ავტორი:

"თუ უკრაინაში კონფლიქტი გაიყინა, ჩვენი მშვიდობა აღარ იარსებებს. რუსეთი ჩვენთან ულტიმატუმებით ისაუბრებს... ვერ გამოვრიცხავთ, პირდაპირ ინტერვენციასაც..." - ექსპერტი

"თუ უკრაინაში კონფლიქტი გაიყინა, ჩვენი მშვიდობა აღარ იარსებებს. რუსეთი ჩვენთან ულტიმატუმებით ისაუბრებს... ვერ გამოვრიცხავთ, პირდაპირ ინტერვენციასაც..." - ექსპერტი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ძალისხმევა ჩაშლის პირასაა, რუსეთ-უკრაინას შორის წამოწყებულმა სამშვიდობო პროცესი ჯერჯერობით სრულიად უშედეგოა, - გვეუბნება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი კობერიძე. მისივე თქმით, ამის ნათელი მაგალითი იყო ის, რომ პუტინმა ანკორიჯში გამართული შეხვედრისა და სატელეფონო საუბრის შემდეგ, უკრაინის დედაქალაქი - კიევი სასტიკად დაბომბა.

"ეს ნათლად აჩვენებს, რომ პუტინს მშვიდობა არასდროს სურდა. მისთვის მოლაპარაკებები მხოლოდ დროის გაწელვისა და დასავლეთის რესურსების გამოცდის საშუალებაა. რეალურად, კრემლის მიზანი უცვლელია - უკრაინის სახელმწიფოებრივი ფუნქციების პარალიზება და მისი რეალური სუვერენიტეტის მოშლა“, - ამბობს კობერიძე და გვთავაზობს საკუთარ ვერსიებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე, რა შედეგს მოიტანს ომის გაგრძელება, მისი "გაყინვა“ ან რუსეთის შესაძლო გამარჯვება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც.

გიორგი კობერიძე:

- რეალურად, პუტინს ომის დასრულება არასდროს სურდა და არც ახლა სურს. მისთვის ომის დასრულება მხოლოდ მაშინ იქნება მისაღები, თუ უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ფუნქციურ შესაძლებლობებს დაკარგავს, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, თუ ის გადაიქცევა ფორმალურად ნეიტრალურ, მაგრამ, ფაქტობრივად, რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ ელემენტად. ასეთ შემთხვევაში რუსეთი თავისუფლად იმოქმედებს უკრაინის ტერიტორიაზე, რუსული ენა იქ დომინანტი გახდება, ხოლო უკრაინა იძულებული იქნება დათმოს ტერიტორიები და ოფიციალურად დაკარგოს ისინი. უარეს სცენარში, შესაძლოა ქვეყანა საერთოდაც აღმოჩნდეს რუსეთთან ერთგვარ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში.

- ანუ მოლაპარაკებების სივრცე, ფაქტობრივად, აღარ დარჩა?

- სწორედ ასეა. პუტინის მოთხოვნები იმდენად მძიმეა, რომ უკრაინას მისაღები არ შეიძლება გახდეს. ამიტომ დღეს პროცესები ცხადად მიუთითებს ერთ რამეზე: რუსეთს სურს ომის გაგრძელება, ვიდრე სასურველ მიზანს არ მიაღწევს. როგორც წესი, სამშვიდობო შეთანხმებები მხოლოდ მაშინ ყალიბდება, როცა რომელიმე მხარე აშკარად მარცხდება - კარგავს ტერიტორიებს ან ვეღარ ინარჩუნებს ბრძოლის რესურს. დღეს მსგავსი ვითარება არ გვაქვს. რუსეთი კურსკის პრეცედენტის მიუხედავად არ თვლის, რომ მისი ტერიტორიების ოკუპაცია შესაძლებელია ან ბრძოლის რესურსი აღარ აქვს. უკრაინა კი, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიის დაახლოებით 19% ოკუპირებულია, მაინც ინარჩუნებს ბრძოლისუნარიანობას და კარგადაა ფორტიფიცირებული. შესაბამისად, არც რუსეთი და არც უკრაინა არ გრძნობს თავს დამარცხებულად. ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ ომის გაგრძელებით უფრო მეტს მოიგებს, ვიდრე მოლაპარაკებით. ამიტომ მოკლევადიან პერსპექტივაში "გაყინვის“ სცენარს ვერ ვხედავ. არც სტატუს კვოს შენარჩუნება აწყობს რომელიმე მათგანს. რუსეთი მიიჩნევს, რომ გაყინვის შემთხვევაში უკრაინა კიდევ უფრო მეტად მილიტარიზირებული გახდება, დასავლეთის დახმარებით, რაც მისთვის მიუღებელია. უკრაინისთვის კი "გაყინვა“ საფრთხის შემცველია, რადგან რუსეთიც. რა თქმა უნდა, გააგრძელებს მილიტარიზაციას, უკრაინის ტერიტორიაზე საბოტაჟსა და შიდა დესტაბილიზაციის მცდელობებს.

- დღევანდელი სტატუს კვოს პირობებში ომის დასრულება შესაძლოა მართლაც არც უკრაინას აწყობდეს და არც რუსეთს, მაგრამ თუმცა, ომის დასრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპისთვის, რომელიც ყველაფერს აკეთებს მშვიდობისმყოფელის მანტიის მოსარგებად. რა რესურსი დარჩა ახლა მას პუტინზე ზეწოლისთვის და კიდევ რაზე შეიძლება დაიყოლიოს ზელენსკი?

- პრაქტიკამ აჩვენა, რომ ტრამპმა გავლენა ვერ მოახდინა ვერც პუტინზე და დიდად, ვერც ზელენსკიზე. დიდი ალბათობით, მისი მცდელობები წარსულს ჩაბარდება. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეუძლია, ან უკრაინის მილიტარიზაციის აქტიურად გაგრძელებაა, ან პირიქით, პროცესიდან სრული გასვლა. თუმცა, რომელი გზაც უნდა აირჩიოს, თუ რეალურად იარაღი არ მისცა უკრაინას, ომის დასრულებაზე გავლენა მას აღარ ექნება. ფაქტია, რომ ამერიკის წონა და გავლენა დღეს გაცილებით სუსტია, ვიდრე ნებისმიერ სხვა პერიოდში, "ცივი ომის“ შემდეგ. "ამერიკის სიტყვას“ აღარ აქვს ის ძალა, რაც ადრე ჰქონდა - სამწუხაროდ, ვერც რუსეთისთვის და ვერც უკრაინისთვის. მიუხედავად ამისა, უკრაინას კვლავ სჭირდება ამერიკის დახმარება, თუმცა ის აღარ არის ისეთი კრიტიკული, როგორც ორი-სამი წლის წინ. მაშინ ამერიკის მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს თამაშობდა. დღეს კი ევროპის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა - დაახლოებით 40%-ით ავსებს ამერიკული დახმარების ადგილს. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ჯონ ბოლტონის სიტყვებით, თუნდაც აშშ დახმარება სრულად გააჩეროს და ნულზე დაიყვანოს, უკრაინა ომს მაინც არ შეწყვეტს. კაპიტულაციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

- პუტინმა განაცხადა, რომ კრიზისის მოსაგვარებლად აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა და აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ თითქოს 2014 წელს სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ზელენსკი არალეგიტიმური პრეზიდენტია. შეიძლება თუ არა ამ რიტორიკამ გავლენა იქონიოს უკრაინულ საზოგადოებაზე, რომელიც ნამდვილად დაიღალა ამ სისხლიან ომით?

- რეალურად, პუტინის ეს რიტორიკა უკრაინულ საზოგადოებაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. ჯერ ერთი, ყველაზე პრორუსული რეგიონები - დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი თავად რუსეთმა განადგურა. იქ ადამიანებს, ფაქტობრივად, გენოციდი მოუწყვეს. შედეგად, უკრაინული საზოგადოების იმ ნაწილიც კი, რომელსაც ოდესღაც ჰქონდა პრორუსული განწყობები, ახლა რუსეთს უფრო მეტად სძულს, ვიდრე ოდესმე. დიახ, საზოგადოება ძალიან დაიღალა ომით და მშვიდობა ყველას სურს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინელები კაპიტულაციაზე წავლენ. ისინი შეიძლება მხარს უჭერდნენ ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ არა ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარებას. ამიტომაც პუტინის ნარატივი "გადატრიალებისა“ და "არალეგიტიმური პრეზიდენტის“ შესახებ რეალურად ვერ იმუშავებს - უკრაინაში ეს რიტორიკა ბევრად უფრო სიძულვილს აღვივებს, ვიდრე გავლენას ახდენს. ზელენსკი კი არ არის ამ საკითხი მთავარი, არამედ ის ძალა, რომელიც დღეს უკრაინას აძლიერებს და რუსეთს არ ეგუება. თუ ეს ძალა ჩამოიშლება, ეს უკვე ტრიუმფალური გამარჯვება იქნება რუსეთისთვის. დასავლურ მედიაში ამ სცენარს სამწუხაროდ "ქართულს“ უწოდებენ. ტერმინი ძალიან მძიმეა და ყოველი მისი ხსენება უარყოფით ასოციაციებს იწვევს ჩემში, თუმცა რას ვიზამთ...

- რა იგულისხმება "ქართულ სცენარში“?

- "ქართულ სცენარში“ იგულისხმება პრორუსული ხელისუფლების მოყვანა, რაც უკრაინას რეალურად ჩამოაშორებს ნატოსა და ევროკავშირს. ეს კი უკრაინელებისთვის მარცხის ტოლფასი იქნებოდა. თუმცა, ომის ამ ეტაპზე მსგავსი ნიშნები ჯერ არ ჩანს.

- "ქართული სცენარის“ პარალელზე საუბრისას, ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ მათი გონივრული პოლიტიკის წყალობით დღეს საქართველოში მშვიდობაა. რამდენად მყარია ეს მშვიდობა? და თუ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი გაიყინა, საფრთხე მხოლოდ საქართველოს ემუქრება თუ მთლიანად სამხრეთ კავკასიას?

- დღეს საქართველოში მშვიდობა გვაქვს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი ვერ იმარჯვებს უკრაინაში. თუ რუსეთმა ომი მოიგო ან კონფლიქტი გაიყინა, ჩვენი მშვიდობა აღარ იარსებებს. ასეთ შემთხვევაში რუსეთი ჩვენთან უკვე ულტიმატუმების ენით ისაუბრებს: ან შევასრულებთ მის მოთხოვნებს და გადავიქცევით რუსეთის მორჩილ გუბერნიად, ან მოხდება პირდაპირი ინტერვენცია. ულტიმატუმების შინაარსი ცხადია - პოლიტიკური სუვერენიტეტის დათმობა. თუ რუსეთი ომში სრულად არ დამარცხდა ან იმდენად მაინც არ გამოიფიტება, რომ ათწლეულით მაინც დაკარგოს ძალისხმევის რესურსი, მაშინ საფრთხე პირდაპირი და რეალური იქნება. რეალისტურ სცენარში რუსეთის უკრაინაში სრული გამარჯვება გამორიცხულია, ხოლო მოკლე პერიოდში, მაგალითად, მომდევნო ექვს თვეში, თუ კონფლიქტი მაინც გაიყინება, მაშინ პუტინი ულტიმატუმებით არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთს, აზერბაიჯანს და შუა აზიის ქვეყნებსაც დაემუქრება. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა: რუსეთის საუკეთესო იარაღი არ არის კლასიკური ომი. მისი მთავარი იარაღი არის საბოტაჟი. დივერსიებში, ქაოსისა და არეულობის ხელშეწყობაში რუსეთს მსოფლიოში არ ჰყავს ტოლი. სწორედ ამიტომ, თუ მას მეტი რესურსი გამოუთავისუფლდა, ის ამ მეთოდებს კიდევ უფრო ფართოდ გამოიყენებს - არა მხოლოდ საქართველოს, არამედ დასავლეთის წინააღმდეგაც.

- რას გულისხმობთ?

- თუ კარგად დავაკვირდებით, რუსული მენტალიტეტი მარტივია: ისინი ომს არ აწარმოებენ მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ - ისინი ებრძვიან მთლიანად კოლექტიურ დასავლეთს. რუსეთი ცდილობს უკრაინაში ისეთი ვითარება შექმნას, რომ იქ ჩამოყალიბდეს პრორუსული მთავრობა, რუსული აგენტურა გახდეს გავლენიანი, ხოლო რუსული ენა - ოფიციალური სახელმწიფო ენა. ამ შემთხვევაში აშშ შეიძლება ომიდან ნაწილობრივაც კი გამოვიდეს, რაც რუსეთს ევროპაში პოზიციის გასამყარებლად დამატებით ძალას მისცემს. მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე მხოლოდ ომი არ არის. რეალურად, რუსეთი ევროპაში ქაოსის სტრატეგიის ფარგლებში მოქმედებას აპირებს - საბოტაჟი და დივერსიები, მკვლელობები და ტერაქტები, მასობრივი აქციები და გამოსვლები, რადიკალური მოძრაობების წახალისება - როგორც "ულტრა მემარცხენეების“, ისე "ულტრა მემარჯვენეების“ მხრიდან... ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ევროპის შიგნით პოლიტიკური კრიზისის შექმნას. უნდა ვთქვათ, რომ 2023 წლის ბოლოს რუსეთს სერიოზული კრიზისი ჰქონდა სამხედრო წარმოებაში, მაგრამ ეს ეტაპი მან უკვე გადალახა. ომმა რუსეთს ბევრი რამ ასწავლა: საკუთარი შეცდომებიდან გამომდინარე, მათ მოახერხეს წარმოების ორგანიზება, ლოგისტიკის გაუმჯობესება და ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილის მილიტარიზება. დღეს სამხედრო ბიუჯეტის წილი რუსეთის მთლიან ეკონომიკაში დაახლოებით 40%-ს აღწევს. პრაქტიკულად, ნავთობისა და გაზის შემოსავლები პირდაპირ მიედინება სამხედრო დანიშნულებით. თუ ომი "გაიყინა“ რუსეთი ამ წარმოებას კი არ გააჩერებს, არამედ სხვა მიმართულებას მოუძებნის, მაგალითად, გააღვივებს კონფლიქტებს, რა თქმა უნდა, კავკასიაში და ასევე შუა აზიასა და ყაზახეთში. განსაკუთრებული პრობლემა იქმნება იმითაც, რომ ფრონტიდან დაბრუნებული სამხედროები გამოირჩევიან უკიდურესი სისასტიკით. ისინი სამშობლოში ხშირად კრიმინალს მიმართავენ - ძარცვავენ, კლავენ, ანადგურებენ. თუ მათი ინტეგრაცია ვერ მოხერხდა, ეს მხოლოდ ახალ საფრთხეებს წარმოშობს - არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც. საბოლოოდ, რუსეთის მთავარი იარაღი ისევ იგივე რჩება საბოტაჟი და დეზინფორმაცია. მას შეუძლია მცირე მასშტაბის კონფლიქტების გაღვივება და ქაოსის შექმნა რეგიონში. შემთხვევითი არ არის, რომ ოჩამჩირის მიმართულებით რუსეთი განსაკუთრებით აქტიურობს - ეს მისთვის პოტენციური მომავალი გამარჯვების ასპარეზად რჩება.