პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ფუნიკულორი "გლორიაზე“, რომელიც ტურისტებში მეტად პოპულარულია, ტრაგედია დატრიალდა, ვაგონი რელსებიდან გადავიდა. განახლებული ინფორმაციით, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 18 დაშავდა.
პორტუგალიაში დღევანდელი დღე ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა.
"ეს არის დიდი ტრაგედია, ლისაბონი გლოვობს, ჩვენს ქალაქში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა“, - განაცხადა ლისაბონის მერმა კარლუშ მოუდაშმა.
პორტუგალიის საგანგებო სამედიცინო დახმარების სამსახურის ცნობით, ხუთი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენმა ცამეტმა, მათ შორის ერთმა ბავშვმა, მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

დაღუპულებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, თუმცა, რომელი ქვეყნებიდან,, ჯერ უცნობია.
პორტუგალიური ტელეკომპანია SIC Noticias იუწყება, რომ ავარია ადგილობრივი დროით 18:05-ზე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ვაგონში კატასტროფის მომენტში.
თვითმხილველების თქმით, ვაგონმა მართვა დაკარგა და "უდიდესი ძალით“ შეეჯახა შენობას.

გაზეთი Observador სამაშველო სამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გახდა კონსტრუქციაში გადაჭრილი ფოლადის თოკი. ფუნიკულიორის ბოლო ტექნიკური შემოწმება 2024 წლის სექტემბერში ჩატარდა.
კომპანია Carris, რომელიც ლისაბონის ტროლეიბუსებსა და ფუნიკულიორებს მართავს, აცხადებს, რომ ფუნიკულიორის ძირითადი ტექნიკური შემოწმება ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება - ბოლოს შეამოწმეს 2022 წელს. შუალედური შემოწმება კი 2024-ში განხორციელდა. კომპანიამ თქვა, რომ საკუთარი გამოძიების დაწყებასაც აპირებს,, პოლიციის გამოძიების პარალელურად.
პორტუგალიის პრეზიდენტმა მარსელუ რებელუ დე სoუზამ მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა ოჯახების მიმართ.

სოლიდარობისა და მხარდაჭერის სიტყვებით გამოვიდნენ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის სპიკერი რობერტა მეცოლა.
ფუნიკულიორი "გლორია“ 1885 წელს ამოქმედდა, ხოლო 1915 წლისთვის სრულად ელექტრიფიცირდა. 2002 წლიდან ის პორტუგალიის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მისი სიგრძე 265 მეტრია, ხოლო აღმართის დახრა - 17%-ზე მეტი. ერთდროულად ფუნიკულიორზე 42 ადამიანის გადაყვანაა შესაძლებელი.
"გლორია“ 2018 წელსაც გადავიდა რელსებიდან, თუმცა იმჟამად არავინ დაშავებულა.