ავტორი:

რეპროდუქციული განათლების სწავლების საუკეთესო უცხოური პრაქტიკა - რატომ არის მნიშვნელოვანი მისი დანერგვა საქართველოში?

რეპროდუქციული განათლების სწავლების საუკეთესო უცხოური პრაქტიკა - რატომ არის მნიშვნელოვანი მისი დანერგვა საქართველოში?

სქესობრივი და რეპროდუქციული განათლება უმნიშვნელოვანესია, რათა ადამიანს ჰქონდეს უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრება და უნარი, მიიღოს თავისუფალი და ინფორმირებული გადაწყვეტილება შვილების ყოლასთან დაკავშირებით.

თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფალი არჩევანი გააკეთოს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ინფორმაციის ნაკლებობა კი ზღუდავს მას და არ აძლევს თავისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად მოქმედების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება მათი სწორად ინფორმირებითა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომი სერვისებით.

აღნიშნულ საკითხებზე ახალგაზრდების სწორი ინფორმირება განვითარებულ ქვეყნებში სკოლის ასაკიდან იწყება. მაგალითად, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, ნიდერლანდებსა და შვედეთში პირველივე სასკოლო საფეხურებზეა დანერგილი კონკრეტულ ასაკზე მორგებული, ბავშვისთვის გასაგები სწავლების მეთოდები, რომელიც მოიცავს ანატომიას, ინფორმირებული თანხმობის, კონტრაცეფციისა და გენდერულ საკითხებს. აღნიშნულ თემებს ითვალისწინებს კანადის სასკოლო კურუკულუმიც, რომელშიც ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად მენტალურ ჯანმრთელობას, ჯანსაღი ურთიერთობებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებსაც ეხებიან.

თითოეული სწავლების მეთოდი დაფუძნებულია მტკიცებულებებზე და შემუშავებულია კომპლექსურად, სხვადასხვა სპეციალისტის მიერ, რათა ბავშვებსა და მოზარდებს სწორად მიეწოდოს ინფორმაცია, რომელიც უდიდეს როლს შეასრულებს მათ მომავალ ურთიერთობებსა და პროფესიულ ცხოვრებაში. შედეგად, სამივე ქვეყანაში კვლევებით ფიქსირდება მოზარდთა ორსულობისა და სქესობრივად გადამდები დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაღალი ცნობიერება გენდერსა და რეპროდუქციულ საკითხებზე, პასუხისმგებლიანი ქცევა ოჯახის დაგეგმვისას და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მაღალი კულტურა.

რატომ არის მნიშვნელოვანი, აღნიშნულ საკითხებზე ყურადღება გამახვილდეს საქართველოშიც?

საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკა კვლავ ფართოდაა გავრცელებული. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით ასეთი შემთხვევები შემცირებულია, აღნიშნული საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის მაინც გამოწვევად რჩება. არასრულწლოვანს არ შეუძლია, ინფორმირებული და გააზრებული თანხმობა მისცეს ქორწინებაზე, ამიტომაც ამგვარი ქმედება კანონმდებლობით აკრძალულია.

როგორც აღვნიშნეთ, ადრეულ ქორწინებას კანონი არეგულირებს, თუმცა კულტურული ნორმები გოგოების ნაწილს შესაძლებლობას არ აძლევს, თავი დააღწიოს აღნიშნულ პრაქტიკას.

ერთი უმნიშვნელოვანესია ადრეული ქორწინების თავიდან არიდება და მეორე მხრივ, ზრდასრულობის ასაკში ახალგაზრდებმა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები თავიანთი რეპროდუქციული და გენდერული საკითხების შესახებ.

ინფორმაციის ნაკლებობით გადადგმული ნაბიჯები ხშირად გოგოებს ხდის მოწყვლადს გარემოს მიმართ, ფაქტობრივად, ართმევს საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას და ართმევს ფინანსური თავისუფლების მიღწევის შესაძლებლობასაც.

როგორც წესი, ოჯახები ადრეული ქორწინების შესახებ გადაწყვეტილებას ეკონომიკური ფაქტორების ან გოგოებისა და ქალების როლის შესახებ გენდერული სტერეოტიპების გათვალისწინებით იღებენ.

სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი, ბავშვებსა და მოზარდებს ხელი მიუწვდებოდეთ რეპროდუქციულ განათლებაზე, რომელიც განვითარებული ქვეყნების მსგავსად მოიცავს ანატომიის, გენდერის, ურთიერთობების, ოჯახის დაგეგმვის, მენტალური ჯანმრთელობისა თუ ინფორმირებული თანხმობის საკითხებს.

მომავალი თაობებისთვის აღნიშნულ სწორი და დეტალური ინფორმაციის მიწოდება ხელს შეუწყობს სტერეოტიპების აღმოფხვრას ქალის გენდერულ როლთან დაკავშირებით, შესაძლებლობას მისცემს გოგოებს, თავიდან აირიდონ ადრეული ქორწინება, მიიღონ სრულფასოვანი განათლება და თავიანთი სურვილის შესაბამისად დაგეგმონ პირადი და პროფესიული ცხოვრება.