ბოლო დროს, ლეჩხუმში სტუმრობით აღფრთოვანებას ბევრი ქართველიც და უცხოელიც სულ უფრო მეტად გამოხატავს. დღეს გაგაცნობთ ლეჩხუმელ ფერმერსა და მეღვინეს, ლევან ხმელიძეს სოფელ ქორენიშიდან, რომელიც მშობლიური კუთხის პოპულარიზაციისთვის ძალისხმევას არ იშურებს. მის მიერ აღორძინებულ "ხმელიძეების მარანს" დიდი ისტორია აქვს. "მას ჯერ კიდევ 1885 წელს ბაბუაჩემის ბაბუამ ჩაუტარა საფუძველი...", - ამბობს ის და აგრძელებს:

- ზოგჯერ ადამიანს რაღაცის მიღწევის ძლიერი სურვილი ამოძრავებს, ხოლო როცა იმას მიიღებს, რაც უნდა, ხვდება, რომ სულ სხვა რამ ყოფილა მთავარი ღირებულება... აღმოჩნდა, რომ ჩემთვის ყველაზე ფასეულია - ოჯახი, ფესვები, ტრადიციები, ლეჩხუმი, რამაც მიბიძგა, აქ დავფუძნებულიყავი და ჩემი ენერგია ჩემი სოფლის და წინაპართა ტრადიციებით დაწყებული საქმის პოპულარიზაციისთვის მიმეძღვნა. ჰოდა, ჩვენი სლოგანიც ასეთია: ლეჩხუმს მსოფლიოს გავაცნობთ და სოფელ ქორენიშს ტურისტულ ლოკაციად ვაქცევთ! ამ მიმართულებით აგროტურიზმს ვავითარებთ, რაც მოიცავს მეფუტკრეობას, მეღვინეობას, მევენახეობას და საოჯახო სასტუმროს ფუნქციონირებას ერთ სივრცეში. რადგანაც ტვიშის მიკროზონაში ვიმყოფებით, გვაქვს ნახევრად ტკბილი ცოლიკაური, როგორც ევროპული წესით დაყენებული, ასევე, - ქართული ტრადიციით მომზადებული - ქვევრში, ოჯალეში და ნახევრად ტკბილი როზე.
- ტურისტებს ყველაზე უფრო რომელი ღვინო მოსწონთ?
- "ხმელიძეების მარანში" ძირითადად, ევროპელები გვსტუმრობენ, მათთვის მშრალი ღვინის მიმართულება უფრო ახლობელი, ნაცნობი და მისაღებია. თუმცა, რადგანაც აქ ტვიშის მიკროზონაა, ნახევრად ტკბილი ღვინოც დიდი მოწონებით სარგებლობს.
- რას გვეტყვით, ღვინის ძველი წესით წარმოებასა და ხვამლის მთის საიდუმლოებას თუ აკავშირებს რამე ერთმანეთთან?

- რა თქმა უნდა, აკავშირებს... ჩვენს ქვეყანაში ღვინის წარმოებას რომ 8000 წლის ისტორია აქვს, უკვე ევროპამაც აღიარა. (ქვევრის ტრადიციული მეთოდის გამოყენება მათ დიდ ინტერესს იწვევს.) ხვამლის მთას კი ბევრად უფრო დიდი სიძველე გააჩნია და დიდებულია თავისი მისტიკურობით, სულიერი, რელიგიური, კულტურული დატვირთვით. ხვამლი მართლაც ღვთისგან ბოძებული მარგალიტია, აქ ცხოვრება კი დიდი პატივი. ამას უცხოელებიც გრძნობენ, აქაურ ჰაერს ჩაისუნთქავენ და სხვა ენერგეტიკით ივსებიან. ახლაც ერთი გერმანელი სტუმარი გვყავს...

წლებია, ჩვენთან ისვენებს, ამბობს, - მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი, მაგრამ ყველგან სიარულს შევეშვი, რადგან ყოველ ზაფხულს მხოლოდ აქ ჩამოსვლა მინდაო. მას ამ ადგილისკენ აქაური იდუმალი და საოცარი ენერგეტიკა იზიდავს. აღსანიშნავია, რომ ლეჩხუმი საქართველოს ტურისტული მიმართულების განვითარებას დიდად ჩამორჩება. სულ რაღაც ორი-სამი წელიწადია, რაც პოპულარობა შეიძინა, ამას კი ინფრასტრუქტურის განვითარებამ შეუწყო ხელი. კერძოდ, ქვედა და ზედა სვანეთის დამაკავშირებელი გზა რომ გაიყვანეს, ტურისტული ნაკადიც გაიზარდა. სვანეთიდან გადმოსულები უკვე ლეჩხუმსაც ათვალიერებენ. სამწუხაროდ, აქ ჯერ კიდევ არ არის ბევრი საოჯახო სასტუმრო. ვიზიტორების სიმრავლეს ქუთაისი-ალპანას მიმართულებით გზის რეაბილიტაციამაც ხელი შეუწყო. ერთ დროს აქედან წასული ადგილობრივებიც უფრო იოლად უბრუნდებიან მიტოვებულ კერას, მოდიან, შრომობენ, ისვენებენ და შვებას ნახულობენ.
- ამბობენ, სამეურნეო საქმეებში სხვადასხვა ეროვნების ხალხი გყავთ ჩართული; კანადელები, ფრანგები, ამერიკელები (და არამხოლოდ ისინი) ხშირად გეხმარებიან...
- დიახ, მსოფლიოში აპრობირებულია ასეთი რამ, არსებობს ინტერნეტ-პლატფორმა, რომელიც მსურველებს საშუალებას აძლევს გახდეს ჩვენი ვიზიტორი, ჩამოვიდეს და ადგილზე მიიღოს მონაწილეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ისინი მხოლოდ საცხოვრისით და კვებით უზრუნველყოფის სანაცვლოდ გვეხმარებიან, თანაც აქაური ხალხის ცხოვრებას, კულტურას, ტრადიციებს ეცნობიან. ვხუმრობთ კიდეც, გაზაფხულზე ლობიოს თუ თესავს ვინმე ავსტრალიიდან, შემდეგ ჩინელი ან იაპონელი თოხნის, კანადელი კრეფს, ბოლოს გერმანელი ან ფრანგი ჭამს... შესაძლოა, პირიქითაც მოუწიოთ მონაცვლეობა. მთავარია, რომ სრულ სამუშაო ცილში ლამის "მთელი მსოფლიო" მონაწილეობს... არ არსებობს კონტინენტი, საიდანაც სტუმარი არ გვყოლია.

- "წვეტიანი იდეები“ მაწუხებსო, ხუმრობით ამბობთ ხოლმე... ყველაზე "შეშლილი“ იდეა მაინც რა იყო?
- 2015-2017 წლებში რომ ვთქვი, სოფელ ქორენიშს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს-თქო, ბევრს ამან ღიმილი მოჰგვარა. თითქმის არავის სჯეროდა, რომ აქ ტურისტები ივლიდნენ. ამას ჰქონდა თავისი მიზეზი. მაღალმთიანი რეგიონები - ლეჩხუმი, რაჭა , სვანეთი დღითიდღე იცლებოდა, ახლაც დიდ მიგრაციას განიცდის. მეუბნებოდნენ, - ხომ ხედავ, ადგილობრივები გადიან და სხვა ვინ მოვაო?! თუმცა ამის პარალელურად, მსოფლიოში ეკოლოგიურ გარემოზე მოთხოვნა გაიზარდა და ჩემი ყველაზე უფრო "წვეტიანი იდეაც“ განხორციელდა. ახლა სოფელ ქორენიშს უცხოელი ვიზიტორები ყოველდღიურად სტუმრობენ.
- ამბობენ, რომ ვერტმფრენის დასაჯდომად აქვე გორაც მოასუფთავეთ. მართლა ფიქრობთ, რომ აქ მალე უცხოელები ვერტმფრენებითაც მოვლენ?
- გეთანხმებით. ესეც "იმ წვეტიანი იდეებიდან“ არის, რომ გეუბნებოდით... ადრე ხომ "სმარტფონი, ვოთსაფი და მობილური ტელეფონი“ იყო გასაკვირი, ახლა აღარ არის... ასეთივე ცვლილებები იქნება 5 -10 წელიწადშიც. აქ ვერტმფრენები ტაქსებივით "ივლიან“. ჩვენ მოვასუფთავეთ გორა, სადაც ვერტმფრენებისთვის დასაჯდომი საფრენი ბილიკი მომზადდება.
- იქნებ შემახსენოთ, რა ჰქვია იმ საოცარ ღვინოს, რომელსაც სხვაგან ვერსად დავლევთ, თუ უშუალოდ, ლევან ხმელიძის მარანს არ ვესტუმრებით?
- ბებიას სახელი ჰქვია - "ქორენიშული როზანა“ და მის წარმოებასთან დიდი ემოციური სიახლოვე მაკავშირებს. შეიძლება ითქვას, მის უნიკალურობას დამზადების განსაკუთრებული ტექნოლოგია განაპირობებს. საქმე ის არის, რომ გვსურდა ჩვენს საოჯახო მარანში საზაფხულო როზეს ტიპის ღვინო შემოგვეტანა. ეს უნდა ყოფილიყო, როგორც სადესერტო ღვინო, რისთვისაც კარგი მასალაა ოჯალეში. თუმცა ეს არის ლეჩხუმის ნახევრად ტკბილი ცოლიკაურის და ოჯალეშის დეკუპაჟის შედეგად მიღებული ღვინო. "ქორენიშულ როზანას“ ჩამომშრალი ოჯალეშის ყურძნიდან ვაწარმოებთ. ამისთვის ხელით ისხმება აკიდოები და ასე ინახება ყოველწლიურად 600 კგ-მდე ორბელური ჯიშის ოჯალეში. შენახვას თავისი პირობები აქვს. აკიდოზე ასხმულ ყურძნებს შორის ჰაერი უნდა ტარდებოდეს, ამ მეთოდით ყურძენში წყლის აორთქლება ხდება და შაქრიანობა მაღლა იწევს. მართალია, გამოშრობის ტექნოლოგია მსოფლიოში აპრობირებულია, თუმცა ჩემთვის ინსპირაცია აკიდოებით ასხმა გახდა. აღსანიშნავია, რომ ამ ყურძენს დღესაც ბებიაჩემის დარგული ვენახიდან ვკრეფთ.

წლების განმავლობაში ქალბატონი როზანა პირადად უვლიდა ამ ვენახს, სწორედ ასე აკიდოებად ასხამდა ყურძენს... მოკლედ, თითქმის გამომშრალი მარცვლებიდან ვიწყებთ დაწურვის პროცესს და 600 კგ - დან სულ რაღაც 30 ან 35 ლიტრი ღვინო გამოგვდის წელიწადში. ეს იმდენად ცოტაა, რომ მხოლოდ აქ მოსულ ტურისტს შეუძლია ყურძნის ამ ნექტრის დაგემოვნება. ასეთი ტექნოლოგიით ღვინის წარმოება ურთულესი და სარისკო პროცესია. შეიძლება, ყურძენი გაფუჭდეს და უდიდესი შრომა წყალში ჩაიყაროს. თუმცა, "ქორენიშული როზანას“ შუშხუნა არომატი და ნექტარივით საამო გემო ყველაფრად ღირს. (იღიმება) . ეს ტექნოლოგია ძალიან მაღალი ხარისხის მქონე ღვინის მომცემია. მე ვფიქრობ, მისი ასე წარმოებაც ქართველისთვის დამახასიათებელ სიჯიუტეზე მეტყველებს, მაგრამ ყოველივე ამას დიდი ზრუნვა, სიყვარული და წინაპრებთან დაკავშირებული ტრადიციის გაგრძელება უდევს საფუძვლად.
ეკა ასათიანი