ჟურნალისტმა, ქრონიკა +-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ინტერვიუ ლიკა ტაბატაძესთან. ინტერვიუში ქალი ადვოკატ ტარიელ კაკაბაძეს ძალადობაში, ასევე მუქარასა და შანტაჟში სდებდა ბრალს. ლიკა ტაბატაძის თქმით, მან საგამოძიებო უწყებებს მიმართა.
"2019 წლის ახალი წელი მოდიოდა ტარიელი რომ გავიცანი. ერთი წელი შეყვარებულები ვიყავით, კარგი ურთიერთობა გვქონდა. ბოლო პერიოდში დაგვეძაბა ურთიერთობა, ბათუმში წავიდა ჩემს გარეშე და აღმოვაჩინე, რომ იქ ვიღაც გოგოს ჩააკითხა. გაცნობისას მითხრა, რომ ცოლს დაშორებული იყო და ოფიციალურად განქორწინებული. ჩვენ მ გოგოს გამო დავშორდით, ბათუმში ვისთანაც წავიდა, მაგრამ უეცრად მითხრა, რომ ცოლს ურიგდებოდა. ჩვენ ერთად ერთი წელი ვიყავით. მითხრა, რომ არც ჩვენი და არც იმ გოგოსთან ურთიერთობის შესახებ არაფერი მეთქვა და ჩვენი მიმოწერა წამეშალა. ამ მიმოწერაში ბევრი ისეთი დეტალი იყო, რომ ტარიელის სხვადასხვა დანაშაული დადასტურდებოდა. ერთ-ერთი იყო, რომ ტარიელს ჩემზე ფიზიკური ძალადობის მცდელობა ჰქონდა. ეს ფაქტი იმდენად დანაშაულის შემცველი იყო, ეს რომ მისთვის გამესაჯაროებინა, რეპუტაცია შეელახებოდა. მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო, კიდევ იყო რაღაც, ამ მიმოწერაში იკვეთებოდა რომ კაკაბაძეს ჰქონდა ერთ-ერთ არასრულწლოვანთან კავშირი. დაშორების შემდეგ მუდმივად მეუბნებოდა რომ მიმოწერა წამეშალა. ამაზე რომ დამითანხმა, ერთი წლის შემდეგ განცხადება შეიტანა ჩემს წინააღმდეგ. იქამდე მითხრა, რომ თუ ჩათს არ წაშლი, ფულის გამოძალვას დაგაბრალებ და სამ მოწმეს მოვიყვანო. ფულზე არასოდეს გვქონია ლაპარაკი, ვერ მივხვდი ან ვინ სამი მოწმე შეიძლებოდა ყოფილიყო.
გადის რამდენიმე დღე და ტარიელმა სასტუმროში დამიბარა ღამის პირველ საათზე. ვსაუბრობდით ჩვენს პირადზე და ასევე იმ გოგოზე ბათუმში ვისაც შეხვდა. ამ დროს სამი ადამიანი მოვიდა, თავზე დამადგნენ და მითხრეს შენ ტარიელს ფულს სძალავო, ესენი იყვნენ: გოგიტა ბახტაძე, თეონა გვაზავა, ტარიელის სიმამრი ოთო ხურციძე. ძალიან გავნერვიულდი და ჩანაწერები მოვასმენინე იმათ და ვუთხარი, რომ ამაზე სამი დღის წინ მესაუბრა ტარიელი, ძალიან დაიბნენ, შეეშინდათ და ვერაფერი დამაბრალეს. გავიდა რამდენიმე თვე და მირეკავს ვიღაც პოლიციელი და მეუბნება, რომ განყოფილებაში მიბარებენ. აღმოჩნდა, რომ ვინმე თეონა მიჩიოდა, ეს იყო ტარიელის ყოფილი ცოლი, რომელსაც განცხადება შეატანინეს, - ვითომ ავედევნე. ჩემთვის ბრალის წაყენება მოხდა ბრალის დარღვევით, რადგან ტარიელმა მის ნაცნობ პროკურორებს სთხოვა ბრალი წაეყენებინათ. ამის შემდეგ შემხვდა ტარიელი და მითხრა, რომ გავჩუმებულიყავი და მანქანას მიყიდდა, რადგან მე უკვე დავიწყე მის წინააღმდეგ საჩივრების წერა. გამოძიება რომ დაიწყო და მეც შევიტანე განცხადება ტარიელის წინააღმდეგ, რამდენჯერმე შევხვდი და მითხრა, რომ ჩემი პირადი ცხოვრების კადრები ჰქონდა შენახული. რამდენიმეჯერ მთხოვა და და მეც გავუგზავნე და როგორც მითხრა, თავადაც გადამიღო. ამაზე შევიტანე საჩივარი, მაგრამ რეაგირებ არ ჰქონიათ. ამის შემდეგ მისი მეგობარი ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზიშვილი დახვდა ჩემს ოჯახის წევრს, მამას და აჩვენეს ეს კადრები. ასევე ტარიელმა საკუთარ ჯგუფში დადო ჩემი ფოტოები, დააწერა ჩემი და მამაჩემის ნომრები და დააწერეს ქალი გამოძახებით", - განაცხადა ქალმა ინტერვიუსას.
ამ ბრალდებებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ეხმიანება და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. როგორც კაკაბაძე აცხადებს, ის სიმართლის დასადგენად მიმართავს შსს-სა და პროკურატურას და ითხოვს დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც ამ საქმეშია ჩართული:
"კარგად მოგეხსენებათ, რომ თითქმის მთელი 6 წელია, რაც სოციალურ ქსელებში ერთი ადამიანი - ლიკა ტაბატაძე საუბრობს ჩემზე.
ფეისბუქზე დებს ჩემს ფოტოებს, წერს რომ ვუყვარვარ, ჩემი საყვარელი იყო და სხვას ვერ დაუთმობს ჩემს თავს. ასევე მოკვლით და გაუპატიურებით ემუქრება ჩემს შვილებს. არაერთხელ ჰქონდა დადებული ჩემი მცირეწლოვანი შვილების ფოტოები მოკვლისა და გაუპატიურების მუქარით. ასევე ემუქრება და ლანძღავს ჩემს მეუღლეს. ამბობს, რომ არ მოეშვება მას, სანამ ბოლომდე არ მიიყვანს თავის განზრახვას.
ამ ადამიანის ქმედებებმა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო ჩემი მეუღლე და შვილები (დეტალებში აქ არ შევალ). საინტერესო ისაა, რომ ეს გოგო თავისი პოსტებით აქტიურდებოდა მაშინ, როცა გახმაურებულ საქმეებში დასკვნით ფაზაში შევდიოდით. ზუსტად იცოდა როდის სად ვიყავი, რას ვაკეთებდი, დამდევდა და მაწუხებდა. ლამის ყოველდღიურად აწუხებდა ჩემს მეუღლესაც. ჩემი მეუღლის მხრიდან არაერთი განცხადების მიუხედავად ამ ადამიანს წლების განმავლობაში მფარველობდნენ.
არაერთი თხოვნის მიუხედავად, ეს ადამიანი ამბობდა, რომ ჰყავდა მფარველი სუსში და ვერაფერს უზამდნენ. ასახელებდა გრიგოლ ლილუაშვილის სახელსა და გვარს. როგორც ხედავთ, რამდენიმე თვეა რაც ჩავერთე ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში და ვიცავ მოკლულის ოჯახის ინტერესებს. თვეების განმავლობაში ვაკრიტიკებდი გამოძიებას და ვამბობდი, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა. როგორც მოგეხსენებათ, დაახლოებით 2 კვირის უკან რამდენიმე პირი (ძმები მიქაძეები და სხვები) მიეცა პასუხისგებაში და დააკავეს მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით.
საქმეში ასევე გაჩნდა გარკვეული მტკიცებულებები, სადაც საუბარია მკვლელობის სავარაუდო დამკვეთზე. გამოკითხვის ოქმში ნახსენებია ოთარ ფარცხალაძის სახელი და გვარი. არაერთხელ ვთქვი რომ ამ მკვლელობას სავარაუდოდ კავშირი აქვს ლევან კაჭარავას მკვლელობასთან, რომელიც საერთოდ არ გამოიძიეს.დავდე ექსპერტის მიერ გაცემული დოკუმენტი, რითაც დადასტურდა, რომ ლევან ჯანგველაძისა და ლევან კაჭარავას მკვლელობა სავარაუდოდ ჩაიდინა ერთი და იგივე პირმა (კაჭარავას შემთხვევაში მეორე მსროლელიც იყო).
ამ ყველაფრის პარალელურად უცებ დაიწყო ჩემი, როგორც ლევან ჯანგველაძის ადვოკატის გაშავების ოპერაცია. ელისო კილაძემ, რომელიც არის დაკავებულ პირებთან (მიქაძეები), ასევე ხსენებულ ოთარ ფარცხალაძესთან დაახლოებული პირი, თავისთან მოიწვია ეს ადამიანი და ასაუბრა არაერთი ტყუილი. ქალბატონი ელისო კილაძე მეორე დღეა დაკავებულია ჩემი ლანძღვით. ასევე აგინებს სხვა ჟურნალისტებს (განსაკუთრებით ტვ პირველის და ფორმულას ჟურნალისტებს გადაეკიდა), ლანძღავს ჩემს კოლეგებს, ლანძღავს ადვოკატთა ასოციაციას და უკანასკნელი სიტყვებით მიმართავს ადამიანებს.
“ობიექტურმა ჟურნალისტმა” 1 საათის წინ გამოფინა ლიკა ტაბატაძის მიერ დამზადებული ე.წ. ფეიკ სქრინი, სადაც თითქოს ამ გოგოს საჯაროდ მოკვლით ვემუქრები.
მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, სასწრაფოდ გააგრძელეთ ხსენებულ საქმეებზე გამოძიება! დადგინდეს სიმართლე და ყველა, ვინც ჩართულია ჩემი და ჩემი ოჯახის (მათ შორის მცირეწლოვანი შვილების) მიმართ ბულინგში, უმკაცრესად დაისაჯოს!
მაქვს ყველა უტყუარი მტკიცებულება, რითაც ვამტკიცებ ჩემს სიმართლეს. მე არ ვაპირებ ავყვე სიბინძურეებს, ხალხს შევუვარდე და ვლანძღო. არ ვაპირებ, ჩემი გვერდი ვაქციო ნაგვის ურნად. ამ პოსტს ვურთავ მხოლოდ რამდენიმე სქრინს, რომელიც ახალ ტელეფონში მაქვს და რომელიც ამ გოგოს ფეისბუქიდანაა აღებული.
პირველად ვდებ მსგავსი შინაარსის სქრინებს ჩემს გვერდზე. ძალიან მრცხვენია, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვეს.
მოვითხოვ გამოძიების სასწრაფოდ გაგრძელებას და სიმართლის დადგენას! გპირდებით- ამ სიბინძურეს ვუპასუხებ სიმართლით. ლევან ჯანგველაძის საქმესაც ბოლომდე მივიყვან! ლევან კაჭარავას საქმეც ბოლომდე მივა! ჩემი ოჯახის საქმეზეც მალე ვაზეიმებ სამართალს! ყველა სიცრუეს ფარდას ავხდი. მალე გაიგებთ ამ ყველაფერს" - წერს ტარიელ კაკაბაძე.
"დილა დავიწყოთ შენი ტყუილების გაშიფვრით:
1.ელისო კილაძე არ არის ოთარ ფარცხალაძესთან დაახლოებული პირი(არ ვიცნობ), არ ვიცნობ არც გიორგი მიქაძეს, დათო მიქაძე ჩემი მეგობარია და ამას ხუთი წლის წინ ვწერდი ნიკა გვარამიას კედელზე!
ლიკა ტაბატაძე მე არ მომიწვევია, თავად მოვიდა და მთხოვა დახმარება.
2. ელისო კილაძე არ გადაეკიდა ჟურნალისტებს (რა ვორდინგია ადვოკატის მხრიდან), მათ მივუთითე პროფესიულ სტანდარტზე,არ ვლანძღავ ადვოკატთა ასოციაციას, დავცინე გავრცელებული ანონიმკის გამო. ტროლები დავბლოკე (ვაღიარებ)
3. რაც შეეხება ე.წ.ფეიკ სქრინს,დღეს არ გამოფენილა, არ ვარ ვალდებული სიტყვაზე გენდო. ველი მტკიცებულებას რომ სქრინი ფეიკია!
P.s.სამი აბზაცი-სამი ტყუილი.ადვოკატი ხარ თუ ორღობის ჭორიკანა?", - წერს ელისო კილაძე.