ავტორი:

მანანა მენაბდის სხვა მუსიკა - შემოქმედებითი გზა და ბოლო წუთები: "მძიმედ დაგხვდა... ასეთი მანანა მანამდე არ მინახავს. ხმას არ იღებდა, გმირულად იტანდა"

მანანა მენაბდის სხვა მუსიკა - შემოქმედებითი გზა და ბოლო წუთები: "მძიმედ დაგხვდა... ასეთი მანანა მანამდე არ მინახავს. ხმას არ იღებდა, გმირულად იტანდა"

76 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი, მხატვარი და მსახიობი მანანა მენაბდე. მანანა მენაბდე 1948 წელს მომღერლების, ქართული ქალაქური რომანსის ფუძემდებლების, დები იშხნელების ოჯახში დაიბადა.

ლეგენდარული იშხნელების შთამომავალს შესრულების განსხვავებული მანერა, ვოკალი ჰქონდა. გამორჩეული იყო, სხვაში არ აგერეოდა. მუსიკის გარდა მასში ხელოვნების სხვადასხვა დარგი ბინადრობდა - ფერწერა, გრაფიკა, მწერლობა... აქტიურად თარგმნიდა... 1991 წლიდან კი გერმანიაში ცხოვრობდა.

დები იშხნელები

  • "სკოლის მერხიდან ვწერდი, ძველი თბილისური ჩანაწერებიც მაქვს, მაგრამ გერმანიამ ბევრი რამ განაპირობა - ვფიქრობ, წერა მარტოობამ დამაწყებინა. ბერლინში მეგობრების შეძენას დრო სჭირდებოდა და წერამ ერთხანს მეგობრები ჩაანაცვლა. რომ მეხატა, ტილოსა და საღებავების ყიდვის საშუალება არ მქონდა, ამიტომ ქაღალდზე გადავედი და კოლაჟების კეთება დავიწყე. მოკლედ, მარტოობას უნდა ვუმადლოდე იგავების ჩემეულ ენას“ - ჰყვებოდა 3 წლის წინ "კვირის პალიტრასთან“ მანანა მენამდე.

მუსიკალური კარიერის საწყის ეტაპზე თანამშრომლობდა ორკესტრთან "რერო“, სწავლობდა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემიაში.

1983 წელს მისი მუსიკალური ნაწარმოებები გამოიყენა რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ ფილმში "დღეს ღამე უთენებია", სადაც მანანა მენაბდე თვითონვე ასრულებს საკუთარ სიმღერებს.

გერმანიაში მუსიკაზე მუშაობის გარდა აქტიური ლიტერატურულ საქმიანობას მიჰყვა. თანამშრომლობდა ქართულ ფოლკლორულ ჯაზ კოლექტივთან "შინ“. მომდევნო წლებში ერთობლივი ალბომი ჩაწერა ნიკა მაჩაიძესა და გოგი ძოძუაშვილთან.

მანანა მენაბდე თამარ იშხნელთან ერთად

  • "რამდენიმე მიმართულება გავიხადე პროფესიად - წერა, თარგმნა, არ შემიძლია ერთ ადგილას ყოფნა და შემოვიფარგლო მხოლოდ ქართული რომანსით. მწყინდება..."

დღეს მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო არაერთმა ადამიანმა მწუხარება გამოთქვა, მათ შორის, სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი მხატვარი-კარიკატურისტი ზალიკო სულაკაური იყო.

"მშვიდობით, ჩემო მენაბდე... არასოდეს დამავიწყდება შენმა თვალებმა რამდენი მითხრა ბოლო წუთებში“, - წერდა კარიკატურისტი, რითაც გაირკვა, რომ მანანა მენაბდე ბოლო წუთებში სწორედ მან მოინახულა.

Ambebi.ge ზალიკო სულაკაურს ესაუბრა:

"მანანა მენაბდე, ეს უკეთილშობილესი ადამიანი 10-12 წლის წინ მე და ჩემმა მეუღლემ გავიცანით და მაშინვე დავმეგობრდით, რადგან ჩვენნაირი ადამიანი აღმოჩნდა, კარგი გაგებით, ჩემნაირი გიჟი. მე და ჩემმა ცოლმა ძალიან შევიყვარეთ - სულ საერთო ამბები გვქონდა ხოლმე. იმასაც მივხვდით, რომ ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს როცა სიყვარული, მეგობრობა და თბილი ურთიერთობაა.

აი, როგორი იყო, მე ხომ სკუტერით ვმოძრაობ და მანანას შეეძლო, სკუტერზე ჩემთან ერთად დამჯდარიყო და ქალაქში ერთად გაგვევლო... "ჩემო მენაბდე“, "ჩემო ზალიკო“, - ერთმანეთს ასე მივმართავდით. კარგი მეგობრები ვიყავით და სულ ასე ვიქნებით.

გუშინ, სიკვდილის წინ, ბოლო საათებში მის სანახავად რომ მივედი, ლაპარაკი აღარ შეეძლო და ერთმანეთს თვალებით ველაპარაკეთ, ხმა არ ამოგვიღია. "უი, ზალიკო მოხვედი,“ - თვალებით ეს მითხრა, "მოვედი, ჩემო მენამდე, ძალიან მიყვარხარ!“ - მეც ასე ვუთხარი თვალებით. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ცუდად ვარ, - თვალებით ლაპარაკი თუ შეიძლებოდა, გუშინ გავიგე. წინა დღეს ჩემმა ცოლმა მოიკითხა, კახეთში ვიყავით და მანანამ მესიჯით უპასუხა, - ყურძენი ძალიან მომენატრა და წამომიღეთო. ჩამოვუტანეთ და საკმაოდ მძიმედ დაგხვდა... ალბათ სამი მარცვლის წვენი გასინჯა. საოცრად ემოციური იყო ეს ყველაფერი. ასეთი მანანა მანამდე არ მინახავს. ხმას არ იღებდა, გმირულად იტანდა. არ ვიცი საქართველომ რა დაკარგა, მე მეგობარი დავკარგე“.

ეპიზოდები მანანა მენაბდის სხვადასხვა ინტერვიუებიდან

  • "პალიტრანიუსი“ გადაცემა "ბლიც-ინტერვიუ“:

"ძალიან კრიტიკულია ქართველი მსმენელი, დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც შინაურებთან მღერი. ქართველ მაყურებელს ისეთი ყური აქვს და საერთოდ მაყურებელს, რომ არავის ეგონოს, რომ ის რამეს ვერ გაიგებს. არასდროს არაფერი ეშლება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შენი მაყურებელი არც იყოს და არც სერიოზული მუსიკის მსმენელი, რა განხრის მუსიკაც არ უნდა აინტერესებდეს, ყოველთვის ხვდება, რას აკეთებ და ხარ თუ არა გულწრფელი შენს მუსიკაში.

ბავშვობიდან მამა მმოძღვრავდა, რომ ნურც ქებას მიიღებ და ნურც გინებას - ერთნაირად მიიღე ორივე.

ადამიანი ცხოვრების რაღაც ეტაპზე ისეთ მდგომარეობას გადაეყრება, რაც მის შინაგან მდგომარეობას ცვლის. შეიძლება იმ შემთხვევამ ძალიან კარგისკენ წაიყვანოს, ან ცუდისკენ.

ძალიან ადვილად ვპატიობ, მაგრამ თუ ადამიანმა ორმოცდამეათედ ზღვარს გადააბიჯა, წერტილს ვსვამ და არასოდეს ვუბრუნდები მას იმ გაგებით, რომ ის ჩემი მეგობარი აღარ იქნება. საეროდ ძალიან ცოტაა იმ ადამიანების რიცხვი, ვისთანაც ასე შემიწყვეტია ურთიერთობა.

ადამიანების არ მეშინია, რომ მეშინოდეს, მაშინ მეგობარიც არ მეყოლებოდა, მე ყველა ჯურის ადამიანთან შემიძლია მეგობრობა“.

  • ტელეკომპანია "ფორმულა“, გადაცემა "ნამდვილი ამბავი“

"ძალიან მორცხვი ვარ და მიკვირს, როგორ ვდგავარ სცენაზე. ბავშვობაში როცა მთხოვდნენ, მემღერა, მაგიდის ქვეშ შეძვრებოდი და იქიდან ვმღეროდი.

განსაკუთრებით მიყვარდა დედა და მამა და ის, როცა ისინი 2 ხმაში მღეროდნენ. შემიძლია, ჩემი სახლი მუსიკალურ ზარდახშას შევადარო, რომელსაც გახსნაც არ სჭირდებოდა, სულ სიმღერა ისმოდა.

4 წლის ვიყავი, როცა დები იშხნელების მთელი რეპერტუარი ზეპირად ვიცოდი და კიდევ ქართული ხალხური სიმღერა... პირველმა ჩავიცვი ქართულ სცენაზე ფრაკი და სცენაზე ცეკვით გამოვედი. ეს პროტესტი კი არა, რაღაცის დაძლევა იყო. თუნდაც იმ სიმორცხვის, რომელიც დღემდე გამომყვა.

წლების წინ გადავწყვიტე ბერლინში წავსულიყავი, ენა არ ვიცოდი, ვიყავი 43 წლის. მართლა ძალიან გამიჭირდა, რადგან არსაიდან ფინანსური წყარო არ იყო. ჩემმა ასეთმა გარიყვამ და სრულიად სიმარტოვემ ის მოიტანა, რომ ბევრი რამ გადავაფასე... პრობლემას ვერსად გაექცევი, ის შენში უნდა გაწყვიტო და მოაგვარო.

ავიღე გიტარა, ქუჩაში გავედი და სიმღერა დავიწყე. ესეც დიდი გამოცდილება იყო და ძალიან საინტერესო. სხვათა შორის, კარგ ფულს ვაკეთებდი. უცნაური ის იყო, რომ ერთი მხრივ მივდიოდი მსოფლიო ფესტივალებზე და მეორე მხრივ - ვალაგებდი სადარბაზოებს. ადამიანმა არანაირი შრომა არ უნდა ითაკილოს. არ მიყვარს ადვილი რაღაცების კეთება. სირთულეები ძალიან მხიბლავს, სხვანაირად ცხოვრება საინტერესო არ იქნება.

ყველაფერს ყოველთვის იმისთვის ვაკეთებდი, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო. ყველა ჩემი პროექტი საქართველოს უკავშირდება. მხოლოდ შენს ქართულ ფუძეზე გაკეთებულ ქართულ ხელოვნებას აქვს აზრი იმიტომ, რომ თვითმყოფადია.

ყველა დროს თავის ხიბლი აქვს, მთავარია ადამიანი იყოს ბედნიერი. "თუ გინდა იყო ბედნიერი - იყავი!“

Ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ნიჭიერი ხელოვანის მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებს და ქართულ საზოგადოებას!