთია, დღესაც მის გამომცემლად ვრჩები და ვზრუნავ იმაზე, რომ მან არსებობა გააგრძელოს. საქართველოში ჟურნალ "OK“-ს გამომცემელიც მე გახლავართ (2014 წელს შემოვიტანე ცნობილი ბრიტანული გამოცემა), ასევე, 7 წელია, რაც მთელ მსოფლიოში ცნობილი ამერიკული გავლენიანი ბიზნეს-გამოცემის, ჟურნალ “ENTREPRENEUR”-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი ვარ. ამ მედია პლატფორმით ბევრ ადამიანს ვეხმარებით მეტი უნარები და ცოდნა შეიძინონ, უკეთ მართონ საკუთარი ბიზნესები. წლებთან ერთად მედიამენეჯერად ჩამოვყალიბდი, თუმცა სხვა სფეროებშიც გამიჩნდა ინტერესი. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში ბიზნესის შესახებ ბევრი რამ ვიცოდი, მანჩესტერის უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნით გამყარებული სულ სხვანაირად ვუყურებ ბიზნეს პროცესებს, ჩემთვის უკვე ნებისმიერი სფერო საინტერესოა, თუ ამით კარგი საქმის გაკეთება შეიძლება. სხვა უამრავ პროექტს აღარ ჩამოვთვლი, ესეც საკმარისია...

პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ, მალევე გახდა ცნობილი, რომ გიორგი გახარია პარტიის დაარსებას აპირებდა. ჩემთვის გახარია იყო ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი პოლიტიკაში, მომწონდა მისი პრინციპული, გონივრული, სახელმწიფოებრივი ნაბიჯები და მხარსაც ვუჭერდი როგორც ახალი თაობის პოლიტიკოსს. გიორგის პირადად ვიცნობდი და მისგან შემოთავაზება მივიღე, უარი არ მითქვამს და მეც ამ პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელი გავხდი. მაშინ, მოგეხსენებათ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო, ვიყავი თბილისის საკრებულოს დეპუტატად წარდგენილი და სათანადო მხარდაჭერის შემდეგ, საკრებულოში აღმოვჩნდი, დღემდე მოქმედი დეპუტატი ვარ. ამ გამოცდილების გათვალისწინებით მოხდა ისე, რომ ახლა, როდესაც ჩვენ და "ლელო“ კანდიდატებზე ვთანხმდებოდით, ჩვენი მხრიდან მე ვარ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და "ლელოს“ მხრიდან ირაკლი კუპრაძე - მერობის კანდიდატი. მე ასევე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაჟორიტარ დეპუტატად ვიყარო კენჭი დიღმის მასივში, უბანში, სადაც სკოლა მაქვს დამთავრებული და ბევრი მეგობარი მყავს.
სამწუხაროდ, "ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ საკრებულოს როლი დაეკნინებინა. ნორმალურ, ნამდვილ ევროპულ დემოკრატიაში საკრებულოს არანაკლები დატვირთვა აქვს, ვიდრე მერიას. საკრებულო იმისთვის არსებობს, რომ მუდმივად აკონტროლოს მერიის გადაწყვეტილებები, ის, ასე ვთქვათ, ერთგვარი ბალანსის და გაწონასწორების ინსტიტუტია, რომელიც თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, მერიის ყველა გადაწყვეტილება იყოს არა მხოლოდ მასთან შეთანხმებული, არამედ მისი აქტიური თანამონაწილეობით განხილული და ხშირ შემთხვევაში თვითონ უნდა ჰქონდეს ინიციატივები. დღევანდელი საკრებულო კალაძის ნოტარიუსად ქცეული მორჩილი უმრავლესობაა, რომელიც მერიიდან წამოსულ ყველა გადწყვეტილებას უსიტყვოდ უჭერს მხარს. გვინდა, ეს მიდგომა შევცვალოთ და საკრებულო უფრო ქმედუნარიან ინსტიტუციად ვაქციოთ.


- რამდენიმე წელია, რაც ჩემი მეუღლე - მაიკო წერეთელი ჟურნალ “OK”-ს მთავარი რედაქტორია. მაიკოც უნივერსიტეტელია, პარადოქსია, მაგრამ იქ არ გამიცნია, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა სტუდენტს ვიცნობდი. ჩვენ უნივერსიტეტის დასრულების მერე, სულ სხვა სიტუაციაში გავიცანით ერთმანეთი. მაიკო პროფესიით კლასიკური ფილოლოგია, სტუდენტობიდან ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა (სხვათა შორის, პირველად ჯერ კიდევ სტუდენტობისას "ბომონდში“ მიიღო გამოცდილება), “OK”-მდე მარკეტინგის მიმართულებით მუშაობდა, მერე გახდა მთავარი რედაქტორი.

მე და მაიკოს ორი ვაჟი გვყავს - ლაზარე სექტემბერში 21 წლის გახდება, სტუდენტია, უნდა, რომ ბედი ბიზნესში სცადოს და ძიების პროცესშია. არჩილი ახლახან ჩაირიცხა უნივერსიტეტში სოციოლოგიის სპეციალობით, ამავე დრო, ის პრაღის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად ემზადება და, სავარაუდოდ, აქ აკადემიურის აღება მოუწევს.


- კიდევ ერთ საინტერესო რამეს გეტყვით: ჩვენი მშობლიური მხარე გურიაა, მამის, არჩილ შარაშიძის და ჩემი წინაპრების მამული სოფელ ბუკისციხეში იყო. ჩემი წინაპრები თავადაზნაურები იყვნენ და კომუნისტების მოსვლის შემდეგ ჩვენი მიწები სახელმწიფომ წაიღო, მერე სხვებს დაუბრუნდათ, რამდენიმე წლის წინ ჩვენ ამ მიწების ნაწილი დავიბრუნეთ, სადაც ახლა გურული ვაზის ჯიში - ჩხავერი გავაშენე, კარგი ვენახი გამოვიდა, მალე ღვინოსაც ჩამოვასხამთ. ეს ადგილი ტურისტულ, აგრალურ, სოციალურ და კულტურულ სივრცედ წარმომიდგენია. ბევრი რამ მაქვს ჩაფიქრებული, არა მხოლოდ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, არამედ ეს იქნება გარკვეული შეხვედრების ადგილი - ერთ სივრცეში ღვინო, დასვენება, ინტელექტუალური საუბრები... ამ აგროტურისტულ პროექტს დავარქვი ძალინ მაგარი სახელი - "გურიის რესპუბლიკა“. ჩემი იქაური მეგობრები ხუმრობით გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტს მიძახიან, ჩემს გურიაში ჩასვლას პრეზიდენტის ვიზიტად მოიხსენიებენ (იცინის).

მოგეხსენებათ, "გურიის რესპუბლიკა“ 1905 წელს შეიქმნა, ეს იყო სოციალ-დემოკრატიული მმართველობა, რომელიც წელიწადნახევარი არსებობდა. მაშინ გურულებმა გაბედეს და პირდაპირ დაუპირისპირდნენ რუსეთის ძლევამოსილ იმპერიას. სხვათა შორის, "გურიის რესპუბლიკის“ სულისჩამდგმელი და ლიდერი (მას "გურიის პრეზიდენტს“, ხშირ შემთხვევაში - "გურიის მეფეს“ ეძახდნენ) სოციალ-დემოკრატი ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი იყო, რომელიც არა ერთხელ იყო რეპრესირებული. პირველი რესპუბლიკის დროს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, 1919 წელს ბენია გახლდათ თბილისის პირველი არჩეული მერი (1919-1920 წლები), მაგარი ქართველი, რომელმაც ბევრი კარგი საქმის გაკეთება მოასწრო, მათ შორის - თბილისისთვის. თუმცაღა, როცა ბენია ჩხიკვიშვილზე ვსაუბრობთ, ის დიდწილად აღიქმება მაინც როგორც "გურიის რესპუბლიკის“ უშიშარ პრეზიდენტად, რომელმაც გაბედა და რუსეთის მძლავრ იმპერიას დაუპირისპირდა. მაქვს ჩანაფიქრი, რომ ამ ადამიანის პატივსაცემად ჩემი წინაპრების მამული "გურიის რესუბლიკად“ იწოდებოდეს. კიდევ ერთი, რაც მაქვს ჩაფიქრებული, გურიის მუზეუმია, არა იმდენად ეთნოგრაფიული, არამედ ადამიანების მუზეუმი - მინდა, მუზეუმის ტიპის გურულ ტრადიციულ ოდაში საუკუნეების განმავლობაში არსებული ყველა გამოჩენილი გურულის პორტრეტი და მოკლე ბიოგრაფია იყოს თავმოყრილი და ყველამ, ვინც ჩამოვა, ნახოს, რა მაგარი ხალხია გურულები.

- რა თქმა უნდა, ბევრი კონკრეტული რამის დასახელება შეიძლება, მაგრამ ჩვენი პარტიის მთავარი პროექტი და პროგრამული ნაწილია თბილისისთვის მეტროს გაფართოების პროექტი. ამას შეიძლება ეწოდოს საუკუნის პროექტი, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ და რასაც დიდი დრო დასჭირდება... და მაინც, რასაც თბილისელებს ვპირდები, ესაა პირველ რიგში კორუფციის დამარცხება და მმართველობის შეცვლა. ჩვენ თუ მმართველობა არ შევცვალეთ, ანუ კორუფციული მმართველობიდან სწორ და გამჭვირვალე მმართველობაზე არ გადავედით, მათ შორის მერიისა და საკრებულოს ურთიერთობა მაქსიმალურად გამჭვირვალე და ახალი სტანდარტის თანამედროვე მმართველობად თუ არ ვაქციეთ, მაშინ არაფერს აქვს აზრი. სკვერებს ყველა გააკეთებს, ისინი ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ დიდი ბოდიში, კალაძე 8 წელია მერია და ისევ სკვერი-სკვერს გაიძახის. სკვერს ნებისმიერი მერი გააკეთებს, ყველაზე გამოუცდელიც კი, ამას გამგეობებიც გააკეთებენ... ეს არ არის სერიოზული კონკურენცია, ჩემთვის კონკურენცია არის დიდი, ძირეული ცვლილებები, ანუ ევროპული მმართველობა, კორუფციისგან გათავისუფლება, კადრებისა და გუნდის სწორად და კომპეტენციის მიხედვით შერჩევა და არა პარტიული ნიშნით და ბიძაშვილ-მამიდაშვილობით, საქმის უფრო სწრაფად და ხარისხიანად კეთება... პრიორიტეტულია იმ ფულის დაზოგვა, რომელიც დღეს კორუფციაში მიდის და ამ დაზოგილი ფულით ახალი საქმეების კეთება, - ეს არის მთავარი. ამ შემთხვევაში გვექნება უკეთესი სკვერებიც, გზებიც, შენობებიც და ყველა დანარჩენიც. ჩვენი მთავარი დაპირება მმართველობის გამოცვლაა და როგორც კი ის სუფთა, თანამედროვე, კარგი და გამჭირვალე გახდება, მერე უკვე ყველაფერს ეშველება. ჩემთვის მთავარი გამოწვევა ამაშია. თუ ვინმე მკითხავს, რითი იქნები უკეთესი, ვეტყვი - ამით. მე კი არა, ჩემს მიერ შექმნილი მმართველობა და სწორი სისტემა გააკეთებს კარგ საქმეებს თბილისისთვის და მთელი საქართველოსთვის, ეს არის ჩვენი ხედვა.