ევრობასკეტის გახსნით მატჩში საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ, ესპანეთთან დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა: 15 ქულა, 5 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა. ქართველმა ცენტრმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, როგორც ყოველთვის ფარს კარგად იცავდა, რითაც გასული ევრობასკეტის საუკეთესო კალათბურთელს, ვილი ერნანგომესს სათამაშო არეალი შეუზღუდა. გოგამ მოედანზე 23 წუთი დაყო, გარკვეულწილად ეს ყოველივე ზედმეტმა პერსონალურმა ჯარიმებმა გამოიწვია. მე-4 მეოთხედში, როდესაც ნაკრებს გაუჭირდა, ლიდერობა ბითაძემ ითავა, 2 სამქულიანი ჩააგდო, ულამაზესი ალეუპი დააგვირგვინა და დარბაზს ის მუხტი შესძინა, რომელმაც ბიჭები ერთიორად დამუხტა. საქართველომ ესპანეთი 83:69 დაამარცხა, მატჩის მთავარი ვარსკვლავი კი სწორედ გოგა ბითაძე იყო.

"ის ჩემი მეზობელი იყო საქართველოში. ცხოვრობდა დედასთან ერთად, ავტოფარეხში, რომელიც ოთახად ჰქონდათ გადაკეთებული. მათ სახლთან ახლოს ქუჩის სტადიონი იყო, სადაც ბავშვები ყოველთვის ფეხბურთს ვთამაშობდით. ყოველთვის, როცა სტადიონზე მივდიოდი, ის იქ იყო და გაუჩერებლად, საათობით ისროდა ბურთს გატეხილ კალათბურთის ფარში. ბავშვობიდან ბევრს შრომობდა, ამიტომ, თუ ვინმე იმსახურებს წარმატებას კალათბურთში, ეს სწორედ ის არის. საოცრად ბედნიერი და ამაყი ვარ მისით", - ასე გაიხსენა ერთ-ერთმა ქართველმა გულშემატკივარმა გოგა ბითაძის ისტორია.

"გოგა, ჩემი სოფლის შვილია! ერთ უბანში გავიზარდეთ! უკვე მეორე წელია, ჩვენი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ბავშვებს საახალწლო სიურპრიზებს უკეთებს! წელსაც საუკეთესო საჩუქრები აჩუქა. დიდი არაფერია, შეიძლება ითქვას, რომ მის გარეშეც არავის არაფერი დააკლდება და ისიც ისე იცხოვრებს, როგორც სურს. მაგრამ ბედნიერებაა, რომ არ ავიწყდება, ვინ არის, საიდან მოდის და სადაა მისი ფესვები! პირველ რიგში, დიდი მადლობა ლელა დეიდას, რომ ასეთი შვილი გაუზარდა ბადიაურს, საქართველოსა და მთელ მსოფლიოს! ულევი წარმატება და სიყვარულით სავსე ცხოვრება ასეთ მაგარ ბიჭს!“ - იხსენებს მეზობელი საგარეჯოდან.
პატარა გოგა კახეთში, სოფელ ბადიაურში დაიბადა და იზრდებოდა. თავიდან კალათბურთი დიდად არ უყვარდა. ექვსი წლის ბიჭისთვის თითოეული ნაბიჯი ემოციურ ნაღმზე დგომას ჰგავდა. ერთი არასწორი ნაბიჯი და მისი მწვრთნელი ბრაზდებოდა, მერე კი ბევრი სირბილი უწევდა. რისთვის? მას ხომ ისედაც ესმოდა, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს ტანჯვა საკმარისი არ იყო?
"ისინი ვერ გრძნობენ ტკივილს შეცდომის გამო?“ - ფიქრობდა მომავალი ვარსკვლავი.

მაგრამ კალათბურთი მის სისხლში იყო. ის მამის, გოჩა ბითაძის კვალს გაჰყვა, რომელიც ასევე პროფესიონალი კალათბურთელი იყო. მართალია, მისი კარიერა ტრავმის გამო ნაადრევად დასრულდა, მაგრამ მოგვიანებით ის პროფესიონალი მოჭიდავე გახდა. გოჩა ბითაძე ოთხი წლის წინ გარდაიცვალა.
"დასაწყისში ძალიან გამიჭირდა. ნამდვილად არ მსიამოვნებდა, მაგრამ მაღალი ვიყავი, ამიტომ თამაში მიწევდა,“ - თქვა ბითაძემ.
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ცუდი დღე იყო, სახლში ყოველთვის ელოდნენ დედა და დეიდა, რომლებიც ყოველდღიურად 14 საათს მუშაობდნენ მაღაზიაში. ისინი შინ დაღლილები ბრუნდებოდნენ. ასეთი იყო ცხოვრება საგარეჯოში. ბითაძის ოჯახი, ისევე როგორც მისი მეზობლები, დაუღალავად შრომობდნენ. მისი დედა და დეიდა, რომლებსაც ის "თავის ორ დედას“ უწოდებს, ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ოჯახში საკვები მიეტანათ. ბიჭი მათ შრომას აფასებდა და ფიქრობდა, კარგი იქნებოდა, მათთვის დასვენების საშუალება მიეცა.
"ვფიქრობ, ჩემი შრომისმოყვარეობა და გატაცება სწორედ აქედან მოდის. ამან ძალიან დამაფასებინა ჩემი ოჯახი. ამიტომ ვარ მათთან ასე ახლოს", - ამბობდა გოგა მოგვიანებით.
ერთხელაც სერიოზულად დაფიქრდა და დაასკვნა, რომ კალათბურთი არც ისე ცუდი რამ იყო. თუ მისი დედა და დეიდა ასე შრომობდნენ, მაშინ ისიც ბევრს შეძლებდა... მართალია, თავიდან ნელი და მოუქნელი იყო, მაგრამ თამაში შეეძლო. მას ჰქონდა ის საკალათბურთო IQ, რასაც მწვრთნელები პროფესიონალ მოთამაშეებში ეძებენ. მის ფიქრობდა, რომ თუკი ის თამაშებში ჩადებდა დიდ ძალისხმევას და ბევრს ივარჯიშებდა, მისი ოჯახის წევრებს აღარ მოუწევდა ბევრი შრომა და შეძლებდა მათი ბედნიერი ცხოვრების უზრუნველყოფას...
სირბილი და ვარჯიში ნაკლებად დამღლელი გახდა. მალე მიხვდა, რომ მწვრთნელი მხოლოდ იმიტომ იყო მკაცრი, რომ შეცდომები გამოესწორებინა და მათგან არა მხოლოდ კარგი კალათბურთელები, არამედ კარგი ადამიანები აღეზარდა. თანაგუნდელები მეორე ოჯახივით შეუყვარდა. ისინიც ისე გაიზარდნენ, როგორც თვითონ: მუდმივი ბრძოლა ყველა შესაძლებლობისთვის.
"მეგობრები, ერთად ბრძოლა, მუშაობა და თასების მოგება - ეს ყველაფერი ნელ-ნელა სიყვარულს მიღვიძებდა კალათბურთის მიმართ,“ - იხსენებდა მოგვიანებით.
15 წლის იყო, როდესაც გადაწყვიტა, რომ ახალი ცხოვრება სხვა ქვეყანაში დაეწყო. უყვარდა თავისი ოჯახი, მაგრამ იცოდა, რომ შეეძლო მათი ცხოვრება შეეცვალა. ოჯახის თანხმობით წავიდა და კალათბურთის თამაში სერბეთში დაიწყო. სწორედ იქ მიიღო მან პირველი ხელფასი, რომლითაც ოჯახს ეხმარებოდა. მაგრამ რაღაც ისე არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის დახმარება კარგი იყო, ბითაძეს სურდა, რომ ისინი მის გვერდით ყოფილიყვნენ სერბეთში. მალე ბითაძე "მეგა ბასკეტმა“ შეამჩნია, სერბულმა კლუბმა, რომელმაც ნიკოლა იოკიჩი და ივიცა ზუბაკი NBA-ს მოთამაშეებად აქცია.
სულ მალე ახალი ბაზარი გამოჩნდა: ამერიკის შეერთებული შტატები. ვერავინ იტყვის უარს NBA-ში თამაშის შესაძლებლობაზე, ამიტომ ბითაძემ თავისი სახელი 2019 წლის NBA დრაფტზე დააყენა. რამდენიმე თვის შემდეგ, ის ინდიანაში გადავიდა, რათა "პეისერსში“ თავისი NBA კარიერა დაეწყო.
"კალათბურთისგან მიღებულმა ფულმა ოჯახს საშუალება მისცა, თავი დაენებებინათ მძიმე შრომისთვის. ახლა მისი დედა და დეიდა მაღაზიაში მხოლოდ საჭმლის საყიდლად მიდიან", - ვკითხულობთ უცხოურ სტატიაში.

"მათ თავიანთი საქმე შეასრულეს. ისეთი ბედნიერი ვარ, რომ მათ აღარასოდეს მოუწევთ ლუკმა-პურის საშოვნელად მუშაობა", - თქვა ბითაძემ.
ბითაძის ცხოვრება ნამდვილად განსხვავდება იმისგან, რაც ადრე იყო. ის ახლა ორლანდოში კომფორტულად ცხოვრობს. ეს ოცნებაა, რომელიც მისთვის და მისი ოჯახისთვის ახდა. მას აღარ უწევს იმ პრობლემებზე ფიქრი, რაც ბავშვობაში ჰქონდა. სინამდვილეში, ის ამ სირთულეებს სიყვარულით იხსენებს, რადგან მათ გარეშე ის არ იქნებოდა იქ, სადაც ახლაა.
"თუმცა იმ დროს ეს სასიამოვნო არ იყო, ახლა ვამაყობ, რომ იქიდან მოვედი", - ამბობს ბითაძე.
მალე მისი ოცნება ორლანდოში გადასვლაზე ახდა. მან ინდიანა დატოვა და "ორლანდო მეჯიქს“ შეუერთდა. ამ გუნდმა შანსი მისცა, რომ თავისი ნამდვილი შესაძლებლობები გამოევლინა. "მეჯიქში“ ის მალევე მიიღეს.
"ორლანდო მეჯიქის“ ძირითადი ცენტრი, ვენდელ კარტერ უმცროსი, ტრავმის გამო 3 კვირით ჩამოშორდა თამაშს. ეს დიდი დარტყმა იყო გუნდისთვის. ბითაძე, რომელიც მესამე ცენტრად ითვლებოდა, მწვრთნელმა ჯამალ მოსლიმ ძირითად ცენტრად დაასახელა.
"ასეთი რაღაცებისთვის მზად უნდა იყო. ტრავმები ხდება. ეს ცუდია, არ გვინდა, რომ მოხდეს, მაგრამ ხდება და შენ უნდა დადგე ფეხზე, როცა შენი სახელი დასახელდება,“ - თქვა ბითაძემ.
პირველი თამაში ლოს-ანჯელეს "ლეიკერსის“ წინააღმდეგ ჰქონდა, სადაც მის პირისპირ ენტონი დევისი იდგა. ბითაძემ თამაში 10 ქულითა და 3-დან 6 სროლით დაასრულა, რამაც "მეჯიქს“ 19-ქულიანი გამარჯვება მოუტანა.
ბითაძის თამაშმა იმდენად კარგად ჩაიარა, რომ მოსლიმ მას შემდეგ თამაშებშიც ძირითად ცენტრად სწორედ ის შეარჩია. მან დაამტკიცა, რომ კარტერის არყოფნაში ძალიან ღირებული იყო "მეჯიქისთვის“. მას NBA-ში შემადგენლობის ძირითად მოთამაშედ თამაშის დიდი გამოცდილება არ ჰქონია, მაგრამ მას ჰქონდა ერთი რამ, რასაც მწვრთნელების უმეტესობა ეძებს: თამაშის სტილის მკაფიო გაგება და ის, თუ როგორ შეუძლია გუნდს საუკეთესოდ დაეხმაროს.

"თუ მინდა, მოედანზე ვიყო და ჩემმა გუნდმა გაიმარჯვოს, დაცვაში უნდა ვითამაშო. მე არ ვარ ის ბიჭი, რომელიც ერთ თამაშში 20 ან 15 სროლას შეასრულებს. მაშ, როგორ შემიძლია თამაშზე გავლენა მოვახდინო? დაცვა პირველია, ამიტომ ამას ვაქცევ ყურადღებას და დიდ ძალისხმევას ვდებ მასში", - ამბობს გოგა,
მისი თქმით, ის ყოველდღიურად მიდის მოედანზე და ფიქრობს: "დღეს საოცარი დღე იყო. NBA -ში კალათბურთს ვითამაშებ".
"მეჯიქის“ გულშემატკივრებმაც შენიშნეს ბითაძის ძალისხმევა. ის ფანების ფავორიტი გახდა. ბითაძესაც უყვარს თავისი ფანები: "ქალაქმა მიმიღო და სიყვარული მაჩვენა. მეც ვცდილობ, ეს უკან დავუბრუნო".
"მე NBA-ში ვთამაშობ. ვფიქრობ, ამაზე უკეთესი არაფერია,“ - დაამატა მან.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ინტერნეტ მომხმარებელი მის დაოჯახებას ვარაუდობს, გოგა ჯერ არ დაქორწინებულა და ძირითადად თავის კარიერასა და ოჯახზეა ორიენტირებული. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სურათზე ასახული ბავშვი კი მისი დისშვილია, რომელიც თბილისში ცხოვრობს...