ავტორი:

"ისევ შევხვდებით სხდომათა დარბაზში, მაგრამ ადგილების გაცვლით" - ვალერი თეთრაშვილის დასკვნითი სიტყვა

"ისევ შევხვდებით სხდომათა დარბაზში, მაგრამ ადგილების გაცვლით" - ვალერი თეთრაშვილის დასკვნითი სიტყვა

ბრალი არის სიცრუე და ტყუილი, არ ვეთანხმები, არ ვაღიარებ. არანაირი ჯგუფი არ არის, არ შემისრულებია არავის მითითება, მით უმეტეს ჩემთვის უცნობი ხალხის - ჩემი ქვეყნის მომავალი მინდა იყოს ევროპაში და არა სხვაგან - "რუსეთებში“ და სიბნელეში, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ვალერი თეთრაშვილმა დასკვნითი სიტყვისას სასამართლოში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კაცობრიობის ისტორიაში სასჯელი უფრო მეტი იყო, ვიდრე დანაშაული.

"ბოდიში მინდა მოვუხადო ოჯახის წევრებს, რომ ვანერვიულე. მადლობა და პატივისცემა ადვოკატებს, უანგარობისთვის და კბილებით რომ გვიცავდით… ალბათ, ადვოკატი რომ ვყოფილიყავი, თქვენნაირი ვიქნებოდი. ხალხს მინდა მადლობა მოვუხადო მორალური მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რომ პირველი სხდომიდან დღემდე გადავსებული გქონდათ დარბაზი. გისურვებთ, მალე დაგებრუნებინოთ თქვენთვის სასურველი ცხოვრების კალაპოტები.

რაც შეეხება ბრალს, არის სიცრუე და ტყუილი, არ ვეთანხმები, არ ვაღიარებ, არანაირი ჯგუფი არ არის, არ შემისრულებია არავის მითითება, მით უმეტეს ჩემთვის უცნობი ხალხის. ისევ გეტყვით, რომ ესენი, ყველანი აქ გავიცანი. არ მიმიყენებია არავის ჯანმრთელობისთვის ზიანი, არ შევხებივარ სახელმწიფო და კერძო პირის ქონებას, ეს ყველაფერი ამათ ვიდეოებშიც ჩანს.... მიმდინარე მოვლენებს ონლაინ ვადევნებდი თვალს, გვიან მივედი სახლში, უმძიმესი კადრები დამხვდა, როგორ ექცეოდნენ ხალხს, გოგოებს, ჟურნალისტებს, როგორ სცემდნენ ჯგუფურად, ჰოდა, ამ ყველაფრის შემხედველს გამიჩნდა უსამართლობის განცდა და გადავწყვიტე გავსულიყავი რუსთაველზე. კარგად მომისმინეთ [პროკურორებს], როგორი ხალხის აპოლოგეტები ხართ, ვნახე ვიდეო, ერთი ხუჭუჭა ბიჭის მომენტი, რომელიც გათიშული წევს ძირს, ამათი საამაყო წარმონაქმნი სამართალდამცავი წიხლს ურტყამს სახეში, მერე მიდის სპეცრაზმელი და კიდევ ურტყამს სახეში - ამას რომ ვუყურე, შემრცხვა ჩემი თავის, რომ ამას ვუყურებდი და ჩვეულებრივ ვაგრძელებდი ცხოვრებას, აღშფოთებით შემოვიფარგლებოდი ჩემდა სამარცხვინოდ… ეს ყველაფერი ხდება ჩვენი ბრწყინვალე პრემიერის გამო... მან თავზე გადაგვახია კონსტიტუცია, თქვენც ბატონო პროკურორო და მთელ ერს. ჩემი ქვეყნის მომავალი მინდა იყოს ევროპაში და არა სხვაგან რუსეთებში და სიბნელეში, სიკეთეების ჩამოთვლას არ დავიწყებ, ამან მაიძულა ჩამეცვა და წავსულიყავი რუსთაველზე. მეგონა ამის კონსტიტუციური უფლება მქონდა, დაჭერის წამიდან... რა ხილია არ ვიცი...

როცა რუსთაველზე მივედი, პოლიციელის ნასახი იქ არ იყო, მხოლოდ სპეცრაზმელები იყვნენ... ჩემი ფიზიკური მონაცემების ადამიანს, რომ ეკიპირებული სპეცრაზმელის დაზიანებას ედავებიან, კომიკურია. ვიდეოზე მე ვარ, მაგრამ იმას ვადასტურებ, რომ არანაირი სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩამიდენია, არანაირი ძალადობრივი აქტის ინიციატორი არ ვარ... ღირსება შეურაცხყოფილი იყო ამ ფსევდო სამართალდამცველების მხრიდან, ამ ვიდეოებში [რაც საქმეშია] არ ისმის, რა პირით იგინებოდნენ, ალბათ, "იმედის“ გადაღებულია... 28 წლის ვარ, ცხოვრებაში არაფერი დამიშავებია, ჩემთვის ვმუშაობდი, ვცხოვრობდი, ვბოდიალობდი აქეთ-იქით… ამ ვიდეოში ნიღაბი არ მიკეთია, რომ ვინმემ იფიქროს სახულიგნოდ მივდიოდი, უამრავი კამერაა და იქ დანაშაულისთვის არ მივიდოდი სახედაუფარავი... ...არც ნივთების სროლას ერიდებოდნენ, იგინებოდნენ, იმუქრებოდნენ… ჩემი გამომძიებელი - "მაგარი კაცი“, ვწუხვარ, რომ მთვრალი მოვიდა, კითხვები მქონდა... [დაკავების ეპიზოდი] ჩამოვიდნენ ეგრევე წამიყვანეს თბილისში, არაფერი დამიშავებია - მეთქი... ჯარიმას დაგიწერენ და "ვსოო“. ლამის დავძმაკაცდით ბოლოს და აქ მოდის და ჯიუტად და შეურყეველი ოპტიმიზმით ამტკიცებს, რომ ქვებს ვისროდი… "მაგრად მაჭამეს“. სად ნახეთ ჩემს ხელში ქვა? ამ ყველაფრით თუ გინდათ მომისაჯოთ, წარმატებებს გისურვებთ... კაცობრიობის ისტორიაში სასჯელი უფრო მეტი იყო, ვიდრე დანაშაული და თქვენი ვერდიქტი არაფერს შეცვლის. [პროკურორებო] არ შემიძლია გიყუროთ და სიმშვიდე შევინარჩუნო. თქვენ დაგვარწმუნეთ, რომ ხართ უუნაროები, არ შეგიძლიათ ნამდვილი დანაშაულის გარჩევა, ჩვენ ვართ განტევების ვაცი… ალბათ, ფიქრობდით, რომ 6 წლით შეგვაშინებთ, საპროცესოზე წამოვლენ და ნაკლებ ვადაზეც თანახმა იქნებიანო… დიდი მადლობა ბიჭებს!.. მახსოვს ბიჭები, რომლებიც დააკავეთ, წამოიყვანეს საპროცესოზე და დააკავეთ... გულისამრევია თქვენი საქციელი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ისეთ სიტუაციაში გვაგდებს, რომ ჩვენი ქვეყნიდან უნდა გავიდეთ და იქ ვამტკიცოთ სიმართლე, უღირსი მთავრობა ხართ. იმედია, ისევ შევხვდებით სხდომათა დარბაზში, მაგრამ ადგილების გაცვლით,“ - განაცხადა ვალერი თეთრაშვილმა, რომლის სიტყვასაც "რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.