“ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ონისე ცხადაძე აქციაზე მარტო დგას, არავის არაფერს უთითებს, არც არავის ემორჩილება, იქ მდგომებთან არავისთან აქვს კავშირი“, - ამის შესახებ იუმორისტ ონისე ცხადაძის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ სასამართლოში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.
„საგნის სროლის მანძილი და ტრაექტორია არ არის დადგენილი და ბრალდება მაინც აცხადებს, რომ ეს სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანებისკენ იყო მიმართული...
ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულისთვის კავშირი, ნაცნობობა სახეზე უნდა იყოს, ასევე ხელმძღვანელი და ხელმძღვანელის მითითება. ამ კომპონენტებთან დაკავშირებით, ონისეს მიმართ რაიმე მტკიცებულება არ არსებობს.
[ბრალდებულებს] არც ერთმანეთთან და არც ორგანიზატორებთან კავშირი არ უდგინდებათ.... მადლობა, რომ გამომძიებელმა ის თქვა, რასაც 9 თვის განმავლობაში ვამბობდით“, - განაცხადა ცუცქირიძემ.
„ვიდეოში ჩანს, რომ ონისე მარტო დგას, არავის არაფერს უთითებს, არც არავის ემორჩილება, იქ მდგომებთან არავისთან აქვს კავშირი. ვიდეოში ასევე კარგად ჩანს, რომ ონისე ჯიბეებში ხელჩაწყობილი დგას, არც ზურგჩანთითაა და არც რამე უკანონო ნივთით შეიარაღებული არ არის.
ვიდეოში პოლიციის წარწერით ზურგით მდგარი პირები ჩანან, თუმცა მათი ქმედებები პოლიციელებს არ შეესაბამებოდა. ნორმალურ ქვეყანაში პოლიციელი გაუპატიურების და ძალადობის მუქარით არ უნდა იყოს წარმოდგენილი. ეს რეალურად მაფიქრებინებს, რომ იქ ნამდვილად პოლიციელები არ იყვნენ“, - განაცხადა ცუცქირიძემ.
მან სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა ონისე ცხადაძის სიტყვებით დაიწყო, რომელიც ბრალდებულმა მაშინ თქვა, როცა მამის გარდაცვალების შემდეგ, სხდომაზე პირველად გამოცხადდა.
„აუცილებლად უნდა დავიწყო ონისეს სიტყვებით, იმ სიტყვებით რომელიც მან მისთვის მძიმე დღეებში სასამართლო პროცესზე თქვა. ვიდრე სამართლებრივ ნაწილზე გადავალ, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ და გაჩვენოთ, ვის მიმართ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება.
ონისეს ციტირება: „ეს, რაც მოხდა, ჩემი პირადი ტრაგედიაა და ადრე თუ გვიან, ეს ჩემი და ჩემი ოჯახის სატარებელი იქნება, მეტი არავის. მე არ ვაპირებ რომ არ გაპატიოთ ადამიანურად. მე არ მექნება არავის მიმართ ბოღმა, ღვარძლი და მტრობა. მე უარესსაც ველოდები, ხვალ შეიძლება მე არ ვიყო. ასეთი ბრძოლაა! რა უჭირს, მე რომ ხვალ არ ვიყო და ქვეყანა გადარჩეს, ოღონდ, ეს მოხდეს და მეტი არაფერი მაინტერესებს“.
აი, ეს ადამიანია დღეს საბრალდებო სკამზე და ამ ადამიანს ემუქრება 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რომლისთვისაც სამშობლო და საკუთარი ქვეყანა არის უპირატესი, ვიდრე თავისი თავი“, - განაცხადა ცუცქირიძემ.
ის ამ წუთებში საკუთარ დასკვნით სიტყვაშია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ხარისხზე საუბრობს.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.