ავტორი:

გაცილება "ლიონიდან" და დახვედრა "ვილიარეალში" - ქართველი ბომბარდირი ესპანურმა კლუბმა თავის ისტორიაში რეკორდულ ფასად შეიძინა

გაცილება "ლიონიდან" და დახვედრა "ვილიარეალში" - ქართველი ბომბარდირი ესპანურმა კლუბმა თავის ისტორიაში რეკორდულ ფასად შეიძინა

31 აგვისტოს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მესამე ტურში "ლიონმა" "მარსელი" 1:0 დაამარცხა. მატჩს ესწრებოდა გიორგი მიქაუტაძეც, რომელიც კარიერას ესპანურ "ვილიარეალში" აგრძელებს.

მატჩის შემდეგ გიორგი მოედანზე შევიდა და "ლიონს" დაემშვიდობა.

"ლიონს" დამძიმებული გულით ვტოვებ. როგორც აქამდე ვამბობდი, მსურდა, რომ აქ ჩემი კვალი დამეტოვებინა. თუმცა ეს ფეხბურთია და ასეთი რაღაცები ხდება. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ, საოცარი ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი გყავთ. მადლობა სიყვარულისთვის, რომელიც ჩემდამი გამოიჩინეთ", - განაცხადა მიქაუტაძემ.

გუშინ კი ესპანურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 24 წლის ქართველი თავდამსხმელი უკვე მის რიგებშია.

ტრანსფერი "ვილიარეალს" 31+5 მილიონი ევრო დაუჯდა. ეს კლუბის ისტორიაში სარეკორდო შენაძენია. "ლიონს" ქართველის შემდგომი გაყიდვიდან თანხის 10% ეკუთვნის.

მიქაუტაძეს ექვსწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და ახალ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი დავიმატეთ. ამ ამბიციური ნაბიჯით შემტევი პოტენციალი გავაძლიერეთ. ბრწყინვალე გარიგებაა, რომელიც ყველა ტურნირზე თვისობრივად დიდი ნახტომის განხორციელების საშუალებას მოგვცემს", - წერს კლუბის საიტი.

გუნდის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა მიქაუტაძის ფოტოები და ვიდეო, რომლითაც გიორგი გულშემატკივარს წარუდგინეს.

"ვილიარეალი“ 3 ტურის შემდეგ ლა ლიგაში 7 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 13 სექტემბერს მადრიდში "ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს, 16 სექტემბერს კი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ლონდონში "ტოტენჰემს" შეხვდება. გიორგი გუნდ~თან ერთად ვარჯიშს სანაკრებო ფანჯრის შემდეგ დაიწყებს, მანამდე კი ჟორჟის გოლებს საქართველოს ნაკრების რიგებში ველით, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მატჩს ჯერ 4 სექტემბერს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, 7 სექტემბერს კი, ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება.

იხილეთ ასევე: