რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ამბავი, რომ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, კულტურის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი თითქოს მეორედ გათხოვდა. ამას არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის, სავარაუდოდ, ამ თემაზე დაწერა სტატუსი ირინა სარიშვილმა. "მეორედ რომ ქალი გათხოვდება, იმის ქალობა დეიწვას, შენ გარდა, თია". მიუხედავად იმისა, ამ პოსტში არ ჩანს, რომელ თიაზეა ლაპარაკი, წულუკიანი სწორედ მას გამოეხმაურა და საკმაოდ ვრცელი პოსტი მიუძღვნა.
"ქალბატონო ირინა მიუხედავად იმისა, რომ ნაფთალინის ცუდი სუნი აგდით, და არ უნდა გპასუხობდეთ, გაცნობებთ, რომ არავის არ გავყოლივარ ცოლად ციხეში გარე ძალების დავალებით, არამედ - გერგეტის სამებაში დავიწერე ჯვარი ნუგზარ კაკულიაზე, სადაც ორივე მხარე მოძღვრის წინაშე ჩვენივე ნებით დავდექით.
ჯვრის ერთგულება კი ჩემი ერთ-ერთი თვისებაა, რომელსაც ვერ მოვიშლი.
სხვათა შორის, თავს თუ შეიარაღებული პირები დამესხნენ, თავს მანქანის "ბარდაჩოკში" კი არ შევმალავ (sic), ნუგზარ კაკულიას გადავეფარები, იქნებ გადავარჩინო-მეთქი, ვიფიქრებ. კი ვიყავი სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ ალბათ გამოგრჩათ, რომ "ბარდაჩოკში" თავის შეყოფის საქმემ ჩემს ხელში გაიარა, სტრასბურგში.ამ ყველაფერს კოდუას ნანული (მეორედ ვუჩივლე და გამწარებულია ) ვერ გაიგებს, მაგრამ თქვენი აყროლებული სინდისი კარგად გაიგებს - ჭკუა გაქვთ მისგან განსხვავებით...", - წერდა ის. (წაიკითხეთ სრულად)
"დილის 10 საათი ხდებოდა სახლიდან რომ გამოვედით. ლიფტი დაბალი ძაბვის გამო არ მუშაობდა და ფეხით დავეშვით მე-15 სართულიდან გია ჭანტურია, მერაბ ბარამია და მე. მძღოლი მანქანით ეზოში გველოდებოდა. წინ მერაბი დაჯდა, უკან მე და გია - როგორც ყოველთვის,მე მძღოლის უკან, გია მერაბის უკან. მამამთილთან სიგარეტს არ ვეწეოდი, გიას გახსნილი კოლოფი ჰქონდა, მივუტრიალდი სიგარეტის სათხოვნელად, მანქანა ოდნავ დაიძრა, მეორე სადარბაზომდე მივედით და დაიწყო. თავიდან მეგონა, რომ კენჭები ხვდება მანქანას ყველა მხრიდან. მერე ყვირილი გავიგონე "ბავშვებო შედით სახლში" - იქვე სათამაშო მოედანი იყო და ბავშვები თამაშობდნენ. ყველა მხრიდან გვესროდნენ. გიამ კარი გააღო, მე ძირს დამაწვინა, ხელით ვებღაუჭებოდი, არ მინდოდა გაშვება, მეშინოდა. ხელი გამაშვებინა, ჩაწექი და გადაგიყვან მერე შენცო, გადავიდა და კარი დაკეტა. როგორც მერე აღმოჩნდა მე რომ საათები მეგონა, 8 წუთი გრძელდებოდა თურმე სროლა და ეს თურმე ძალიან ბევრია. ამ 8 წუთის განმავლობაში რამდენჯერმე ავწიე თავი, რომ ფანჯრიდან გია დამენახა. მერაბი მიყვიროდა - არ გაინძრე ირინა რაჟოკს ცვლიან. სადარბაზოსთან გია ვერ დავინახე, მოვასწარი ძირს დახედვა და დავინახე, გია წევს მიწაზე და თვალები გახელილი აქვს. გავიფიქრე, ეგებ, ასეა საჭირო-თქო და მერაბს დავუყვირე, არ გავინძრეთ ვითომ მკვდრები ვართ-მეთქი, ტანზე ტყვიები რომ მხვდებოდა, ვგრძნობდი, თავზე ხელთან ერთად ჩანთა დავიფარე და წინა ორ სკამს შორის შევყავი თავი - გიასგან ვიცოდი, რომ საჭეს და "ბარდაჩოკს" შორის არის მოტორი, რომელიც ტყვია არ ატარებს და მაგიტომ. ამასობაში ახალი ჯერი დაგვიშინეს, მერაბი მოტრიალდა და ზემოდან დამახტა. ზურგი დაცხრილული ჰქონდა და მეორე დღეს ამ ჭრილობების გამო გარდაიცვალა. სროლა შეწყდა, მეზობლები გამოცვივდნენ, მანქანიდან გადმოგვათრიეს, მეც და მერაბიც გიასკენ ვიწევდით, სანამ ფეხზე დგომა შეგვეძლო, მერე ორივე სადარბაზოში შეგვიყვანეს, რაღაც მანქანაში ჩაგვსვეს. დავინახე მეორე მანქანაში როგორ დააწვინეს გია და ასე ორი მანქანით მიგვიყვანეს რესპუბლიკურში. სამივე საკაცით გადაგვიყვანეს საოპერაციოში. მახსოვს ძალიან მციოდა და ჩქარა დაგვაძინეთ-მეთქი, - ექიმებს ვუყვიროდი. გია ისევ არ ინძრეოდა, მერაბი ჩემსავით რაღაცებს იძახდა, მარტო ხმა მესმოდა. ამის მერე არაფერი აღარ მახსოვს. ნარკოზიდან გამოსული თურმე ვყვიროდი, თუ გია არ გადარჩა, მეც არ გადამარჩინოთ-თქო და ამიტომ 2 დღე არ მეუბნებოდნენ გიას ამბავს. 4 ტყვია მქონდა მოხვედრილი, ორი გულთან იყო, ერთი ვერ ამოიღეს გულთან სიახლოვის გამო და დღესაც ჩემთანაა. ყველაზე მძიმე ჭრილობა იყო მარცხენა ფერდში უკნიდან, ხელის ტყვიამფრქვევით გამავალი ნასროლი, რომელმაც გაიარა მუცელი, შეეხო არტერიას და სწორ ნაწლავს, რამაც ნაწლავების კონტუზია გამოიწვია და რამდენიმე ხნის შემდეგ ხელმეორედ საოპერაციო გავხდი.
იმას აღარ მოვყვები, რა მოხდა როცა ჯერ მერაბის, მერე კი გიას ამბავი მითხრეს. ბევრ რამეს ახლა აღარ მოვყვები, რაც დავწერე, ესეც ძალიან მძიმე მოსაყოლია და რატომ გადავაბიჯე ჩემს თავს იცით? მინდა, ყველამ კარგად გაიაზროთ, რა მასშტაბის ბოროტებასთან გვაქვს საქმე წულუკიანის სახით, რომელმაც თურმე ეს ყველაფერი იცის, სტრასბურგში გასცნობია, და ჩემს გასალანძღად და დასამცირებლად ამ ყველაფრიდან "ბარდაჩოკის" ეპიზოდი ამოიღო, როგორც ყველაზე სახალისო, კიდევ უფრო გაამხიარულა იმის მოგონებით რომ "ბარდაჩოკში" თავი მქონდა შეყოფილი, და აი, ამით აღლიცინა მისი მომხრე "ქალები" და "კაცები". სავარაუდოდ, ჩემს ქვედა ჭრილობაზეც მან მიაწოდა ინფორმაცია საკუთარ ტროლებს რომ ამაზეც ემხიარულათ.
აი, ამიტომ დავწერე, რაც დავწერე, რომ კარგად დაფიქრდეს ყველა, რა მასშტაბის ბოროტებას ვებრძვით.
აღარაფერს ვამბობ იმის გააზრებაზე, რომ გიამ მანქანიდან გადასვლით და მერაბმა გადაფარებით საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩემი სიცოცხლე იხსნეს. დღემდე ძალიან მიმძიმს ამაზე ფიქრი და სიცოცხლეც არ მინდოდა, სანამ ჩემ ცხოვრებაში ჯერ ლუკა, მერე ირაკლი და მერე საბა არ შემობრძანდნენ.
თეა წულუკიანო, გერგეტში საკუთარი ნებით ჯვარდაწერილო - იურისტი ხარ და ალბათ, ხვდები, რომ ჩივილის საფუძველი მე უფრო მაქვს ციხეში გიასთან ხელისმოწერის გარედან დავალებით (ალბათ, "დიფსტეიტის") მოქმედებაზე რომ მიმანიშნებ, "ბარდაჩოკის" ეპიზოდზე აღარაფერს ვამბობ. არც იმაზე, გადარჩენა რომ წამომაყვედრე, ჩემს ქმარს რომ ესროლონ, გადავეფარებიო. ჩემთან პირიქით მოხდა - კაცებმა გადამარჩინეს. შენ კი ჩემზე ჩივილის არანაირი საფუძველი არ გაქვს, რადგან ჩემს იმ სახუმარო პოსტში არც რაიმეს მტკიცება იყო და არც შეურაცხყოფა, თუ თავად არ მიგაჩნია ჯვრის და ქმრის ერთგულს მეორედ გათხოვება შეურაცხყოფად. მაგრად მკიდია რამდენჯერ გათხოვდები და ეს პოსტი მაგაზე არ იყო. მაგრამ როცა ბოროტება გონებას წაგართმევს, იუმორზე და თვითირონიაზე აღარაფერს ვამბობ, იმას დაწერ, რაც დაწერე და შენნაირებსვე ახალისებ. მე კი ჩივილით, ციხით და ტყვიით ვერ შემაშინებ - ეს ყველაფერი ნანახი და გადალახული მაქვს.
ჩივილი აქეთ მე შემიძლია, როგორც გითხარი, მაგრამ შენივე სასამართლოში არ გიჩივლებ, ჯერ ერთი უამრავი საქმე მაქვს შინ და გარეთაც, მეორეც ცოტა დრო დაგრჩა საგრიალოდ და შენთვის მიჩუქებია დარჩენილი წუთები 4 ოქტომბრამდე.
P.S. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც გვერდით დამიდგა. განსაკუთრებით იმ მეგობრებს, რომლებმაც დამარწმუნეს, რომ არაფრის უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება და ამის მერე ასეც მოვიქცევი", - წერს სარიშვილი.