ავტორი:

"მე მოვკალი, რათა შვილის ცხედარი მეპოვა“ - რა ხდება ცნობილი ლვოვში მომხდარ მკვლელობაზე: აშანტაჟებდნენ თუ არა რუსები მკვლელს ვაჟის ცხედრით?

"მე მოვკალი, რათა შვილის ცხედარი მეპოვა“ - რა ხდება ცნობილი ლვოვში მომხდარ მკვლელობაზე: აშანტაჟებდნენ თუ არა რუსები მკვლელს ვაჟის ცხედრით?

უკრაინის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ანდრი პარუბის მკვლელობაში ბრალდებული, 52 წლის მიხაილო სცელნიკოვი ლვოვის სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

"დიახ, ვაღიარებ, მე მოვკალი პარუბი, რათა სამხედრო ტყვეებზე გამცვალონ და რუსეთში ჩავიდე, რათა ჩემი შვილის ცხედარი ვიპოვო“, - განაცხადა სცელნიკოვმა სასამართლოზე. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მკვლელობა უკრაინის ხელისუფლების მიმართ "პირადი შურისძიება“ იყო, ხოლო პარუბი მსხვერპლად შემთხვევით აირჩია, რადგან "ის ახლოს იყო“.

სცელნიკოვი, რომელიც გამოძიების თანახმად, ელექტროველოსიპედით გადაადგილდებოდა და კურიერის ფორმა ეცვა, 1-ელ სექტემბერს ხმელნიცკის ოლქის საზღვართან დააკავეს. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ის ქვეყნის დატოვებას გეგმავდა.

  • ვინ იყო მიხაილ სცელნიკოვის შვილი?

მიხაილო სცელნიკოვის შვილი, მიხაილ-ვიქტორ სცელნიკოვი (მეტსახელად "ლემბერგი“), უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე იყო. ის 2023 წლის მაისში, ბახმუტთან ბრძოლებისას დაიღუპა, თუმცა მისი ცხედარი დღემდე არ უპოვიათ. ოფიციალურად, ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

უკრაინაში განაცხადეს, რომ პარტიის ყოფილი სპიკერის, არტემ პარუბის მკვლელობის საქმე შანტაჟის ელემენტებს შეიცავს. ქვეყნის ეროვნული პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ბრალდებული კარგა ხნის განმავლობაში გეგმავდა დანაშაულის ჩადენას. უწყების ხელმძღვანელი ივან ვიგოვსკიმ დაამატა ისიც, რომ პარუბის ლიკვიდაციაში "რუსული კვალის“ არსებობა არ გამოირიცხება.

უკრაინულმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია რომ, თითქოს რუსეთის სპეცსამსახურები ბრალდებულ სცელნიკოვს შვილის ცხედრით აშანტაჟებდნენ, ანუ მას მიაწვდიდნენ შვილის ცხედრის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას, თუ ნებისმიერ უკრაინელ პოლიტიკოსს მოკლავდა.

სცელნიკოვი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ეს ასე არ იყო და რუსეთის სპეცსამსახურები მასზე შვილის ცხედრით ზეწოლას არ ახდენდნენ. მან ასევე განაცხადა, რომ პარუბის ნაცვლად შეიძლებოდა სხვა პოლიტიკოსიც მოეკლა, მაგალითად, პეტრო პოროშენკო, ვინაიდან მკვლელობა შემთხვევით მოხდა.

  • პოლიტიკური განცხადებები და დაპირისპირება

უკრაინის უახლეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი მოკლეს. მიუხედავად ბრალდებულის ჩვენებისა, საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა მკვლელობაში მაინც კრემლს ადანაშაულებენ.

პარუბის გამოსამშვიდობებელი ცერემონია ლვოვში, ლიჩაკოვის სასაფლაოზე, პოლიტიკურ აქციად გადაიქცა, სადაც მისმა თანამოაზრეებმა მკვლელობაში პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, არსენი იაცენიუკის თქმით პარუბი "საბჭოთა და რუსული რეჟიმის დამარცხებისთვის“ მოკლეს.

დაკრძალვის ცერემონიაზე ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და სხვა მაღალი რანგის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ. მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელ, პარლამენტის სპიკერ რუსლან სტეფანჩუკს კი პანაშვიდზე "სირცხვილიას“ შეძახილებით შეხვდნენ, რის შემდეგაც სასაფლაოზე აღარავის უნახავს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და მკვლელობის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა, თუმცა დაკრძალვას არ დასწრებია.

ანდრი პარუბის უკრაინის პოლიტიკაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ის იყო ნაციონალ-პატრიოტი, რომელმაც მაღალ თანამდებობას მიაღწია და ამასთანავე, არცერთ კორუფციულ სკანდალში არ გახვეულა.

წყარო