აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებული სპეკულაციები უარყო და თქვა, რომ ცხოვრებაში "არასდროს უგრძნია თავი ამაზე უკეთესად“.
ტრამპმა შაბათ-კვირას საჯარო ღონისძიებაზე გამოჩენას გოლფის თამაში ამჯობინა. მისი ავტოკოლონა ვირჯინიის შტატის ქალაქ სტერლინგში, ტრამპის ეროვნულ გოლფის კლუბში დაახლოებით დილის 10 საათზე ჩავიდა.
უსაფუძვლო ჭორები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა USA Today-ს განუცხადა, რომ მზად იყო ტრამპის ადგილი დაეკავებინა, "თუ საშინელი ტრაგედია მოხდება “. თუმცა, ეს ვარაუდი Axios-ის ჟურნალისტმა ბარაკ რავიდმა უარყო.

"ტრამპი კარგადაა. დღეს დილით გოლფს ვითამაშებ“, - დაწერა რავიდმა X-ზე.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა ივლისში განაცხადა, რომ პრეზიდენტს "ქრონიკული ვენური უკმარისობა“ ჰქონდა, რაც ქვედა კიდურების "მსუბუქ შეშუპებას“ იწვევდა. ტრამპის ექიმმა აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა ხანდაზმულ ადამიანებში "გავრცელებული“ იყო, თუმცა რაიმე სერიოზული არტერიული დაავადების მტკიცებულება არ არსებობდა.

ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებს ხშირად ურჩევენ წონაში დაკლებას, სიარულს და კომპრესიული წინდების ტარებას. მძიმე შემთხვევებმა შეიძლება გამოიწვიოს გართულებები, მათ შორის ქვედა კიდურების წყლული.
ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებზე, პრეზიდენტის ხელის უკანა მხარეს სისხლჩაქცევები შენიშნეს. მისმა ექიმმა განაცხადა, რომ ეს "ხშირი ხელის ჩამორთმევით გამოწვეული გაღიზიანებისა და ასპირინის, როგორც სტანდარტული გულ-სისხლძარღვთა პრევენციის მკურნალობის ნაწილის გამოყენების“ შედეგი იყო.

"როგორც პრეზიდენტ ტრამპის პირადმა ექიმმა, ცალსახად შემიძლია გითხრათ: დონალდ ჯ. ტრამპი ყველაზე ჯანმრთელი პრეზიდენტია, ვინც კი ამ ერს ოდესმე უნახავს“, - დასძინა ექიმმა.