საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. კარიერის დასრულების შესახებ განცხადება 33 წლის ნახევარმცველმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ნიკა კვეკვესკირმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 62 მატჩი ჩაატარა. სწორედ მისი ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი იყო გადამწყვეტი საქართველო - საბერძნეთის პლეი-ოფის ისტორიულ ფინალში, რომელმაც ჩვენს ნაკრებს ევრო 2024-ის საგზური მოუტანა. კვეკვესკირი საქართველოს ნაკრების ღირსებას 10 წლის განმავლობაში, 2015 წლიდან იცავდა. სადებიუტო მატჩი გიბრალტარის წინააღმდეგ ჩაატარა, ხოლო ბოლოს ნაკრების მაისური სომხეთთან სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში მოირგო.
"კვეკვე" ბოლოს "ნირედჰაზას" ღირსებას იცავდა, სხვადასხვა დროს კი ზუგდიდის "ბაიას", თბილისის "დინამოს", გორის "დილას", "ქეშალის", "გაბალას", "ტობოლისა" და "ლეხის" ღირსებას იცავდა.

კვეკვესკირი გამოდიოდა საქართველოს 17-წლამდე და 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში, 2010–2013 წლებში საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი იყო. 2015 წლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია.
ნიკა კვეკვესკირის გზა წარმატებამდე მარტივი არ ყოფილა. მისი ოჯახი აფხაზეთიდან, გალიდან არის დევნილი, რის გამოც სპორტსმენს ბავშვობიდანვე ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწია. ომის დასრულების შემდეგ, ნიკა წლინახევრის იყო, როცა მშობლებმა ზუგდიდში ჩამოიყვანეს და ცხოვრება დევნილთა დასახლებაში განაგრძეს.
"ომის შემდეგ, ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა, მეზობლები ვიყავით. მე და ჩემი ძმა შორს დავდიოდით სკოლაში და, მეზობელი ბავშვებისგან განსხვავებით, ნახევარი საათით ადრე ვიდექით უკვე გაჩერებაზე. ყოველ დილით, ვინც ჩვენზე ადრე ელოდებოდა ტრანსპორტს, კვეკვესკირი იყო. 90-იანი წლების ყოველ წვიმიან, თოვლიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით ჯიუტად და ვარჯიშზე მიდიოდა. კიდევ მახსოვს, შეკრებაზე უნდა წაეყვანა მწვრთნელს პატარების გუნდი და მის მშობლებს (რომლებიც ძალიან ცდილობდნენ, არაფერი მოეკლოთ ბავშვისთვის) არ აღმოაჩნდათ ფინანსები და ნიკას მოუწია სახლში დარჩენა, თუმცა იმდენად მტკივნეული იქნებოდა ეს ბავშვისთვის, რომ ეს ამბავი დაუმალეს და მწვრთნელს ათქმევინეს, რომ 1 კვირა, უბრალოდ, ვარჯიში არ ექნებოდათ და ისვენებდნენ. კიდევ მახსოვს, ერთხელ, "მარშრუტკის" მძღოლმა არ ამოუშვა, ისეთი ტალახიანი იყო ვარჯიშის მერე. მეორე მძღოლმა უთხრა, დაიფინე რამე და ჩემს "მარშრუტკაში" ჩაჯექი, მალე გავდივარ მეცო.
მადლობა, ნიკა, ამ სიჯიუტისთვის, ყველაფრისთვის და, განსაკუთრებით, გუშინდელი, შენებური, თავდაჯერებული გამარჯვების გოლისთვის", - წერს "ფეისბუქში" ნანა ცხვიტარია.

ნიკა კვეკვესკირი პირველად საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ შეამჩნია და 2012 წელს ნაკრებში გამოიძახა. მაშინ კვეკვესკირი ზუგდიდის "ბაიას" ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა და მისთვის ასეთი ტრამპლინი სრული მოულოდნელობა იყო.
"მაშინ ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში მიწვევა ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რისთვისაც დღემდე თემურ ქეცბაიას მადლიერი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის საშუალება არ მომეცა, ასეთი დონის ფეხბურთელებთან ვარჯიშიც კი ჩემთვის უდიდესი პრივილეგია, პატივი და მოტივაცია გახლდათ. პირველი შეხვედრისას ემოციების კონტროლი რთული იყო", - ამბობდა წლების შემდეგ კვეკვესკირი.
ფეხბურთელის მეუღლე სალომე ბებუაა. სალომეც აფხაზეთიდან დევნილია. იგი პროფესიით ექიმ-სტომატოლოგია. წყვილს 2 გოგონა ჰყავს.

ფეხბურთელი ამბობდა, რომ ყველა გოლი აფხაზეთის სახელზე გაჰქონდა და მისი ოცნება გალში დაბრუნებაა.
"ზუგდიდი ძალიან მიყვარს, თუმცა გალი მაინც სხვაა მთელი ჩემი ოჯახისთვის, ჩემთვისაც. თუ კარგად ვითამაშე მოედანზე, ვარიანტი არაა, ჩემ გულში ჩუმად არ ვთქვა, შენთვის, ჩემო აფხაზეთო- მეთქი". ( წყარო: ჟურნალი "ზუგდიდელები“ N 3. 2007 წ.)