ავტორი:

ქართველები, რომლებიც სხვადასხვა დროს გამოჩნდნენ ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე

ქართველები, რომლებიც სხვადასხვა დროს გამოჩნდნენ ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე

ყოველი წლის აგვისტოს მიწურულს, "პალაცო დელ სინემას" დარბაზთან წითელი ხალიჩა იშლება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ვენეციის კინოფესტივალი დაიწყო. წლევანდელი, რიგით 82-ე ვენეციის კინოფესტივალი 28 აგვისტოს გაიხსნა და 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ფესტივალი წელს განსაკუთრებით შთამბეჭდავია და მაყურებელს არაერთ საინტერესო პრემიერას ჰპირდება. მათ შორის, იგეგმება ისეთი დიდი პროექტების ჩვენება, როგორებიცაა:

  • ტიმ ბარტონის ახალი ნამუშევარი, Beetlejuice.
  • პედრო ალმოდოვარის ფილმი The Girl Next Door, სადაც მთავარ როლებს ჯულიან მური და ტილდა სუინტონი ასრულებენ.
  • ხოაკინ ფენიქსისა და ლედი გაგას მონაწილეობით შექმნილი Joker: Folie à Deux.
  • ფილმი Maria, სადაც ლეგენდარული მარია კალასის როლს ანჯელინა ჯოლი განასახიერებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ იტალიაში, ვენეციაში მიმდინარე საერთაშორისო კინოფესტივალის დღეებში ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში და პროტესტი გამოთქვა ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო მოქმედების წინააღმდეგ.

ქართველები ვენეციის წითელ ხალიჩაზე

ვენეციის კინოფესტივალი ყოველთვის იზიდავდა ქართველ ხელოვანებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს. მოდით, გადავხედოთ, ბოლო წლების განმავლობაში ვინ მოხვდა ცნობილი ფესტივალის წითელ ხალიჩაზე.

  • ნინი ბადურაშვილი - Armani Beauty-ს სახე

წელს, ვენეციის რიგით 82-ე კინოფესტივალს მომღერალი ნინი ბადურაშვილიც დაესწრო. ნინი წითელ ხალიჩაზე Armani Beauty-ის ოფიციალურ წარმომადგენლად გამოჩნდა. ბუნებრივია, მისი ჩაცმულობაც ამ ბრენდს უკავშირდებოდა - მას Giorgio Armani-ის კაბა ეცვა, რამაც კიდევ უფრო გაუსვა ხაზი მის ელეგანტურ იმიჯს.

  • თამო ვაშალომიძე - ბიზნესის გლობალურ ასპარეზზე გატანა

ქართველი მოდელი, ბლოგერი და ბიზნესვუმენი თამო ვაშალომიძე არაერთხელ გამოჩნდა საერთაშორისო ფესტივალებზე, მათ შორის, 2024 წლის ვენეციის კინოფესტივალზე. მან საკუთარ გამომწერებს სპეციალური ვიდეომიმართვაც კი ჩაწერა, რომელშიც განმარტა, თუ როგორ მოხვდა ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე.

მისი თქმით, მისი დიდი ხნის სურვილი იყო, რომ საკუთარი ბრენდი "TAMOSKIN“ საზღვარგარეთ გაეტანა. "სამი წელი ვცდილობდი, მოვხვედრილიყავი ასეთ ღონისძიებაზე, თუმცა, უარს ვიღებდი. ორი თვის წინ, მეილი რომ მომივიდა, მე თვითონ შოკში ვიყავი, ვერ აგიწერთ, რა ემოცია იყო“, - აღნიშნა იმჟამად ბლოგერმა.

ის 2025 წლის კანის კინოფესტივალზეც ვიხილეთ.

  • დეა კულუმბეგაშვილი და ფილმი "აპრილი“ - ქართული კინოს ტრიუმფი

გასულ წელს ვენეციის კინოფესტივალი ქართული კინოსთვის ისტორიული გახდა. რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმის, "აპრილის“ პრემიერა შედგა, რაც ქართული კინოინდუსტრიის დიდი წარმატებაა. ფილმის პრემიერაზე დასასწრებად ჩავიდნენ მსახიობები: კახა კინწურაშვილი, ია სუხიტაშვილი და მერაბ ნინიძე, რომლებიც მთავარ როლებს ასრულებენ.

ია სუხიტაშვილის არჩეული კაბა ცნობილმა ქართულმა ბრენდმა, Situationist-მა შექმნა.

აღსანიშნავია, რომ მერაბ ნინიძე ვენეციაში 2008 წელსაც იმყოფებოდა. 65-ე კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ის რუს რეჟისორ ალექსეი გერმან-უმცროსსა ჩულპან ხამატოვასთან ერთად გამოჩნდა. ისინი ფილმის "ქაღალდის ჯარისკაცის" პრემიერას ესწრებოდნენ.

  • ხატია ბუნიათიშვილი - ხელოვნება და სტილი

2022 წელს ვენეციის რიგით 79-ე კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი გამოჩნდა. მან არჩევანი წითელ კაბაზე შეაჩერა, ხოლო Cartier-ის სამკაულები მის იმიჯს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენდა.

პიანისტი ფესტივალს გასულ წელსაც ესტუმრა. ამჯერად, ის წითელ ხალიჩაზე დიზაინერ ანუკი არეშიძის შავი კაბითა და Cartier-ის სამკაულებით გამოჩნდა. ბუნიათიშვილი წლებია, რაც ცნობილი საიუველირო ბრენდის ამბასადორია, თუმცა ქართველი დიზაინერის კაბით ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად წარდგა. ანუკი არეშიძის მიერ შექმნილი კაბა იდეალურად იყო მორგებული პიანისტის სტილზე. ცნობილია, რომ ბუნიათიშვილის სასცენო კაბები ყოველთვის გრძელი შლეიფითა და დამახასიათებელი ღრმა დეკოლტეთი გამოირჩევა.