თესალონიკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 35 კილომეტრის მოშორებით, პეტრალონას გამოქვაბულში, მეცნიერებმა 300 000 წლის წინანდელი თავის ქალა აღმოაჩინეს.

“პეტრალონას თავის ქალა“ პირველად 1960 წელს ადგილობრივმა, ქრისტოს სარიანიდისმა იპოვა. თავის ქალა თითქოს გამოქვაბულის კედელში იყო ჩაზრდილი, შუბლის მიდამოში კი რქისმაგვარი წანაზარდი ჰქონდა.
თუმცა თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ "რქა" სინამდვილეში სტალაგმიტს წარმოადგენდა, ხოლო გამოქვაბულის კედელთან “შერწყმა“ საუკუნეების განმავლობაში კალციტად წოდებული მინერალის ნელ-ნელა დაგროვებამ გამოიწვია.

მეცნიერთა განცხადებით, ნაპოვნი თავის ქალის ასაკი 277 000 წლიდან 295 000 წლამდე მერყეობს და გვიანდელი შუა პლეისტოცენის ეპოქას შეესაბამება, ანუ იმ პერიოდს, როდესაც ევროპას ტყის მასივები ფარავდა და უკვე მეტ ნაკლებად სტაბილური კლიმატი იყო დამკვიდრებული.

ამ დრომდე გაურკვეველი რჩება ნამარხის წარმომავლობა, გავრცელებული თეორიის თანახმად ის ე.წ ჰომო ჰეიდელბერგესის სახეობას მიეკუთვნება. ადამიანების აღნიშნული სახეობა ნეანდერტალელებამდე გაცილებით ადრე ცხოვრობდნენ და შემდგომში თანდათან გადაშენდნენ, თუმცა უკვე საკმარისად განვითარებულნი იყვნენ იმისთვის, რომ დიდ ცხოველებზე ენადირათ და მათი ტყავი სხეულის გასათბობად გამოეყენებინათ.
ზოგი მკვლევარი ვარაუდობს რომ "ჰაიდელბერგელმა ადამიანმა" ევოლუცია განიცადა და მოგვიანებით, ორ განშტოებად ჩამოყალიბდა.

მეცნიერები თვლიან, რომ თავის ქალა მამაკაცს ეკუთვნის, ამიტომ მას “პეტრალონას კაცი“ უწოდეს და მიუხედავად იმისა, რომ მისი ზუსტად შესწავლა დღემდე დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, აცხადებენ რომ, “ეს აღმოჩენა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ევროპული ადამიანის ევოლუციის შესწავლის საქმეში“