ავტორი:

საფრანგეთში აცხადებენ, რომ ევროპა ომისთვის უნდა მოემზადოს  - რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნები და პროცესების განვითარების სავარაუდო სცენარები

საფრანგეთში აცხადებენ, რომ ევროპა ომისთვის უნდა მოემზადოს  - რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნები და პროცესების განვითარების სავარაუდო სცენარები

როგორც ფრანგული მედია იუწყება, საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებებს დაავალა, 2026 წლის გაზაფხულისთვის ევროპაში მოსალოდნელი ომისთვის მოემზადონ.

საფრანგეთის მთავრობა განიხილავს იმ სცენარს, რომლის მიხედვითაც ქვეყანას დიდი რაოდენობით დაჭრილი სამხედრო პირების მიღება მოუწევს, როგორც საფრანგეთიდან, ისე სხვა ევროპული სახელმწიფოებიდან.

ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად აღნიშნული ღონიძიებების მიზანია“ რისკების წინასწარი გათვლები, მზადება, მოსახლეობის ჯანდაცვის პრობლემებზე დროული რეაგირება და ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში თავდაცვის საჭიროებების ინტეგრირება“

შესაძლო ომისთვის ემზადება გერმანიის მთავრობაც. ქვეყნის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის, კარსტენ ბროიერის განცხადებით, ის არ ელოდება, რომ რუსეთი პირდაპირ დაესხმება თავს NATO-ს ტერიტორიას, თუმცა ბელარუსში დაგეგმილი “Zapad 2025“-ის სწავლების პერიოდში, როგორც გერმანიის ასევე მთლიანად NATO - ს შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში იქნებიან და მაქსიმალურ სიფრთხილეს გამოიჩენენ.

ეს განცხადებები იმ ფონზე კეთდება, როდესაც ყოველდღიურად იმატებს შიშები მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებით, რომელიც , NATO-ს ხელმძღვანელ მარკ რუტეს თქმით, რუსეთმა და ჩინეთმა შეიძლება წამოიწყონ.

ივლისში რუტემ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვით შესაძლოა ჩინეთმა ტაივანზე შეტევა წამოიწყოს, ხოლო პუტინი პარალელურად NATO-ს ტერიტორიას, კონკრეტულად კი ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს - ესტონეთს, ლატვიას და ლიტვას დაესხას თავს, იმ მიზნით რომ ჩრდილოატლანტიკური ბლოკის სამხედრო ძალებს “ევროპაში გაუჩინოს საქმე და ტაივანისთვის ვერ მოიცალონ“

ნატოს გენერალური მდივნის ამ განცხადებას კრემლიდან ირონიული კომენტარები მოჰყვა, მას ნაკლები ჰალუცინოგენური სოკოს ჭამა და “ციმბირის ბანაკის ჯოჯოხეთური პირობებისთვის“ მომზადება ურჩიეს.

მოგვიანებით მედიასთან საუბარში რუტემ ასევე განაცხადა, რომ: “დასავლეთი უდიდესი გეოპოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას, რისი მთავარი მიზეზიც რუსეთია, რომელიც ისეთ ტემპში აღიდგენს რესურსებს და იარაღდება, რაც უახლეს ისტორიას არ ახსოვს“. შესაბამისად, NATO-ს წევრ ქვეყნებსაც მოუწევთ თავდაცვის ხარჯების გაზრდა. "გარდა ამისა მესამე მსოფლიო ომის პრევენციის მთავარი საშუალება ისაა, რომ პირველი - NATO მთლიანობაში იმდენად ძლიერი იყოს, რუსებს ასეთი ნაბიჯის გადადგმის სურვილი არც გაუჩნდეთ და მეორე - მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონთან, ვისთანაც ძალიან მჭიდრო კავშირები გვაქვს თავდაცვის ინდუსტრიასა და ინოვაციების სფეროში", - დაამატა ნატოს გენერალურმა მდივანმა . წყარო

იხილეთ ასევე: