ავტორი:

როგორ გაითამაშა ამერიკელმა კაცმა სიკვდილი და ვინ არის ქალი, ვის გამოც საქართველოში ჩამოვიდა - საქართველოში ცხოვრება არ აღმოჩნდა ისეთი სამოთხე, როგორიც წარმოედგინა

როგორ გაითამაშა ამერიკელმა კაცმა სიკვდილი და ვინ არის ქალი, ვის გამოც საქართველოში ჩამოვიდა - საქართველოში ცხოვრება არ აღმოჩნდა ისეთი სამოთხე, როგორიც წარმოედგინა

რაიან ბორგვარდტი, ვისკონსინში მცხოვრები, სამი შვილის მამაა, რომელმაც სიკვდილი გაითამაშა, რათა ყოველდღიური ცხოვრებიდან გაქცეულიყო. მამაკაცი 89 დღით დააპატიმრეს. სასჯელის ხანგრძლივობა მისი გაუჩინარების პერიოდის იდენტურია.

ამ ამბავს კიდევ უფრო საინტერესოს ის ფაქტი ხდის, რომ სიკვდილის გათამაშების შემდეგ, რაიანი აშშ-დან საქართველოში წამოვიდა.

ოცნება გაქცევაზე

მედია წერს, რომ 45 წლის რაიან ბორგვარდტი, როგორც ჩანს, ცხოვრებისეული სირთულეებით ძალიან დაიღალა. ყოველდღიური რუტინა - ქმრისა და მამის როლი ვისკონსინში - იმდენად დამთრგუნველი აღმოჩნდა, რომ მან გაქცევის რადიკალურ გეგმას მიმართა. რაიანს სურდა, თავისი "უბრალო“ ცხოვრება დაეტოვებინა და ახალი ცხოვრება დაეწყო. ცხოვრება, სადაც არ მოუწევდა უგემური კერძების ჭამა ან ბავშვების ჰოკეის ვარჯიშზე ტარება. მისი ეს ოცნება მას შემდეგ ახდა, რაც ახალი სიყვარული იპოვა. უზბეკი ქალი ონლაინ გაიცნო.

გაქცევის მოსამზადებლად რაიანმა რამდენიმე თვის განმავლობაში დეტალური გეგმა შეიმუშავა.

პროკურორის, ჯერის ლასპისას თქმით, ის აქტიურად იკვლევდა გზებს და სწავლობდა "როგორ გაუჩინარებულიყო წარმატებით“. მან საზღვარგარეთ ფული გადარიცხა და რეგულარულად ესაუბრებოდა ქალს, "გამოხატავდა თავის სიყვარულს და სურვილს, დაეწყო ახალი ცხოვრება მასთან ერთად.“

რაიანი ოჯახთან ერთად

"დახვეწილი" გეგმა და სკანდალური აღმოჩენა

2024 წლის 11 აგვისტოს რაიანმა გაუჩინარების გეგმა აამოქმედა. მან იცოდა, რომ გრინ ლეიკის ტბა ძალიან ღრმა იყო, რაც სხეულის აღმოჩენის შანსებს შეამცირებდა. მან გაითამაშა, რომ ტბაში ნავი ამობრუნდა და თითქოს შედეგად, ის "დაიხრჩო".

გეგმის დეტალები მან მოგვიანებით შერიფის ოფისს გაუმხილა. მას შემდეგ, რაც ნავი ამოატრიალა, საბავშვო გასაბერი ნავით ნაპირზე გავიდა, სადაც დამალული ელექტრო ველოსიპედი დახვდა. მან ველოსიპედით მთელი ღამე მედისონამდე იმოგზაურა, საიდანაც ავტობუსით დეტროიტში, შემდეგ კი კანადის საზღვრამდე ჩავიდა. საბოლოოდ, მან თვითმფრინავით გაფრენა მოახერხა.

რაიანის გაუჩინარების ამბავმა ოჯახი და საზოგადოება შოკში ჩააგდო. მისი ცოლი და შვილები გლოვობდნენ, ხოლო პოლიციამ 58-დღიანი სამძებრო ოპერაცია წამოიწყო, რომელშიც სკანერებიანი ნავები და მყვინთავების გუნდი იყო ჩართული.

თუმცა, რაიანის დაუდევრობამ - ლეპტოპის დატოვებამ - მისი გეგმა საბოლოოდ ჩაშალა. ცოლმა ლეპტოპი გამომძიებლებს გადასცა, რომლებმაც ციფრული ანალიზის შედეგად, უცხოურ საბანკო ანგარიშზე გადარიცხული თანხა და ონლაინ მიმოწერა აღმოაჩინეს.

სამი შვილის მამამ საკუთარი სიკვდილი გაითამაშა, რათა ონლაინ გაცნობილ უზბეკ ქალთან გაქცეულიყო

ძიება და მოულოდნელი დაბრუნება

გამოძიების ამ დეტალებმა პოლიცია რუსულენოვან ქალამდე მიიყვანა, რომელიც მათ დაეხმარა რაიანთან დაკავშირებაში. სამართალდამცავებმა გაიგეს, რომ რაიანი ცოცხალი იყო და საქართველოში იმყოფებოდა, სადაც მისი აზრით, ახალი, უკეთესი ცხოვრება ელოდა. პოლიციამ რაიანთან მოლაპარაკებები დაიწყო და საბოლოოდ დაარწმუნა, რომ უკან დაბრუნებულიყო.

რაიანის ადვოკატის, ერიკ ს. ჯონსონის, თქმით, ის ნებაყოფლობით დაბრუნდა. ადვოკატი ამბობს, რომ მას სურდა "შეცდომის გამოსწორება“. თუმცა, ვარაუდობენ, რომ მისი დაბრუნების ნამდვილი მიზეზი ის იყო, რომ საქართველოში ცხოვრება არ აღმოჩნდა ისეთი სამოთხე, როგორიც წარმოედგინა. სავარაუდოდ, მას სამსახურის პოვნა მოუწია არაინგლისურენოვან ქვეყანაში, სადაც არ იყო მისი საყვარელი ყველი, მილუოკი ბრუერსის თამაშები და არც ის კომფორტი, როგორიც წარმოედგინა.

აღმოჩნდა იმ რეალობის წინაშე, რომელიც მის ოცნებას არ შეესაბამებოდა.

  • სასამართლო და სასჯელი

რაიან ბორგვარდტი ვისკონსინში დაბრუნების შემდეგ, 2024 წლის 10 დეკემბერს, დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს სამართალდამცავების საქმიანობის შეფერხებისთვის. სასამართლოზე, პროკურორებმა 45-დღიანი პატიმრობა მოითხოვეს. თუმცა, მოსამართლე მარკ ტ. სლეიტმა შეთანხმება უარყო და რაიანს 89-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, რაც მისი გაუჩინარების დღეების რაოდენობის ტოლია.

ამასთანავე, რაიანს 30 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, რათა დაეფარა მისი ძებნის ხარჯები. სასამართლოზე ღრმა სინანული გამოთქვა. "ძალიან ვნანობ იმ ქმედებებს, რომლებიც იმ ღამეს ჩავიდინე და იმ ტკივილს, რომელიც ჩემს ოჯახსა და მეგობრებს მივაყენე,“ - თქვა მან. თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია წერს, მისი ოჯახისთვის მიყენებული ზიანი "არასდროს გამოსწორდება“.

რაიანის ცოლი, ემილი, მას გაშორდა მას შემდეგ, რაც კაცი აშშ-ში დაბრუნდა.

"მისი მთელი გეგმა, გაეყალბებინა საკუთარი სიკვდილი, რათა დაენგრია თავისი ოჯახი საკუთარი ეგოისტური სურვილების დასაკმაყოფილებლად, დამოკიდებული იყო იმაზე, რომ ის ტბაში დაიხრჩობოდა და თავის სიკვდილის ამბავს საზოგადოებას "მიჰყიდდა", - თქვა ლასპისამ განაჩენის გამოტანამდე.

  • რეალობა

რაიან ბორგვარდტის ისტორია არის არა მხოლოდ დანაშაულის, არამედ იმედგაცრუებული ოცნების ამბავიც.

მისი ამბავი გვიჩვენებს, რომ ყველა "გაქცევა“ არ მთავრდება თავისუფლებით და ზოგჯერ "სამოთხე“, რომელიც შორიდან გვხიბლავს, შეიძლება გაცილებით რთული და არასასურველი აღმოჩნდეს. რაიანს არასრულყოფილი გეგმისა და დაუდევრობის გამო მოუწია პასუხი ეგო თავის საქციელზე და დაენახა, რომ მისი "ახალი ცხოვრება“ არაფრით ჯობდა ძველს.