საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას 1-ელ სექტემბერს დაიწყო.
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში, "გრაცერთან" მიღებული ტრავმის გამო, შტურმის ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი ნაკრებს თურქეთთან და ბულგარეთთან შეხვედრებში ვერ დაეხმარება. 29 წლის ფეხბურთელს დამატებითი კვლევები თბილისში, ნაკრების სამედიცინო შტაბის ჩართულობით ჩაუტარდა.
კიტეიშვილის ნაცვლად ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდში, იტალიური "ფროზინონეს" შემტევი გიორგი კვერნაძე გამოიძახა. მის გარდა ამ შეკრებაზე კიდევ 2 დებიუტანტია: გიორგი აბუაშვილი და ნოდარ ლომინაძე,

გთავაზობთ ინფორმაციას ეროვნული ნაკრების ახალწვეულებზე.

დოსიე:
საკლუბო კარიერა
ნოდარ ლომინაძემ ფეხბურთის თამაში 8 წლის ასაკში კლუბ "მერცხალში“დაიწყო . 2018 წელს მცირე ხნით "რუსთავში“ გადავიდა, შემდეგ კი "დინამო თბილისის“ აკადემიას შეუერთდა. თავდაპირველად გამოდიოდა "დინამო U19“-სა და "დინამო-2“-ის რიგებში.
"დინამოს“ ძირითად გუნდში დებიუტი 2021 წლის სეზონის ბოლო ტურში ჰქონდა.
შემდეგ წელს ეროვნულ ლიგაში 9 მატჩი ჩაატარა, თუმცა ზაფხულში იჯარით "გაგრაში“ გადაბარგდა.
შემდეგ წელს იგი იჯარით "სამგურალში“ ასპარეზობდა.
2024 წელს ლომინაძე "დინამოში“ დაბრუნდა, თუმცა ნახევარი სეზონის შემდეგ კვლავ იჯარით გადავიდა "დილა გორში“.
2025 წლის ივლისში კი ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელი კარიერას პორტუგალიურ "ეშტორილში’’ გააგრძელებდა.
სანაკრებო კარიერა
2019 წელს ლომინაძე საქართველოს U19 ნაკრების წევრი გახდა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში (2–0) ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშა.
2022 წლის მარტში პირველად მიიწვიეს U21 ნაკრებში ესტონეთთან სპარინგისთვის, ხოლო დებიუტი ერთი წლის შემდეგ ჰქონდა ლატვიის წინააღმდეგ (1–0).
2023 წლის ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებისას, მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ლომინაძეს საბოლოო 23-კაციან განაცხადში შეიყვანა. ფეხბურთელმა ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში ითამაშა, სადაც საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა.

ლომინაძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2025 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც - ბოლო სამ მატჩში გოლი გაიტანა. ერთ-ერთი მათგანი იყო შორიდან დარტყმული ბურთი, რომელმაც საქართველოს ნაკრებს გაამარჯვებინა ჩრდილოეთ მაკედონიასთან (2–1). 2024 წლის 19 ნოემბერს, ხორვატიასთან განმეორებით შეხვედრაში, ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი პენალტების სერიაში "პანენკას“ სტილში ზუსტად დაარტყა, რამაც საქართველო ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.
2025 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ მატჩში ლომინაძემ კვლავ გამოიჩინა თავი - გაიტანა გამარჯვების გოლი პოლონეთის წინააღმდეგ (2–1) და მისი ბრწყინვალე თამაშის გამო ერთ-ერთმა სპორტულმა პორტალმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა.

დოსიე:
საკლუბო კარიერა
კვერნაძე "საბურთალოს“ აკადემიაში 9 წლის ასაკში შევიდა. კლუბის ასაკობრივ გუნდებში თამაშის შემდეგ იგი ეროვნული ლიგის სარეზერვო გუნდში გამოჩნდა და 18 წლისას დებიუტი ჰქონდა ძირითადი გუნდის შემადგენლობაში.

2022 წლის 26 თებერვალს კვერნაძე სეზონის ბოლომდე იჯარით "თელავს“ შეუერთდა. უკვე 5 მარტს მან პირველი პროფესიონალური გოლი გაიტანა.
2023 წლის სეზონის დაწყებამდე ის ფოთის "კოლხეთს“ შეუერთდა, საიდანაც იჯარით "დინამო ბათუმში“ გადავიდა.
2023 წლის 3 ივლისს ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ იჯარით სერია A-ს გუნდ "ფროზინონეს“ ფეხბურთელი გახდა. დებიუტი ჰქონდა 11 აგვისტოს, როცა "პიზას“ წინააღმდეგ კოპა იტალიის მატჩში მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა. ერთი კვირის შემდეგ სერია A-შიც პირველად ითამაშა "ნაპოლისთან“ (1-3). სეზონში ჯამში 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
2024 წლის 2 ივლისს "ფროზინონემ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ფეხბურთელთან ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
სანაკრებო კარიერა
U19 ნაკრებში ათი მატჩის ჩატარების შემდეგ კვერნაძე საქართველოს U21 ნაკრებში ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ იქცა. ის მონაწილეობდა ევროპის 2025 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა შეხვედრაში, აგრეთვე ხორვატიასთან ორივე პლეი-ოფში, სადაც საქართველოს ახალგაზრდებმა პენალტებში გაიმარჯვეს.
2024 წლის 26 მარტს კვერნაძემ გაიტანა გიბრალტართან სტუმრად მოგებულ (2–0) მატჩში, ხოლო 5 სექტემბერს - მოლდოვასთან (3–0) შეხვედრაში.

საკლუბო კარიერა
აბუაშვილის კარიერა თბილისის" დინამო"აკადემიაში დაიწყო. რამდენიმე წელიწადი ახალგაზრდულ გუნდებში თამაშის შემდეგ, 2019 წლის 16 ივნისს, 16 წლის ფეხბურთელმა ეროვნული ლიგის სადებიუტო მატჩი ჩაატარა. "დინამოს" შემადგენლობაში მან მოიპოვა ჩემპიონის ტიტული 2019 და 2020 წლებში.
2021 წლის ივლისში აბუაშვილმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა პორტუგალიურ "პორტუსთან“ [, თუმცა პირველ გუნდში თამაშის შანსი არ მიეცა.
მოთამაშის პრაქტიკის ნაკლებობის გამო, 2023 წლის აგვისტოში აბუაშვილი გადავიდა რუმინულ "პეტროლულში“. ჯამში მან ხუთ შეხვედრაში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.
2024 წლის თებერვლის დასაწყისში კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით შეწყდა, რამაც აბუაშვილს საშუალება მისცა გადასულიყო ქართულ კლუბ „კოლხეთი 1913“-ში, რომელიც ახლად დაწინაურებული იყო უმაღლეს ლიგაში. იგი მალე ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და გოლების გატანაც დაიწყო. ეროვნულ ლიგაში მან ათ შეხვედრაში გამოიჩინა თავი.
2025 წლის 17 ივლისს „კოლხეთი 1913“-მა იგი იჯარით გადასცა ლიგა 1-ის კლუბ "მეცს“.
სანაკრებო კარიერა
აბუაშვილმა იასპარეზა ყველა ასაკობრივ ნაკრებში. 2017 წელს პირველად გამოიძახეს U15-ის ოთხგუნდიან ტურნირზე თბილისში და U16-ის ამხანაგურ მატჩებში აზერბაიჯანის წინააღმდეგ. მომდევნო შემოდგომაზე იგი შეუერთდა U17-ს 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევზე, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში გუნდს უკვე კაპიტნობდა.

2022 წელს აბუაშვილმა ითამაშა U19-ში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის დროს.
U21-ში თამაშისას პირველი გოლი გაიტან 2024 წლის 22 მარტს თურქეთთან ამხანაგურ შეხვედრაში. 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე აბუაშვილმა 12-დან 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში. მან 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე ყველა მატჩი ჩაატარა.