ავტორი:

"ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს..." - რა დაასკვნა 2008 წლის ომის შესახებ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ: თეა წულუკიანის ანგარიში

"ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს..." - რა დაასკვნა 2008 წლის ომის შესახებ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ: თეა წულუკიანის ანგარიში

“ცალსახად იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში, ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით, ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს,“ - ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კომისიის დასკვნა წარადგინა.

  • როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მაშინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ცხინვალზე სამხედრო ამოცანის შესრულება დაევალა არა თავდაცვის შეიარაღებულ ძალებს, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რამაც თავდაცვის ძალებში დეზორიენტაცია და დეზორგანიზაცია, ხოლო სამოქალაქო მოსახლეობაში დაუცველობა გამოიწვია.

“საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ფაქტები და ინფორმაცია ცხადყოფს, რომ პოლიტიკური თანამდებობის ორმა კონკრეტულმა პირმა: თავდაცვის მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, რომელთაც არავითარი სამხედრო განათლება და გამოცდილება არ გააჩნდათ, 2008 წლის 6 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით, უარყვეს პროფესიონალი სამხედრო პირების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომელიც არაერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ სამხედრო, ოპერატიულ, დაზვერვით და სხვა სახის მოსამზადებელ სამუშაოებს ეფუძნებოდა. სამხედრო პირთა მიერ დასამტკიცებლად წარდგენილ სამოქმედო გეგმაში, პოლიტიკოსების მიერ შეტანილი ცვლილებების მიზანშეწონილობა და ამ ცვლილებების შესაბამისად განხორციელებული ქმედებები მრავალ კითხვას აჩენს და საჭიროებს თავდაცვის სისტემის წარმომადგენელთა მიერ დამატებით ანალიზს, რაც როგორც გენერალ მამია ბალახაძის ახსნა-განმარტებიდანაც გამოირკვა, დღემდე არ განხორციელებულა.

საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ცნობებიდან: გენერალი გოგავა, გენერალი ყურაშვილი, გენერალი ბალახაძე, შს მინისტრ, ვანო მერაბიშვილის მოადგილე შალვა ჯანაშვილი, სამხედრო ექიმი ლაშა ქოიავა და სხვები, ამ პირთა ახსნა-განმარტებების შედეგად, ცალსახად იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით, ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს. ამასთან, საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ ზემოხსენებული პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით, ძირითად მიმართულებაზე, ანუ ცხინვალზე, როგორც ისინი უწოდებდნენ, სამხედრო ამოცანის შესრულება დაევალა არა თავდაცვის შეიარაღებულ ძალებს, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რამაც თავდაცვის ძალებში დეზორიენტაცია და დეზორგანიზაცია, ხოლო სამოქალაქო მოსახლეობაში გაურკვევლობა და დაუცველობა გამოიწვია.

გენერალ მამია ბალახაძის თქმით, ვინაიდან ძირითად მიმართულებაზე ამოცანის შესასრულებლად ორი სხვადასხვა სისტემის დანაყოფები დაიძრნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც წამყვანი და პასუხისმგებელი და თავდაცვის სამინისტრო, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დამხმარე, ასეთ პირობებში, გაურკვეველი დარჩა ვინ იძლეოდა ბრძანებებს, შინაგან საქმეთა თუ თავდაცვის სამინისტრო. გეგმის განხორციელებაში, მისი თქმით, ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩართულნი აღმოჩნდნენ ისეთი შენაერთები და პირები, რომლებსაც ცოდნა და მომზადება სრულიად განსხვავებული ფუნქციების განსახორციელებლად ჰქონდათ მიღებული. თუნდაც ერთობლივი სწავლებების გზით თავსებადობის არავითარი ტესტი წინასწარ გავლილი არ ჰქონდათ.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ მისცა საშუალება ემოქმედათ პროფესიონალურად, ვინაიდან ის, სხვებს შორის, აყოვნებდა დამტკიცებული გეგმის მიხედვით მოქმედების დაწყებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო კომისიამ გამოჰკითხა სანაკოევი, რომელიც აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ის დაიბარა 2008 წლის 7 აგვისტოს 17:00 საათზე, თავისთან და უთხრა, არ იყო გამორიცხული, რომ იმ საღამოს ის ანუ მიხეილ სააკაშვილი ცხინვალზე შეტევას დაიწყებდა. ამაზე სანაკოევმა უპასუხა: „ეს იყო ის, რასაც რუსები ელოდნენ". სააკაშვილმა ის დაამშვიდა და უთხრა, რომ „ყველაფერი შეთანხმებული იყო“, - განაცხადა წულუკიანმა.

  • გარდა აღნიშნულისა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კომისიის დადგენილებით “2004 წლიდანვე მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობასთან მიმართებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საზიანო ნაბიჯები გადადგა.“

“ჩვენს ხელთ არსებული ფაქტებისა და გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004 წლიდანვე მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობასთან მიმართებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესისთვის საზიანო ნაბიჯები გადადგეს. მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების მილიტარისტული და უპასუხისმგებლო პოლიტიკა კიდევ უფრო გამძაფრდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ.

2004 წლიდანვე გაუქმდა ერგნეთის ბაზრობა, რომელიც საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხული ყველა პირის ერთსულოვანი მოსაზრებით, კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებ ქართველებსა და ოსებს შორის მნიშვნელოვან სამშვიდობო ფუნქციას ასრულებდა. ასევე, ცხინვალის რეგიონში დაიხურა ეუთო-ს ეგიდით მიმდინარე ჯანდაცვის, სოციალური, ჰუმანიტარული, კულტურული არაერთი პროგრამა, რაც რეგიონში მცხოვრები ქართველებისა და ოსების ერთიანობისათვის დამატებითი დარტყმა აღმოჩნდა.

2004 წლის მაისში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატის დამყარების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ხშირად იმეორებდა სიტყვებს „შემდეგი ცხინვალია“. მიხეილ სააკაშვილს რომ მსგავსი შემაშფოთებელი მოსაზრება ჰქონდა, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანიც გამოხატავდა წუხილს, რაც მან თავის მემუარებში აღწერა კიდეც.

2004 წლის ზაფხულში მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, მიხეილ ქარელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ცხინვალის რეგიონზე ძალისმიერი მეთოდით კონტროლის აღდგენა უკვე გადაწყვეტილი, უფრო მეტიც, შეთანხმებული იყო, რადგან მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ უთხრა, რომ „ამერიკელები მიხედავენ რუსებს“.

  • კონდოლიზა რაისის მოგონებების ფონზე, იკვეთება რომ მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული გარე ძალების იმედი უნდა ჰქონოდა, რის გამოც 2004 წლიდან მიზანმიმართულად მიჰყავდა ქვეყანა დაპირისპირებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ მეტად დამძიმებისკენ.

2007 წლის 8 მაისს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. მისი მხრიდან 1991 წელს გაუქმებული საბჭოთა კავშირის დროინდელი ავტონომიური ოლქის აღდგენისკენ მიმართული ეს ნაბიჯი სავალალო აღმოჩნდა, რადგან სრულად მშვიდობიანი და 1992 წლებიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ახალგორის მუნიციპალიტეტი ხელოვნურად მოაქცია კონფლიქტის ზონაში, რაც საბოლოოდ, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის 2008 წელს გამოიყენა.

როგორც საგამოძიებო კომისიის წინაშე ირაკლი ბათიაშვილმა და სხვა პირებმა აღნიშნეს, 2006 წელს მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა რუსეთს საჩუქრად მიართვა ორი მთავარი წინაპირობა, რამაც 2008 წელს რუსეთის მიერ კოდორის ხეობის ოკუპაცია გაადვილა.

პირველი, ხეობის დამცველი ბრძოლისუნარიანი ადგილობრივი მოსახლეობა განიარაღდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მათმა წინააღმდეგობამ და მედეგობამ ქალებისა და კაცებისა, ბევრ აგრესიას გაუძლო. აფხაზეთის ეს დიდი ტერიტორია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ სწორედ ამ გზით ნარჩუნდებოდა. ხეობაში მძიმედ შეიარაღებული დანაყოფების შეყვანით, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარღვიეს 1994 წლის 14 მაისის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც ამას კრძალავდა. რუსეთმა მოცემული ფაქტი დაუყოვნებლივ გამოიყენა. გაეროს უშიშროების საბჭოზე დააყენა ქართული მხარის ხელშეკრულების დარღვევის საკითხი და შესაბამისი რეზოლუციაც მოიპოვა, რაც საქართველოსთვის საზიანო იყო. ამით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს შეუქმნეს ის სამართლებრივი საბაბიც, რაც რუსეთმა სათავისოდ და საქართველოს საზიანოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის 2008 წელს გამოიყენა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იხილეთ ასევე: