ავტორი:

"დედ-მამა პატარამ დაკარგა, ასაკოვან მეზობელს გაუზრდია დაბა კაზრეთში, მას ბებიას ეძახდა... ეს საოცარი ბიჭი მუდმივად მადლიერია" - ბრძოლა "სხვისი შვილისთვის"

"დედ-მამა პატარამ დაკარგა, ასაკოვან მეზობელს გაუზრდია დაბა კაზრეთში, მას ბებიას ეძახდა... ეს საოცარი ბიჭი მუდმივად მადლიერია" - ბრძოლა "სხვისი შვილისთვის"

თბილისის ევროპული აქციების პერიოდში დაკავებული 29 წლის არჩილ მუსელიანცი, რომელსაც მოსამართლე გიორგი არევაძემ 22 აგვისტოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

ახალგაზრდას პროკურატურა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერის კაბელებისთვის ცეცხლის წაკიდებას ედავებოდა, რა დროსაც სახელმწიფოს 534 ლარის ზიანი მიადგა.

"არჩილი შეგუებული იყო და მეც მაჩვევდა იმ აზრს, რომ აუცილებლად მიუსჯიდნენ. მისაღებმა გამოცდებმა, მეცადინეობამ, რაზეც არჩილი იყო ორიენტირებული, მოსამართლის ვერდიქტი ძალიან ადვილად გადაგვატანინა, განაჩენი ჩვენთვის მეორეხარისხოვანი გახდა... იქით მანუგეშებდა, არ ინერვიულოო, შეგუებულია ყველაფერს... ძალიან კეთილი, მიმნდობი და ვაჟკაცური ბიჭია არჩილი. ბევრი მეკითხება, ორჯერ ნანახი ბიჭი ასე როგორ შეგიყვარდაო. იცით, არჩილი მე გაიგივებული მყავს სამშობლოსთან... თითქოს მისი დახმარებით, რაღაც წვლილი შემაქვს სამშობლოს დაცვასა და თავისუფლებაში. არა მარტო მას, მეც გამიმართლა იმაში, რომ არჩილი ასეთი თბილი და მოსიყვარულე შემხვდა“, - მეუბნება ცარო ოშაყმაშვილი, რომელსაც ხშირად არჩილის დედობილად მოიხსენიებენ.

- როდის და როგორ გადაიკვეთა თქვენი გზები და როგორ იქეცით არჩილის დედობილად?

- არჩილი გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ გავიცანი, როცა კობახიძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. ახალგაზრდები კურსის ცვლილებას პოლიციის სამმართველოსთან აპროტესტებდნენ, სადაც არჩილი დოლზე უკრავდა, პირველად მაშინ ვნახე. მეორედ - უნივერსიტეტთან, მელიქიშვილზე შევხვდი, დარბევის მეორე დღეს, იქ უკვე გულღიად ვისაუბრეთ. მაშინ მითხრა არჩილმა, ამათ საქართველოს არ დავუთმობ, შევაკვდები, მშობლები არ მყავს, ჩემზე მაინც არავინ იდარდებსო და თავისი ისტორია მიამბო. ვუთხარი, მე რაღა დაგიშავე, მე ხომ ვიდარდებ, რომ დაგიჭირონ, ან რაღაც მოგივიდეს-მეთქი. გაირკვა, რომ არჩილს ოჯახის წევრები არ ჰყავდა, დედ-მამა პატარამ დაკარგა და ასაკოვან მეზობელს გაუზრდია დაბა კაზრეთში, მას ბებიას ეძახდა. სკოლის დამთავრების შემდეგ. თბილისში წამოვიდა, მაგრამ არსად ჩაუბარებია, სამსახურის ძებნა დაუწყია თავი რომ ერჩინა, დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო.

მითხრა, 2014 წელს საყდრისი რომ ააფეთქეს, მაშინ გავიაზრე სამშობლოო და მოძრაობაშიც ჩაერთო. არჩილი "ფეისბუქშიც“ დამიმეგობრდა, ფირები ჰქონდა გადაღებული და ჩამიყარე-მეთქი, ვთხოვე, რამდენჯერმე მივწერეთ ერთმანეთს. მერე, როცა ფბ-ზე აღარ გამოჩნდა, მისი ძებნა დავიწყე, მივხვდი, რომ დაიჭირეს, ცოტა გვიან პატიმრების სიებშიც ვნახე...

პერმანენტულად დავდიოდი აქციებზე, ვიღაც გოგონას ვთხოვე, მომაძებნინე-მეთქი და არჩილის მეგობარს დამაკავშირა, მან გამაგებინა, როდის იყო სასამართლო, მივედი და მისი მეგობრებიც გავიცანი. მას მერე სულ ვესწრებოდი პროცესებს, მის ამბავს ვკითხულობდი. რადგან ვიცოდი, ობოლი იყო, ავდექი და მისი პლაკატი მე გავაკეთე, სხვა მშობლებზე ადრე (ფბ-დან ამოვიღე მისი სურათები) და ასე დავდიოდი აქციებზე. არჩილი ტელევიზიით მხედავდა, მისმენდა, როგორ ვიცავდი. მაინც მერიდებოდა, ახალგაზრდაა და შეიძლება ეფიქრა, ვინაა ეს ქალი, რა უნდაო. მოგვიანებით მივწერე წერილი (რომელიც ზვიად ცეცხლაძის გაზეთში დაბეჭდა მამამისმა), მანაც მომწერა, რომელიც ასე იწყებოდა: "ძვირფასო ცარო..." როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბედნიერი იყო მისი პლაკატით რომ დავდიოდი და თანავუგრძნობდი. მას ხომ არავინ ჰყავდა ოჯახის წევრი, გულშემატკივარი... არჩილი უთბილესი, ჭკვიანი და ნიჭიერი ბიჭი აღმოჩნდა, ეს მას თავიდანვე ეტყობოდა... მერე მივეცი ნომერი და შინ დამირეკა. იმხანად აქციაზე 5 000 ლარით დამაჯარიმეს და უცხო ნომერი რომ იყო, პოლიცია მეგონა, მკაცრად ვუპასუხე. როცა მითხრა, არჩილი ვარო, ვიჯექი და ფეხზე წამოვხტი. ერთ დღესაც აქციაზე ვდგავარ, ნანუკას ვეკითხებოდი რაღაცას, იქვე იყო დათო სიმონია და მითხრა, სურათს გადაგიღებო და მაშინ პირველად მან მომიხსენია არჩილის დედობილად. მაინც მერიდებოდა სინდისის პატიმარი ბიჭების მშობლებში გარევა, მაგრამ თვითონ მომცეს სტიმული და მეც გავთამამდი, ჩავერთე, ტელევიზიებშიც გამოვდიოდი - არჩილს მაგარი მეგობრები ჰყავს, ის ძალიან უყვართ, მაგრამ ერიდებოდათ ტელევიზიით გამოსვლა და ლაპარაკი, ამიტომ ეს მისია მე ავიღე ჩემს თავზე.

- ხშირად გირეკავთ არჩილი ციხიდან? როგორი ბიჭია, რამ მოგხიბლათ მასში ამისთანა დიდი მისია რომ იკისრეთ?

- არჩილი ორ დღეში ერთხელ მირეკავს, ყოველ დღეც შეუძლია, მაგრამ ლიმიტირებულ წუთებს ანაწილებს. იცით, არჩილი ძალიან შეუპოვარი იყო და ამან მომხიბლა, სამშობლოსთვის თავი ჰქონდა გადადებული და ვგრძნობდი, მას არაფერი შეაჩერებდა.. ამის გარდა, ობოლი იყო და ვფიქრობდი, რა დააშავა, მარტო რატომ უნდა იყოს-თქო. "ფეისბუქზე“ მის გვერდს რომ ჩავუყვებოდი, ისეთი სიუჟეტები და ჩანაწერები ჰქონდა... ზოგადად, ჭკვიანი ბიჭია, მომეწონა მისი სამეგობრო წრეც. არჩილი ციხიდან ისეთ უთბილეს წერილებს მწერს, აგეტირება. მას ძალიან უყვარს ცხოველებიც. ვიღაცამ მითხრა, რომ ქირით ცხოვრობდა და სახლში პატარა კნუტი მიუყვანია, ფისოს ზრდიდა. ალბათ რომ დაიჭირეს, მერე ვიღაცამ წაიყვანა...

- ციხის ურთულეს პირობებში როგორ შეძლო ემეცადინა და სტუდენტი გამხდარიყო?

- არჩილი სკოლაში თურმე კარგად სწავლობდა, ტურებში იღებდა მონაწილეობას, იმარჯვებდა, ჰქონია სიგელებიც. ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, თავიდან ძალიან გამიკვირდა, უმაღლესი რომ არ ჰქონდა დამთავრებული, მეგობრებიც ძალიან აქებდნენ, ჭკვიანი ბიჭიაო. მერე ვიკითხე, ციხეში თუ შეიძლებოდა მომზადებულიყო და გამოცდები ჩაებარებინა. მასაც გავუზიარე ეს იდეა, დამთანხმდა და დავარეგისტრირე. დროში ვიწვებოდით, მისი მეგობარი გოგონები დამეხმარნენ და 5 საგანი ჩავწერეთ, ხუთივე ჩააბარა. არჩილს ვკითხე, რა წიგნები და ტესტები სჭირდებოდა, მითხრა, მათემატიკა არ მინდა, უფრო ჰუმანიტარული საგნებისო. მათემატიკა კი ბარდებოდა, მაგრამ სხვა საგნებში უფრო სჭირდებოდა მეცადინეობა. აქციის ქალები დამეხმარნენ წიგნების მოძიებაში, შევუგზავნე წიგნები და ტესტები, არჩილმა სამართალმცოდნეობა აირჩია. მკაცრი კოლონიაა გლდანი, მე-8-შია არჩილი, ბიბლიოთეკაში არ გაჰყავდათ და პატარა საკანში 2-3 თვე მოუწია მეცადინეობა, ფაქტობრივად, სკოლის ცოდნით ჩააბარა, მით უმეტეს, 11 წელია დამთავრებული აქვს. საკანში უცხო ბიჭებთანაა, არც ერთი არაა აქციიდან, რაღაცაში მაინც მიეხმარებოდნენ... ბიჭი 6 -კაციან საკანშია და მათ ლაპარაკს ხომ არ აუკრძალავდა ან ტელევიზორის ჩართვას, ამ პირობებში შეძლო და კარგად მოემზადა, მოინდომა და სტუდენტიც გახდა, რაც ძალიან მახარებს.

- თავად რამდენი შვილი გყავთ და ისინი თუ გიჭერენ მხარს?

- მესამე წელია, რაც მეუღლე გარდაცვლილია, 2 შვილი და 2 შვილიშვილი მყავს, ისინიც ძალიან ნერვიულობენ არჩილზე. ჩემი ვაჟი ამაყობს ჩვენი ურთიერთობით, გოგონა ცოტას ნერვიულობს, რამე არ დამიშავდეს. ორივენი მეხმარებიან, მხარში მიდგანან, სადმე წაყვანა დამჭირდება, თუ რამის ყიდვა... არჩილს აღდგომას და მარიამობას შევუგზავნე ნობათი, ახალ წელს ვერ მოვახერხეთ, ახალი დაჭერილი იყო და მისთვის არავის შეუგზავნია საკვები. რითაც შემიძლია ვეხმარები, ტანსაცმელსაც ვუგზავნი, ჩემმა ნათესავებმა და მისმა მეგობრებმაც ცოტა თანხა შემომაშველეს, აქციის სურათებს ყოველ კვირა ვბეჭდავ და ვუგზავნი...

- როცა არჩილს განაჩენი გამოუტანეს, რა რეაქცია გქონდათ?

- არჩილმა თავიდანვე იცოდა, რომ მიუსჯიდნენ, ამ აზრს შეჩვეული იყო, ამას წერილებშიც აღნიშნავდა. თავიდან პატარა იმედი მქონდა, მაგრამ მან და ადვოკატმა მიმაჩვიეს სავარაუდო განაჩენს. მისაღებმა გამოცდებმა, მეცადინეობამ, რაზეც არჩილი იყო ორიენტირებული, ძალიან ადვილად გადაგვატანინა ვერდიქტი, ის თითქოს მეორეხარისხოვანი გახდა. იქით მანუგეშებდა, არ ინერვიულოო, შეგუებულია ყველაფერს. ძალიან კეთილი, მიმნდობი და ვაჟკაცური ბიჭია არჩილი. ადვოკატზეც მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა - დიმიტრი ვარდიაშვილი დამოუკიდებელი ადვოკატია და როცა გაიგო დაიჭირეს, უანგაროდ ჩაერთო მის დაცვაში (აქციის ორ სხვა მონაწილესაც იცავს), ძალიან ეხმარება. დიმიტრი სულ მიქებს არჩილს, მეუბნება, შესანიშნავი ბიჭიაო, ისინი უკვე მეგობრები არიან და მამშვიდებს, მე ხომ მაინც ვნახულობ, არ იდარდოო. არჩილს ვერაფრით უმტკიცებენ სადენების დაწვას, სოცქსელში დადეს რაღაც კადრები, სადაც ვიღაც აზიანებს კამერას, მაგრამ კაცმა არ იცის, ვინ არის, თან ერთი კადრი დღის შუქზეა, მეორე - ღამისაა. არც ის ჩანს, ვინმე ცეცხლს თუ უკიდებს. არჩილი უდანაშაულოა და მგონია, აქციებზე შეგზავნილი პროვოკატორები აფუჭებდნენ საქმეს.

- თითქოს ერთ ოჯახად იქეცით სინდისის პატიმარი ბიჭების გულშემატკივრები, როგორ მოახერხეთ...

- მართალს ბრძანებთ... ყველანი დავდივართ ერთმანეთის სასამართლოებზე და ისეთი განცდა გვაქვს, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები და ახლობლები ვართ. გუშინწინ ანტონ ჩეჩინის სასამართლოზე ვიყავი, ისეთი მძიმე სანახავი იყო - ანტონს ბოლო სიტყვა ეკუთვნოდა და რუსულად არ უთქვამს, ინგლისურად მიმართა სასამართლოს. რუსია, მაგრამ არ უნდოდა ამ ენაზე მოემართა ჩვენთვის. რამხელა კულტურა და პატივისცემა გამოხატა ჩვენდამი... ეტყობა ადვოკატს წინასწარ არ უთხრა, რუსულის თარჯიმანი ჰყავდათ მოყვანილი, ინგლისურის - არა, ამიტომ სიტყვა არ დაასრულებინეს და ამან ჩვენზე ძალიან იმოქმედა, თან მძიმე მუხლი აქვს წაყენებული... იქიდან მერე 8 ბიჭის სასამართლოზე შევედით, ჩვენ ხომ სასამართლოდან-სასამართლოზე გადავდივართ... მოვახერხე და ჟურნალისტებთან ერთად შევედი, სადღაც ბოლოში ვიჯექი. თორნიკე გოშაძემ და ირაკლი მიმინოშვილმა მაინც შემამჩნიეს, იქიდან ხელებს მიქნევდნენ და გულებს მიგზავნიდნენ. ასეთ სიყვარულსა და სითბოს რომ გამოხატავენ, ლამისაა ბღავილი დავიწყო, ძალიან მძიმე საყურებელია ეს ყველაფერი.

- დროს როგორ ანაწილებთ, ალბათ ადვილი არაა ოჯახს, სამსახურსა და ყოველდღიურ რუტინას დამატებული თქვენი ასეთი აქტივობა...

- საბედნიეროდ, თავისუფალი გრაფიკი მაქვს, ძირითადად სახლიდან ვმუშაობ, ეს მშველის და არჩილსაც ვუთმობ დროს. ქალ-ვაჟი ცალკე ცხოვრობს და ცოტა მეტი დრო მაქვს. რა თქმა უნდა, მათაც ვეხმარები, ვცდილობ, ყველას გავუნაწილო დრო, მაგრამ ახლა ძირითადად არჩილზე ვარ გადართული, მას მეტი ყურადღება სჭირდება...

- თქვენი და არჩილის ურთიერთობა შემდგომში როგორ წარმოგიდგენიათ?

- რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ურთიერთობას. ბევრი მეკითხება, ორჯერ ნანახი ბიჭი ასე როგორ შეგიყვარდაო. სხვა უცხოსთვის ალბათ ვერ შევძლებდი იმის გაკეთებას, რასაც არჩილისთვის ვცდილობ. იცით, არჩილი მე გაიგივებული მყავს სამშობლოსთან, არჩილის დახმარებით თითქოს რაღაც წვლილი შემაქვს სამშობლოს დაცვასა და თავისუფლებაში. მეც გამიმართლა იმაში, რომ არჩილი ასეთი თბილი და მოსიყვარულე შემხვდა. ორივეს გაგვიმართლა... მართალია, ციხეში მეტად მგრძნობიარე და სენტიმენტალური ხდება ადამიანი, მაგრამ არჩილი გარეთაც, თავისუფლებაზეც ასეთია. მას ისეთი ცხოვრება აქვს გავლილი მარტოს, უდედმამოდ... ძალიან ემოციურ წერილებს მწერს ხოლმე, მის თავს რა არ დატრიალებულა, მაგრამ არ გაბოროტებულა, ძალიან კეთილი და წესიერი ბიჭია, ადვოკატი მეუბნება, როგორც პატარა ბავშვი, ისეთიაო, მიმნდობი, სუფთა....

- ყველაზე ემოციური თქვენთვის რა უთქვამს წერილებით, რა დაგამახსოვრდათ?

- ერთხელ მომწერა, ჩემთვის რომ ასეთი ხართ, წარმომიდგენია, შვილებისთვის როგორი დედა იქნებით, როცა გამოვალ თქვენი შვილები უნდა გავიცნო და დიდი მადლობა გადავუხადოო. ბოლო წერილში მწერს (რაზეც ძალიან ვინერვიულე), ცარო, ხომ არ მიშვილებდიო, ნოტარიულად დავწერ ხელწერილს, ქონებაზე და არაფერზე მექნება პრეტენზია, უბრალოდ, ციხეში რომ მაინც მნახო, ამისთვისო (მე ხომ მისი ნახვის უფლებას არ მაძლევენ). ეს საოცარი ბიჭი მუდმივად მადლიერია, მეუბნება, მე თვითონ მიკვირს, ორჯერ ნანახი ადამიანი ასე მოკლე დროში და ასე ძალიან როგორ შემიყვარდიო. არჩილს იუმორის საოცარი გრძნობაც აქვს, როცა რეკავს რაღაცას ვეტყვით ერთმანეთს და სულ ვიცინით. ყოველ დღე მწერს წერილებს, ჩანახატები გვაქვს, ერთმანეთს ვუყვებით, იმ დღეს რა მოხდა მნიშვნელოვანი, ხანდახან სახალისო ისტორიებსაც ვწერ, ვიხსენებ ჩემს თავგადასავლებს, ვცდილობ, ხასიათზე მოვიყვანო და ციხეში ყოფნა შევუმსუბუქო. მერე ის თანამოსკნეებს ესაუბრება ჩემზე, მეუბნება, განა მარტო მე მიყვარხარ, ამათაც უყვარხარო. ცუდ ხასიათზე თუა, მომყავს ხასიათზე, ყველა დარეკვაზე ვამხნევებთ ერთმანეთს... არჩილმა რაც ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა, ვერც ერთმა გავიაზრეთ მისი ოთხწლიანი პატიმრობა. იცით, მინდა მოსამართლეს დავუტოვო პირადი წერილი, არჩილის მოწერილი წერილებიც დავაქსეროქსო და დავურთო, გავაგებინო, როგორ ელოდება მის მეგობრებს სასამართლოზე. რატომ დახურეს სასამართლო პროცესი? მისი ერთადერთი სიხარული ისაა, რომ პროცესებზე მეგობრები ენახა, ისედაც იშვიათად ჰქონდა სასამართლო (ახლაც გამოცდების გამო გადაიდო და გაიწელა პროცესები), არავინ დაუშვეს ჩემს გარდა. აუცილებლად უნდა მივწერო მოსამართლეს... კი ბატონო, ბიძინა მოითხოვს, რომ ეს ბიჭები არ გამოუშვან, მაგრამ ეს მოსამართლეებიც მეტ ინიციატივას იჩენენ და უფრო მკაცრად იქცევიან. პატიმარი ბიჭები მართლა ერთმანეთზე უკეთესები არიან... რა თქმა უნდა, არჩილი მეტად მიყვარს და მეტად ვგულშემატკივრობ... ამასობაში იმდენი სიყვარული და თანადგომა ვნახე, ქუჩაში და რეგიონებში (გაზეთებს როცა ვარიგებთ) იმდენი უცხო ადამიანი მეხუტება, იმხელა სითბო და სიყვარული ტრიალებს ჩვენს გარშემო, ძალიან გვაბედნიერებს და ამ საოცარი ბიჭების პატიმრობით გამოწვეულ დარდს გვიმსუბუქებს. რაც მთავარია, იმედიანად ვარ და მჯერა, მალე სამშობლოს მოყვარული უკანონო პატიმარი ბიჭების თავისუფლებით გავიხარებთ ყველანი.