"ფელიჩიტა" - ბედნიერების 30 წელი

"ფელიჩიტა" - ბედნიერების 30 წელი

მათი სიმღერებით საბჭოთა ხალხი იტალიურ ენას სწავლობდა. ეს წყვილი ხალხის წინაშე წარმოაჩენდა საკუთარ სიყვარულს და არ ეშინოდათ ფოტოკამერის ობიექტივის წინ კოცნის! ბედნიერების შეგრძნება მათგან ტალღასავით მოედინებოდა და ეს სიყვარულის გაპიარება კი არ იყო, არამედ ჭეშმარიტი ბედნიერება.

ნამდვილი ბედნიერება...

წყვილმა ერთმანეთი შორეულ 1967 წელს ფილმში მთავარი როლის შესრულების დროს, გადასაღებ მოედანზე გაიცნო. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება.

ულამაზესი გოგონა, მდიდარი, ჰოლივუდის ცნობილი ოჯახის შვილი, 16 წლის იყო. უმშვენიერესი ხმის პატრონი ყმაწვილი, რომელმაც თავად გაიკაფა კარიერა, 24 წლის გახლდათ. ეს იდეალური წყვილი ალ ბანო და რომინა პაუერი იყო.

რომინა ფრანჩესკა პაუერი ოცნებების ფაბრიკაში, ჰოლივუდში, მდიდარ ოჯახში დაიბადა. მამამისი ჰოლივუდის სახელგანთქმული მსახიობი ტაირონ პაუერი იყო, დედა მსახიობი - ლინდა კრისტიანი.

პატარა და ლამაზი რომინა მზეთუნახავი და უჩვეულო ვოკალური მონაცემების ბავშვი იყო. მას პრინცესასავით ზრდიდნენ და ძალიან ანებივრებდნენ. დედამისს სჯეროდა, რომ რომინა ისეთ ბრწყინვალე კარიერას აიწყობდა, როგორიც არასდროს არავის ჰქონია. მაგრამ ზღაპარი მალე დამთავრდა - ტაირონ პაუერმა ოჯახი მიატოვა, სხვა ქალი შეუყვარდა, როდესაც რომინა მხოლოდ ხუთი წლის შესრულდა. დედამ გოგონა მექსიკაში, შემდეგ ესპანეთში წაიყვანა, საბოლოოდ კი ქმრის სამშობლოში - იტალიაში დამკვიდრდნენ. უკვე 14 წლის რომინას კინოში იღებდნენ, შემდეგ პირველი სოლოფი­რფიტა ჩაწერა. დედას ქალიშვილი ეა­მ­აყებოდა. რატომაც არა! ქალიშვილს ბრ­წყინვალე მომავალი ელოდებოდა!..

ლინდა კრისტი­ანს პირველად გული მაშინ ეტკინა, როდესაც ქალიშვილმა სა­ქმრო გააცნო - საშუალო სიმაღლის, სათვალიანი, არაფრის მთქმელი სახელის მქონე ძირძველი იტალიელი, რომელიც რაღაც სიმღერებს მღეროდა და ზედმეტი გროშიც არ გააჩნდა. ალბანო პარიზის ღარიბ იტალიურ ოჯახში დაიბადა, მამამისი მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მისდევდა - მან ვაჟს ალბანო ალბანეთში მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობის გამო დაარქვა. მოგვიანებით მომღერალმა, რომელსაც ესირცხვილებოდა თავისი უცნაური სახელი, იგი ორ ნაწილად გაყო და ალ ბანო კარიზი გახდა. თავისი პირველი სიმღერა 12 წლის ასაკში ჩაწერა. 16 წლისა მომღერლის კარიერის ასაწყობად მილანში ჩავიდა. იქ ოფიციანტად, მზარეულად, კო­ნ­ვეიერზე მუშად მუშაობდა, სანამ 1965 წელს ჩელენტანოს ორგანიზებულ კო­ნკურსში არ მიიღო მონაწილეობა. საბედნიეროდ, ის კონკურსზე მოეწონათ და შეამჩნიეს. ამის შემდეგ მომღერალმა პირველი ფირფიტა ჩაწერა, ქვეყანაში გასტროლები გამართა და, ბოლოს და ბოლოს, მთელ იტალიაში ცნობილი გახდა.

1970 წელს ალ ბანო და რომინა პაუერი შეუღლდნენ და არა მარტო იტალიაში, მთელ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ წყვილად აღიარეს. რომინამ დედას არ დაუჯერა, მოახერხა ამერიკული სტერეოტიპების დამსხვრევა და მყარი კათოლიკური ოჯახი შექმნა, სადაც ქალი ყველაფერში ოჯახის უფროსს, მამაკაცს ემორჩილება.

სრულყოფილების განსახიერება

ქალი ლექსებს წერდა, კაცი - მუსიკას. ერთად ასრულებდნენ ცნობილ სიმღერებს. ალ ბანოს სიმღერების მოტივზე შვიდი ფილმი გადაიღეს, უმრავლესობაში მთავარი როლი რომინასთან ერთად ითამაშა.

ლამაზები, ნიჭიერები, მდიდრები, ისინი სრულყოფილების განსახიერებად იქცნენ. 1970 წელს ცოლ-ქმარს გოგონა ილენია შეეძინა. სამი წლის შემდეგ ვაჟი - იარი, შემდეგ გოგონები - კრისტელი და რომინა-უმცროსი. 1976 წელს მათმა ოჯახურმა დუეტმა "ევროვიზიაზე" იტალია წარადგინა და მეშვიდე ადგილი დაიკავა. პოპულარობის პიკს მომღერლებმა 1982 წელს სან-რემოს ფესტივალზე მიაღწიეს.

წყვილმა გასტროლებით მსოფლიო მოიარა, ისინი ისეთი პოპულარულები იყვნენ, როგორზე ოცნებაც კი წარმოუდგენელია.

კარზე უბედურებამ მოაკაკუნა...

1994 წლის 6 იანვარს ალ ბანო კარიზიმ და რომინა პაუერმა უფროსი ქალიშვილის უკვალოდ დაკარგვის გამო პოლიციას მიმართეს. უკანასკნელად ქალიშვილს ერთი კვირის წინ ელაპარაკნენ, როდესაც გოგონამ მშობლებს ახალი წლის მოსალოცად ამერიკიდან დაურეკა. მეტჯერ ტელეფონის ზარზე აღარ უპასუხია... 24 წლის ილენია ახალ-ორ­ლეანში ალტერნატიული ახალგაზრდების სახელგანთქმულ ფესტივალზე გაემართა. ბავშვები ხშირად მიფრინავდნენ ამერიკაში რომინას მრავალრიცხოვან ნათესავებთან, მაგრამ, ამჯერად, ილენიას მათთან არ შეუვლია, მას სხვა გეგმები ჰქონდა. მუსიკა, ნარკოტიკები, სექსუალური თავისუფლება - ფესტივალის ასეთმა ატმოსფერომ მთელი მსოფლიოდან ასობით ათასი ახალგაზრდის ყურადღება მიიპყრო. შემდეგ ათობით მშობელი დაკარგული შვილების მოსაძებნად პოლიციას მიმართავდა - იყო შემთხვევა, ზოგიერთებს პოულობდნენ. უმეტესობა სამუდამოდ უჩინარდებოდა. ასე მოხდა ილენიას შემთხვევაში. არც რომინას თვალცრემლიანმა მიმართვამ ტელევიზიით, რამე მინიშნება მაინც გაეკეთებინათ დაკარგულის შესახებ, არც მათმა გავლენიანმა კავშირებმა ამერიკაში, ვერც ძვირად ღირებულმა კერძო დეტექტივებმა ვერ შეძლეს მომღერლების ქალიშვილის უკან დაბრუნება.

კარიზის ოჯახი გლო­ვობდა. რომინას გასა­ჭირმა თავი დააკარგვინა: დაგეგმილ ქირურგიულ ოპერაციაზე უარი თქვა, საკუთარი ცხოვრება რისკის ქვეშ დააყენა, ვეღარ ამჩნევდა დანარჩენ სამ შვილს, რომელთაც დედის მზრუნველობა ესაჭიროებოდათ. "ქალიშვილის გარეშე სიცოცხლე არ მინდა!" - განუცხადა ქმარს. შედეგად მათი ვაჟი იანი იტალიიდან ბოსტონში გაემგზავრა.

ალ ბანო რომინაზე ნაკლებად არ განიცდიდა, ალბათ უფრო ძლიერიც აღმოჩნდა - დარდს ხელოვნებაში იქარვებდა. დიდი ტკივილის მიუხედავად, მიაჩნდა, რომ ოჯახის, შვილებისა და უამრავი თაყვანისმცემლის გამო უნდა ებრძოლა, ცხოვრების ფერხულში უნდა ჩაბმულიყო. ერთხელ, ინტერვიუში აღიარა: "ილენია მკვდარია, მე უკვე მივეჩვიე ამ აზრს". ეს სიტყვები რომინამ არ აპატია. "შენ ჩვენს ქალიშვილს უღალატე, მე არ მინდა მოღალატესთან ცხოვრება!" - ასეთი იყო მგლოვიარე დედის განაჩენი. რომინას სჯეროდა, იმედი ჰქონდა, რომ ქალიშვილს იპოვიდა...

განქორწინება იტალიურად

ოჯახი კათოლიკურ იტალიაში ყველაზე დიდი სიმდიდრეა. აქ დაქორწინება მარტივია, განქორწინება - რთული. ოჯახის დაშლას დიდი ნერვები, ბიუროკრატი­ული უსიამოვნებების გა­დალახვა, დიდი ფული და მრავალწლიანი ლოდინი სჭირდება.

რომინა და ალ ბანო საკუთარი ურთიერთობის აფიშირებას არ ახდენდნენ, ქუჩებში სკანდალებს არ აწყობდნენ, ერთმანეთს არ ღალატობდნენ, მოკლედ, საზოგადოებას მათი გაყრის გამო ჭორაობის საშუალება არ მისცეს. უამრავ თაყვანისმცემელსა და ნაცნობს ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ასეთი შესანიშნავი შემოქმედებითი და ოჯახური დუეტი შეიძლება დაიშალოს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, შეიძლება.

1995 წელს ალ ბანომ და რომინამ უკანასკნელი ალბომი ჩაწერეს, ერთი წლის შემდეგ ალ ბანომ მარტო მიიღო მონაწილეობა სან-რემოს ფესტივალზე ავტობიოგრაფიული სიმღერით "ეს ჩემი ცხოვრებაა", რომლის დამთავრებისას მუხლებზე დაეცა. მთელი მსოფლიო დარწმუნებულია, რომ ამ ჟესტით მან რომინას პატიება სთხოვა... მაგრამ გავიდა დღეები, თვეები, წყვილი კი სცენაზე ერთად აღარ გამოჩენილა. მოგვიანებით პაპარაცებმა ალ ბანო სლოვაკ ჟურნალისტ გაბრიელა სკრაბაკოვთან ერთად აღბეჭდეს, რომელიც მომღერალზე 26 წლით უმცროსი იყო. ალ ბანოს თქმით, გაბრიელა მისგან ინტერვიუს იღებდა და ისე განიცადა წყვილის ოჯახური ტრაგედია, კარიზის ჟურნალისტი შეუყვარდა.

1999 წელს ალ ბანო კარიზიმ და რომინა პაუერმა ოფიციალურად მიიღეს განქორწინების უფლება. ალ ბანო აგრძელებს მომღერლის კარიერას, წერს სიმღერებს. მზეთუნახავმა კი თავისი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა გა­დაწყვიტა: რომის ყველაზე ძვირად ღირებულ რაიონში საუკეთესო სახლი შეიძინა და ფერწერამ გაიტაცა, მონაწილეობს ტელეშოუებში, წერს წიგნებსა და სცენარებს, იღებს დოკუმენტურ ფილმებს. იგი სულით ხორცამდე ახალგაზრდაა - მშვენიერი სხეულის შენარჩუნება მოახერხა, მისი სახის ნაკვთებს თითქოს დროთა ქარტეხილი არ შეხებია. ელიტური პრესა წერს რომინას რომანზე 25 წლის ინგლისელ მხატვარ ჯონათან ბიშოპთან, რომელთან ერთადაც პლაჟზე ბევრჯერ ნახეს.

რას იზამ, რომინა ნამდვილად ღირსია ბედნიერების, დაე, ისიც ისეთი კაშ­კაშა იყოს, როგორც მისი 30 წლის "ფე­ლიჩიტა" ალ ბანო კარიზისთან!

რომინა პაუერი კვლავ ამღერდა

ცოტა ხნის წინ რომინა კვლავ გამოჩნდა იტალიის ტელევიზიით. 58 წლის პაუერი არა მარტო მშვენიერ ფორმაშია, არამედ მშვენივრადაც მღერის. მომღერალმა ტელეშოუში მიიღო მონაწილეობა, სადაც ახალგაზრდა შემსრულებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარსული დროის კერპებთან ემღერათ. რომინამ თავის ქალიშვილ კრისტელთან ერთად იმღერა...

 

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)